Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელი სერბიას ულტიმატუმს უყენებს


ორშაბათს, 27 თებერვალს, ევროკავშირმა სერბიას ერთგვარი

ულტიმატუმი წაუყენა: ან რატკო მლადიჩის და რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრება, ან ევროკავშირთან არსებული ურთიერთობის გაფუჭების რისკი. ბრიუსელში შეკრებილ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კავშირის გაფართოების კომისარმა ოლი რენმა განუცხადა, რომ ბელგრადი საერთაშორისო ტრიბუნალთან საკმარისად არ თანამშრომლობს. ევროკავშირის მხრიდან სერბიასთან მიმართებით შემუშავებულ პირობებში ტრიბუნალთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ძირითადია. ამავე დროს, არსებობს მოსაზრება, რომ ევროკავშირი სერბიას ადვილად ვერ ”დაკარგავს”. ამ საკითხებს ეძღვნება ”ახალი ევროპის” დღევანდელი გამოშვება.

ორშაბათს, 27 თებერვალს, ევროკავშირმა ერთგვარი დილემის განხილვა კიდევ ერთი თვით გადადო. საქმე ეხება სერბიას, რომელსაც ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება სურს, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაკლებად არის მონდომებული ძებნილი სამხედრო დამნაშავეები დააკავოს და ისინი საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცეს.

ძებნილებს - რადოვან კარაჯიჩს და რატკო მლადიჩს -საერთაშორისო ტრიბუნალი 1992-95 წლებში მიმდინარე ბოსნია-ჰერცეგოვინის ომში გენოციდის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისა და ომის კანონების დარღვევის ბრალდებებს უყენებს.

ევროკავშირის მორიგი ხელმძღვანელობის სახელით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურსულა პლასნიკმა განაცხადა, რომ 27 თებერვლის შეხვედრით სერბიას მკაფიო მესიჯი გაეგზავნა - ასე გაგრძელება აღარ შეიძლება:
[პლასნიკის ხმა] ”ჩვენ სერბიას ძალიან მკაფიო, მოკლე მესიჯი გავუგზავნეთ საერთაშორისო ტრიბუნალთან სრულად თანმშრომლობის აუცილებლობის შესახებ. ამ მესიჯს დღევანდელ და სამეულის შეხვედრების განმავლობაში ჩვენს სერბ კოლეგას, ვუკ დრაშკოვიჩს, გავუგზავნით.”

პლასნიკის თქმით, ევროკავშირი სერბიისგან ”ხელშესახებ და მნიშვნელოვან” პროგრესს ელის.

ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ოლი რენმა ევროკავშირის მიერ სერბიისთვის წაყენებული ”სრულად თანამშრომლობის” მოთხოვნა ასე განმარტა:

[რენის ხმა] ”სრულად თანამშრომლობა გულისხმობს, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოწმეების და დოკუმენტების მიწოდების კუთხით, საკუთარ უშიშროების სტრუქტურებს და სხვა ინსტიტუტებს უნდა რეალურად დაავალოს ყველა ძებნილის დაკავება და ამისათვის, ზოგადად, ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს.”

ოლი რენის თქმით, სერბიამ დაუყოვნებლივ უნდა დააკავოს და ჰააგას გადასცეს ყველა დარჩენილი ძებნილი - პირველ რიგში, რატკო მლადიჩი. რენის კიდევ ერთი განცხადების თანახმად, აუცილებელია ევროკავშირი დარწმუნდეს, რომ სერბიის სამხედრო და უშიშროების ძალები სამოქალაქო კონტროლს ექვემდებარებიან.

თუ სერბია საერთაშორისო ტრიბუნალთან სრულად არ ითანამშრომლებს, სტაბილურობის და თანამშრომლობის შეთანხმებაზე ევროკავშირსა და სერბიას შორის მიმდინარე მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, რომელიც 4-5 აპრილს არის დანიშნული, აღარ გაიმართება.

ეს მოლაპარაკება ოქტომბერში დაიწყო და, წესით, ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. მისი დასრულება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრობის რეალური კანდიდატები გახდნენ.

მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ. ამისათვის კომისარ რენის ინიციატივაა საჭირო.
როგორც რადიო “თავისუფლებამ” ევროკავშირში მომუშავე პირისგან შეიტყო, ევროკავშირს სერბიაზე ზეწოლის მოხდენის თხოვნით ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ მიმართა. ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ სერბია ტრიბუნალთან არ თანამშრომლობს.

თუმცა წარსულში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისევე როგორც ევროპის კომისიას, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ამ საკითხთან მიმართებით ევროკავშირი გადაწყვეტილებებს მხოლოდ დამოუკიდებლად იღებს.

ცნობილია, რომ გერმანია სერბიასთან ღია კონფრონტაციას ერიდება. 27 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, კოლეგებს განუცხადა, რომ ევროკავშირი სერბიას ”ვერ დაკარგავს”.

როგორც შტაინმაიერმა ჟურნალისტებს უთხრა, ხუთშაბათს ის თავად აპირებს ბელგრადში ჩასვლას:

[შტაინმაიერის ხმა] ”ხუთშაბათს მე თვითონ ჩავალ სერბიაში და ხაზგასმით აღვნიშნავ, ერთი მხრივ, ჩვენს მზადყოფნას, განვაგრძოთ მოლაპარაკება სტაბილიზაციის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისთვის და, მეორე მხრივ, სერბიის მთავრობის სურვილს ითანამშრომლოს საერთაშორისო ტრიბუნალთან.”

კარლა დელ პონტეს მოთხოვნამ სერბიის მიმართ დამოკიდებულების გამკაცრების შესახებ, სხვა ქვეყნებთან ერთად, ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში მოიპოვა მხარდაჭერა. ეს ორი ქვეყანა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით საერთაშორისო ტრიბუნალის მოთხოვნებს თითქმის ყოველთვის უჭერდა მხარს. ბრიტანეთის და ჰოლანდიის წარმომადგენლები წინააღმდეგობას უწევდნენ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ხორვატიასთან მოლაპარაკების დაწყებას მანამ, სანამ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილ, ძებნილ ანტე გოტოვინას არ დააკავებდნენ. გოტოვინა 2005 წლის დეკემბერში დააკავეს და ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ სტროუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ სერბია ახლაც არ ითანამშრომლებს საერთაშორისო ტრიბუნალთან, მაშინ მოლაპარაკებები მთლიანად შეწყდება. თუმცა 27 თებერვალს შემდგარ შეხვედრაზე ბრიტანეთმა გადაწყვიტა, ეს საკითხი წინ არ წამოეწია. საკუთრივ შეხვედრაზე სტროუ სიტყვით საერთოდ არ გამოსულა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG