Accessibility links

logo-print

დღევანდელი ქართული გაზეთების მთავარ თემას კვლავაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე


დღევანდელი ქართული გაზეთების მთავარ თემას კვლავაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე წარმოადგენს. პრესა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვანო მერაბიშვილის პარლამენტში მისვლას.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრი იქ ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ - ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”დემოკრატიულმა ფრონტმა” - დაიბარა. დღევანდელი ”მთელი კვირა” წერს, რომ თუკი მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში არ მივა, ”ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ის საპროტესტო ტალღა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ გამოიწვია.”

”მერაბიშვილს ეტყობა, რომ ხუმრობის ხასიათზე ვეღარ არის, - წერს გაზეთი, - მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის ვერც გადაწყვეტილების მიღებას ბედავს დათა ახალაიას, ვასილ სანოძის, გურამ დონაძისა და იგორ მელნიკოვის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.” კვლავაც აქტუალურია შეკითხვა - რატომ ინარჩუნებენ თანამდებობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომელთა სახელებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსს გურამ დონაძეს, რომელსაც გირგვლიანის ოჯახი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად მიიჩნევს, დღევანდელი “მთელი კვირა” საგანგებო აბზაცს უთმობს: ”სხვათა შორის, დონაძისა და მისი ამფსონების თავხედობები დღემდე რომ დასჯილიყო, შსს-ს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს რომ არ შერჩენოდა ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტის იარაღით დაშინება, მრავალი ჟურნალისტის გინება და დატერორება, შესაძლოა, გირგვლიანი დღეს ცოცხალი ყოფილიყო.”

გაზეთი ”მთელი კვირა” ინტერესდება, თუ რატომ იცრუა დეპუტატმა ნინო კალანდაძემ, როდესაც თქვა, გირგვლიანის საქმე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს ჩამოერთვა და გამოსაძიებლად გენერალურ პროკურატურას გადაეცაო. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გადადგომის მოთხოვნა ამ ეტაპზე საფუძველს არის მოკლებული.

”როცა ქვეყანას საფრთხეს შსს უქმნის/ სისხლისმღვრელი გარჩევების ეპოქა ბრუნდება” - წერს გაზეთი ”ახალი ვერსია” და სამ გახმაურებულ ფაქტს თითქმის დეტალურად განიხილავს: 2005 წლის 26 თებერვალი - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ავტომანქანაში ჩაცხრილვა ვაკის აუზთან; 2005 წლის 15 ივლისი - თავდასხმა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე, 2006 წლის 29 იანვარი - 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ოქროყანის სასაფლაოზე.

”ქრონიკა” მკითხველს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სამ სკანდალურ ვერსიას სთავაზობს. ერთ-ერთი ვერსია ძებნილი უშიშროების მინისტრისა და აჭარის ყოფილი მაღალჩინოსნის ჩანაფიქრს უკავშირდება. ”ჯემალ გოგიტიძე ზომაზე მეტად და სახიფათოდ გააქტიურდა, - წერს გაზეთი, - მეტიც, იგი იმ იგორ გიორგაძის პარტიის ლიდერია, რომელსაც პროვოკაციების დაგეგმვაც ეხერხება, შეკვეთილი მკვლელობებისაც და ტერაქტებისაც”... სავსებით შესაძლებელია, რომ გიორგაძემ ”ძველი ”კაგებეშნიკური” მეთოდები გაიხსენა და პრეზიდენტის მეგობარ შს მინისტრს სწორედ უახლოესი სამეგობროს ”გაფუჭებით” დაარტყა.
XS
SM
MD
LG