Accessibility links

მშობლიური ენის კვირეული


1999 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე გადაწყდა,

ყოველწლიურად, 21 თებერვალს, აღინიშნოს მშობლიური ენის დღე. იუნესკოს ამ გადაწყვეტილებას მაშინვე გამოეხმაურნენ ეგრეთ წოდებულ “მცირე ხალხთა” წარმომადგენლები: მათი ინიციატივით, მშობლიური ენის დღესასწაულები თებერვლის მიწურულს მსოფლიოში მთელი კვირის მანძილზე ეწყობა ხოლმე. სწორედ ამ დღესასწაულს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული “ოქროს საუკუნის” დღევანდელი პროგრამაც.


[ხმა. ბენგალური ენა]


ჩვენ ახლა ვისმენთ რომელიღაც ელექტრონული ფირმის რეკლამას ბენგალურ ენაზე. ზოგიერთი სკეპტიკოსის მოსაზრების მიუხედავად, გლობალიზაცია და ახალი ტექნოლოგიების ენა ადვილად შეიძლება “ითარგმნოს” უძველეს ენებზე. ამისათვის მხოლოდ სურვილი კმარა და, კიდევ, უძველესი ენების პატივისცემა და მათი შენარჩუნებისთვის მთელ მსოფლიოში საყოველთაო კამპანიის მოწყობა.


სწორედ ბენგალური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას მოითხოვდნენ 1952 წელს აღმოსავლეთ პაკისტანში სტუდენტები, რომელთაც ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ მშობლიური ენის დღისა და კვირეულის აღნიშვნის ინიციატორი გაეროში ბანგლადეშის დელეგაცია იყო.


80-იანი წლების მიწურულს ასეთივე ინიციატივით გამოსვლის უფლება საქართველოს დელეგაციასაც ექნებოდა, ჩვენი ქვეყანა იმხანად გაეროს წევრი რომ ყოფილიყო. თუმცა მშობლიური ენისთვის ბრძოლა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მშვიდობიანად დასრულდა, იმხანად ქუჩაში, კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად შენარჩუნების მოთხოვნით, გაცილებით მეტი ადამიანი გამოვიდა, ვიდრე 1952 წელს პაკისტანში. დოკუმენტურ ფილმში “კვალი ნათელი”, რომელიც ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების მოღვაწეობას ეძღვნება, იმდროინდელი პარტიული ფუნქციონერი ნელი გურგენიძე დეტალურად იხსენებს რა ხდებოდა ამ დროს უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში, როგორ მოითხოვდა ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე ხელისუფლებისგან გაეთვალისწინებინა ასი ათასამდე დემონსტრანტის მოთხოვნა:


[ნელი გურგენიძის ხმა] “გათენდა 14 აპრილი, უმაღლესი საბჭოს სესიის დღე. გაიხსნა სხდომა. ვხედავ, დარბაზში, პირველ რიგში, ზის ბატონი ნიკო და უსმენს ბატონ ედუარდ შევარდნაძის მოხსენებას. მთავრობის სახლის წინ, ქუჩაში, ახალგაზრდობის დიდი მასაა თავმოყრილი. ეზოში ჯავშანმანქანები, გაწვრთნილი პოლკი დგას. ხმაური დარბაზშიც გვესმის. ბატონი ნიკო ღელავს და გვიგზავნის ბარათებს: “ნუთუ არ გესმით ხალხის გუგუნი, გადავარჩინოთ ენა.” შევარდნაძე წყვეტს მოხსენებას. შესვენებაზე ბატონი ნიკო გავიდა და პირველი ჩადგა ახალგაზრდებთან... როცა ყველაფერი დამთავრდა, დაღლილი დაბრუნდა დარბაზში და შესძახა: “გადავრჩით, ხალხო!”


ყოფილ საბჭოთა კავშირში ენისა და კულტურის უნიფიკაცია ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა, რასაც 90-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემებიც ადასტურებს.

1926 წელს საბჭოთა კავშირში 194 ნაციას ითვლიდნენ, 70-იანი წლების მიწურულს ეს რიცხვი 101-მდე შემცირდა. თავდაპირველად ეგრეთ წოდებულ “მცირე ხალხებს” ენა წაართვეს, შექმნეს ყველა პირობა მათი ასიმილაციისთვის. საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეს პროცესი კვლავაც გრძელდება. ბელორუსიაში, მაგალითად, ბელორუსულ ენას, ფაქტობრივად, არავინ იყენებს სახელმწიფო დაწესებულებაში, ტელევიზიასა და რადიოში. არ არსებობს ბელორუსული ენის მხარდაჭერის პროგრამა და უკვე კეთდება პროგნოზები: თუკი ასე გაგრძელდა, ბელორუსული ენა 10 წელიწადში შეიძლება “მკვდარ ენად” გამოცხადდეს.


თუმცა მარტო ბელორუსულ ენას არ ემუქრება განადგურება. ლინგვისტები ამტკიცებენ, რომ შორეულ წარსულში სამყარო რვა ათასამდე ენას ითვლიდა. დღეს იმ 6000 ენიდან, რომელსაც მსოფლიოში ითვლიან, ნახევარზე მეტს განადგურების საშიშროება ემუქრება.


მთელ მსოფლიოში ლინგვისტური მრავალფეროვნების მიღწევა იუნესკოს მოღვაწეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ეგრეთ წოდებული “არამატერიალური მემკვიდრეობის” დაცვა მხოლოდ და მხოლოდ სალაპარაკო ენის თუ დამწერლობის შენარჩუნებას არ გულისხმობს. მშობლიური ენის დღესასწაულის ინიციატორები მოითხოვენ ყოველ წელს, თებერვლის მიწურულს, ადამიანები დაფიქრდნენ ტრადიციული და ხალხური მუსიკის ფორმათა მრავალფეროვნებაზე, ხალხური ცეკვისა და რიტუალების შენარჩუნებაზე და, რა თქმა უნდა, მშობლიურ ენაზე, რომელსაც გლობალიზაციის ეპოქაში განადგურების საშიშროება ემუქრება.


[კორსიკული მუსიკა კასეტაზე]


ეს უკვე კორსიკულ ენაზე შესრულებული სიმღერაა. პოლიფონიურობის თვალსაზრისით, ცოტა ქართულს ჰგავს არა? მაგრამ განა ბევრი რამ ვიცით ჩვენ კორსიკული ფოლკლორის შესახებ? მშობლიური ენის შენარჩუნების მსოფლიო დღის აღნიშვნის ინიციატორთა მიზანი კი სწორედ ეს იყო: სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ განსხვავებულ ენებს უამრავი რამ აერთიანებთ, ამიტომ ენას არ შეუძლია განადგურების საფრთხე შეუქმნას რომელიმე სხვა ენას, როცა სამყარო მრავალფეროვნების პატივისცემას ისწავლის.


“მრავალეროვანი საქართველო” – სწორედ ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს აერთიანებს. მისი წევრები – სომხები, აზერბაიჯანლები, იეზიდები, რუსები, ოსები - საქართველოს მოქალაქეები არიან, მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ქართულიც იციან. უფრო მეტიც, არნოლდ სტეფანიანი წუხს, რომ პარლამენტში, რომ აღარაფერი ვთქვათ მთელ ქვეყანაზე, არიან ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ქართული:

[არნოლდ სტეფანიანის ხმა] “საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ეთნიკურად არაქართველი, რომელიც ფლობს ქართულ ენას. რაც შეეხება პარლამენტს... იქ ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას. მე ვფიქრობ, რომ ოთხ წელიწადში შეიძლებოდა რაღაც კურსების გახსნა პარლამენტში... თუკი საქართველოში ცხოვრობს, უნდა ისწავლოს ქართული ენა, რათა ჰქონდეს საშუალება ილაპარაკოს მაინც, ან მოისმინოს, რა ხდება.”


განსაკუთრებით მძიმეა ვითარება საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებიც აზერბაიჯანლებითაა კომპაქტურად დასახლებული. ორგანიზაცია “მრავალფეროვანი საქართველოს” წევრის ემილია ხალილოვას აზრით, შეუძლებელია სახელმწიფო ენის ცოდნა მოვთხოვოთ გარემო სამყაროსგან მთლიანად იზოლირებულ ადამიანებს:


[ემილია ხალილოვას ხმა დისკზე “უმცირესობები”] “ორივე მხარის პრობლემაა ეს და ორივე მხარემ ერთნაირად უნდა იმუშაოს – ხელისუფლებამაც და იმ ხალხმაც, რომელიც აბსოლუტურად იზოლირებულია...ძალიან მცირე ნაწილია ჩართული იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში ხდება – ისინი კი ცხოვრობენ საქართველოში, კი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ მათ აქ სიტყვა არ უთქვამთ.”(სტილი დაცულია)


მშობლიური ენის დღის ინიციატორებს არ დაუკონკრეტებიათ, რას გულისხმობენ ისინი “მშობლიური ენის დაცვაში”... მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების უფლებას, ილაპარაკონ თავიანთ ენაზე, განავითარონ თავიანთი კულტურა, თუ სახელმწიფო ენის დაცვასაც? მრავალეროვან საქართველოში დღეს სახელმწიფო ენას უფრო აქვს პრობლემები, ვიდრე ეთნიკური უმცირესობების ენებს, და ამას თავად ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებიც ადასტურებენ, მაგალითად, ემილია ხალილოვა:


[ემილია ხალილოვას ხმა.] “თუ არ იცი ენა, თუ ცხოვრობ მხოლოდ სოფელში, სადაც შენ გარშემო არიან აზერბაიჯანელები, და ასეთი სოფლები საკმაოდ ბევრია, თუ არა გაქვს კონტაქტი ქართველებთან, არა გაქვს საშუალება უყურო ტელევიზიას, წაიკითხო ქართული გაზეთი, სად უნდა ისწავლოს ამ ადამიანმა ენა და რანაირად უნდა ჩაერთოს პროცესებში?”


მშობლიური ენის მსოფლიო დღე არა მარტო ენის შენარჩუნებას, არამედ ენის სწავლასაც გულისხმობს. ძველი ენები მხოლოდ მაშინ განვითარდებიან, როცა პროგრესი მცირე ხალხებისთვის სახიფათოდ არ აღიქმება, როცა სამყარო გაიაზრებს, რომ პროგრესი არაფერია, თუ ჩვენს პლანეტაზე მრავალფეროვნება დაიკარგება.
XS
SM
MD
LG