Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აზარალებს ფრინველის გრიპი ტურიზმის ბიზნესს


საქართველოს პრეზიდენტმა 26 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ფრინველის გრიპის შემთხვევის გამოვლენის გამო, ხელვაჩაურის რაიონის

ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბრძანებულების მიხედვით, ვეტერინარულ-სანიტარულ ღონისძიებათა განხორციელებისა და დაავადების გავრცელების კერების ლიკვიდაციის მიზნით, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ფრინველისა და ფრინველის პროდუქტების ორგანიზებული ჩამორთმევა-განადგურება. მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით გამოსული ბრძანებულების მიხედვით, საგანგებო მდგომარეობა 2006 წლის 1 ოქტომბრამდეა გამოცხადებული. რა სახის პრობლემები შეუქმნა ფრინველის გრიპმა ადგილობრივ მოსახლეობას და როგორ აისახება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე?

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნების მომენტიდან მოქმედებს, პარლამენტი კი არაუგვიანეს 48 საათისა განიხილავს აღნიშნულ საკითხს, ანუ ამტკიცებს ან აუქმებს საგანგებო მდგომარეობას. „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტს ხელვაჩაურის რაონში საგანგებო მდგომარეობის შემოღების ფორმალური მიზეზი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა გიორგი გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ კარანტინი სულ სხვა რამის გამო გამოცხადდა:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „მე მგონია, რომ ეს გაკეთებულია სპეციალურად, რომ ფული არ გადაუხადონ ხალხს. საგანგებო სიტუაციის დროს, საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია კერძო საკუთრების „ამოღება“ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.“

გიორგი გაჩეჩილაძე კერძო საკუთრებაში გულისხმობს შინაურ ფრინველს, რომელსაც ვეტერინარები ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე ანადგურებენ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე მირიან დეკანოიძე არ უარყოფს, რომ მთავრობა ჯერჯერობით კომპენსაციას არ გასცემს:

[მირიან დეკანოიძის ხმა] „მე ვერ გეტყვით კომპენსაციებთან დაკავშირებით თუ მიდის ლაპარაკი საერთოდ... რა რაოდენობის ფრინველი ნადგურდება კერძო სექტორში, ამის დათვლაც საკმაოდ ძნელია, მაგრამ ფაქტია: გრიპის თავიდან აცილების მიზნით, რა მოთხოვნაც იქნება მთავრობის მხრიდან, აუცილებლად შესრულდება.“

შინაური ფრინველის განადგურებით, ძირითადად, სოფლად მცხოვრები ადამიანები ზარალდებიან, თუმცა გრიპის ვირუსმა და აჭარის ტერიტორიის ნაწილზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, შესაძლოა, დააფრთხოს პოტენციური დამსვენებელი, რომელსაც წლიდან წლამდე ასე ელიან საკურორტო ზონაში მცხოვრები ადამიანები.

[ქალბატონის ხმა] „წელს უფრო მეტ დამსვენებელს ველოდებით. მთელი მოსახლეობა ამ იმედით არის, რომ ზაფხულში ტურისტები ჩამოვლენ და ერთ-ორ კაპიკს ვიშოვით. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს მოლოდინი არ გამართლდეს.“

[ქალბატონის ხმა] „თუ ეს ავადმყოფობა გამძვინვარდა და რაღაც ზომები არ იქნა მიღებული, თუ საშიშროების ზონად დარჩა და ავადმყოფობამ ფესვები გაიდგა, მაშინ ლაპარაკიც არ უნდა, ცხადია, ყველას შეეშინდება და არავინ ჩამოვა. იმედია, ამას ავიცილებთ თავიდან.“

ბათუმელთა შიში უსაფუძვლო როდია, ამბობს ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ყუფარაძე, რომელიც ტურიზმის განვითარებისათვის შეუფერებელი ნეგატიური ფონის გადაფარვას მარკეტინგული აქტივობის გაზრდით აპირებს. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა: სულ ახლახან საქართველო სრულყოფილად იყო წარმოდგენილი სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე, სადაც აჭარის კურორტებს განსაკუთრებული რეკლამა გაუკეთდა.

[გიორგი ყუფარაძის ხმა] „მარტში, 8-დან 12-მდე, იმართება ბერლინში მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზრობა, სადაც აჭარაც იქნება წარმოდგენილი. 28 მარტს იხსნება კიევში ტურისტული ბაზრობა. იქაც ვიქნებით წარმოდგენილი და გავუწევთ აჭარას რეკლამას, შემდეგ 20 აპრილს არის ბაქოში გამოფენა, შემდეგ 27 აპრილს - ალმა-ატაში. მაისის პირველ დეკადაში კი სომხეთში ვაპირებთ სპეციალური ტურნეს მოწყობას. ერთი სიტყვით, აჭარის რეკლამირების ასეთი აქტიური პერიოდი გვიდგას.“

ტურიზმის დეპარტამენტში იმედს გამოთქვამენ, რომ ხელვაჩაურის რაონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელს ვერ შეუშლის ტურიზმის განვითარებას აჭარაში, სადაც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადის. თავად განსაჯეთ: 2004 წელთან შედარებით, 2005 წელს აჭარის კურორტებზე 50 პროცენტით მეტმა ტურისტმა დაისვენა. გამოფენებში მონაწილეობის გარდა, ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის დაწყებამდე ასევე აპირებს უცხოელი ჟურნალისტებისათვის პრეს-ტურების მოწყობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მეზობელ სომხეთზე, საიდანაც წელს აჭარაში, სულ ცოტა, 30-40 ათას დამსვენებელს ელიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG