Accessibility links

logo-print

ჯორჯ ბუში ინდოეთსა და პაკსიტანს ესტუმრება


საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ თემებს შორის ბირთვული პროგრამა რჩება: მიმდინარე კვირაში ირანის დელეგაცია ჩავა მოსკოვში

და გააგრძელებს მოლაპარაკებას რუსეთის წინადადებაზე, ირანის ბირთვული პროგრამისთვის საჭირო ურანის სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე გამდიდრების შესახებ. ამ საკითხზე ირანმა და რუსეთმა 26-ს თებერვალს მიაღწიეს პრინციპულ შეთანხმებას, თუმცა მოლაპარაკება კიდევ უნდა გაგრძელდეს. და ასევე ბირთვული პროგრამაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც იმსჯელებენ ინდოეთში, იქ ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტისას. ბუში ხვალ ჩადის ინდოეთში, იქიდან კი პაკისტანში: სხვათა შორის, ორივე ქვეყანა ფლობს ატომურ იარაღს.

აშშ-ის მთავრობა ბოლო ხანს ინდოეთისაგან დაჟინებით მოითხოვს ბირთვული პროგრამის განცალკევებას სამხედრო და სამოქალაქო სფეროებად: დელის მოუწოდებს, სამოქალაქო ობიექტებად გამოაცხადოს ბირთვული ობიექტების უმეტესობა, რათა შესაძლებელი იყოს მათი შემოწმება უცხოელი ექსპერტების მიერ. ინდოეთი კი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირიქით, ორივე სფეროს მჭიდრო ინტეგრაციას და ამით თავს არიდებს ბირთვული ობიექტების შემოწმებას უცხოელების მიერ.

ბოლო ხანს, როგორც ჩანს, მხარეების პოზიციები მაინც დაახლოვდა, რაზეც ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ბუშის მრჩეველ სტივენ ჰედლის შემდეგი განცხადებაც მიუთითებს: [სტივენ ჰედლის ხმა] “ჩვენ ცხადია გვსურს - და ინდოეთშიც სურთ - ჯორჯ ბუშის ამ ვიზიტით სარგებლობა და ბირთვული პროგრამის ორ სფეროდ განცალკევებაზე შეთანხმება. ჩემი აზრით, ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია რიგიანი შეთანხმების დადება, რომელიც კარგი იქნება ინდოეთისთვის, კარგი იქნება შეერთებული შტატებისათვის და მისაღები იქნება ჩვენი კონგრესისთვის (...) ეს არის ჩვენი მიზანი. თუ ამაზე შეთანხმებას მოვასწრებთ ბუშის ინდოეთში ვიზიტისთვის, ხომ კარგი, თუ არა და - განვაგრძობთ მოლაპარაკებას ვიზიტის შემდეგ”.

ბირთვული პროგრამა, როგორც ინდოეთის, ან ირანის შემთხვევაში დასტურდება, ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ჯორჯ ბუშს ინდოეთსა და პაკისტანში ვიზიტისას კიდევ ერთ, არანაკლებ რთულ საკითხზე მოუწევს საუბარი: ეს არის ქაშმირი - რეგიონი, რომლის გარშემო უთანხმოების გამოც ორჯერ იფეთქა ომმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის.

პაკისტანის ტელევიზიამ კვირას აჩვენა ინტერვიუ, რომელშიც ჯორჯ ბუშმა ოპტიმისტურად შეაფასა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ამ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკება. [ჯორჯ ბუშის ხმა] “როგორც პაკისტანის პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან საუბრების დროს პოზიციის გარკვეული ცვლილება შევამჩნიე. მე ვისარგებლებ ჩემი ვიზიტით, რათა პაკისტანის ხელისუფლებას მოვუწოდო ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობის გაგრძელებისაკენ იმის გათვალისწინებით, რომ მისი მოგვარება შესაძლებელია”.

ვაშინგტონში განთავსებული ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი, სტივენ კოენი აღნიშნავს, რომ პაკისტანი მიესალმება ქაშმირის საკითხის მოგვარებაში შეერთებული შტატების გააქტიურებას, მაშინ როცა ინდოეთი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უცხო მხარის ჩარევას. [სტივენ კოენის ხმა] “ინდოეთის სტრატეგიაა, ჯერ ერთი, პაკისტანელების იგნორირება და მეორე - ქაშმირის საკუთარი ნაწილის მოსახლეობასთან მოლაპარაკება ისე, რომ პაკისტანის პოზიცია უმნიშვნელო გახდეს”.

დაბოლოს, ერთი ვარაუდი, რომელსაც ამერიკელი ექსპერტი გამოთქვამს ინდოეთსა და პაკისტანში ჯორჯ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით: პრეზიდენტი, როგორც სპორტის დიდი გულშემატკივარი, პაკისტანში ვიზიტისას კრიკეტის მატჩს დაესწრება და ქების სიტყვებს არ დაიშურებს “სპორტული დიპლომატიის” მისამართით: კრიკეტი ხომ ინდოეთშიც და პაკისტანშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ორი ქვეყნის გუნდების შერკინება მოედანზე ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას - ყოველ შემთხვევაში, ოპტიმისტური შეფასებით.
XS
SM
MD
LG