Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა მინისტრის მოლოდინში ოპოზიციამ ორთქლი გამოუშვა


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მოთხოვნის მიუხედავად, 27 თებერვალს პარლამენტში არ მისულან არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც გენერალური პროკურორი.

დეპუტატთა შეკითხვებს ვანო მერაბიშვილი 28 თებერვალს სამთავრობო საათზე უპასუხებს. მანამდე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს ერთობლივი დადგენილება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სამი მაღალჩინოსნის გადაყენებას მოითხოვს, რომელთა სახელები გაერთიანებული ქართული ბანკის თანმშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. პარლამენტში ორშაბათს თავად შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზეც ლაპარაკობდნენ და პარალელს 2001 წლის ნოემბრის მოვლენებთან ავლებდნენ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზში საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, “დემოკრატიული ფრონტისა” და “ახალი მემარჯვენეების”, გაერთიანებულ სხდომაზე 27 თებერვალს ნემსიც ვერ ჩავარდებოდა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ამსახველი სატელევიზიო სიუჟეტის ჩვენებამ, რომელიც ერთი კვირის წინ ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებმა მოამზადეს, აუდიტორია ძალიან ააღელვა. მიკროფონთან მისული ოპოზიციონერი დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრისა და ხელისუფლების მისამართით საკმაოდ რადიკალურ განცხადებებს აკეთებდნენ. რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა მიხეილ სააკაშვილს მინისტრ მერაბიშვილის გადაყენება ურჩია:
[თინა ხიდაშელის ხმა]

მიუხედავად იმისა, რომ სხდომას არ ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი, პარლამენტარმა მამუკა კაციტაძემ, “ახალი მემარჯვენეებიდან”, მიიჩნია, რომ მინისტრი ივანე მერაბიშვილი სხდომას ფარული კამერით თვალს ადევნებს და ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრს პირდაპირი შეკითხვით მიმართა:

[მამუკა კაციტაძის ხმა]

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, აუდიტორიის შეკითხვებს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა წინასწარ მომზადებული საკმაოდ ლაკონიური პასუხები მიაგება.

[შოთა უტიაშვილის ხმა]

მას შემდეგ, რაც დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან სხვა საინტერესო შეკითხვაზე პასუხს ვერ მიიღებდნენ, სხდომა დაიხურა. სხდომაზე მიიღეს მიმართვა, რომელზეც ხელმოწერები შეგროვდება. მიმართვის ავტორები მოითხოვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მაღალჩინოსნის - დათა ახალაიას, ვასილ სანოძისა და გურამ დონაძის - თანამდებობიდან გათავისუფლებას და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გენერალური პროკურატურისათვის გადაცემას.
XS
SM
MD
LG