Accessibility links

logo-print

პარლამენტმა პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა - ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს


ხელვაჩაურის რაიონში, ფრინველის გრიპის გამოვლენის გამო, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

ეპიზოოტიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა #173 ბრძანებულება, რომლის თანახმადაც რაიონის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ოქტომბრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კანონის მიხედვით, პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის სავალდებულოა საქართველოს პარლამენტის თანხმობა. დეპუტატებმა დაიცვეს კონსტიტუციით განსაზღვრული 48 საათიანი ვადა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭი უყარეს. ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა. რატომ არის ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინააღმდეგი?
[ნინო ბურჯანაძის ხმა] „კენჭი ეყრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ... გთხოვთ ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი... გმადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია...“
გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცებამდე, ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა იმის ახსნა სცადეს, თუ რატომ არ არის სასურველი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, შიშობს, რომ ხელისუფლება შექმნილ ვითარებას პოლიტიკური პროცესის შესაცვლელად გამოიყენებს:
[მამუკა კაციტაძის ხმა] „საგანგებო მდგომარეობის დროს არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რასაც კანონი ითვალისწინებს - მათ შორის, შეზღუდვა, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული. და თუ ოქტომბრის ბოლომდე გამოცხადდა აჭარაში არჩევნები, საგანგებო მდგომარეობის დროს კი მისი დანიშვნა არ შეიძლება და მისი მოხსნიდან მხოლოდ 45 დღეში შეიძლება არჩევნების ჩატარება... ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ, ფაქტობრივად, წელს ჩვენ აჭარაში ადგილობრივი არჩევნები არ გვექნება. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი და კითხვა: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხომ არ ემსახურება ამ პოლიტიკურ მიზანსაც?“(სტილი დაცულია)
მამუკა კაციტაძის ყოფილი თანაფრაქციელი ზურაბ ტყემალაძე კი არ არის საგანგებო მდგომარეობის შემოღების წინააღმდეგი. ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე მხარს უჭერს როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ასევე რაიონის მთელ ტერიტორიაზე ცოცხალი ფრინველის მოსპობას, ოღონდ ერთი პირობით:
[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „მეორე და აუცილებელი საკითხია ფრინველის მეპატრონეებისათვის კომპენსაციის გაცემა ყოველ მიზეზ გარეშე.“

ოპოზიციონერი დეპუტატები შიშობენ, რომ ხელისუფლება ისარგებლებს საგანგებო მდგომარეობით და ხელვაჩაურის რაიონში მცხოვრებ ადამიანებს შინაური ფრინველის განადგურებით მიყენებულ ზარალს არ აუნაზღაურებს. ოპოზიციის ეჭვებს უსაფუძვლოს უწოდებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „აქ არ არის ლაპარაკი ფრინველის უსასყიდლო განადგურებაზე, აუცილებლად გაიცემა კომპენსაცია. თურქეთშიც ანალოგიურად მოხდა კერძო საკუთრების ამოღება-განადგურება და კომპენსაციის გაცემა. თუ არ ვცდები, თურქეთში ერთ დოლარს იხდიდნენ კომპენსაციის სახით... მართალია, ეს არ არის ზარალის შესაბამისი თანხა, მაგრამ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ბევრისთვის მისაღები იქნება.“

დეპუტატის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ყველა შემთხვევაში როდი ხდება არჩევნების გადადების მიზეზი. პავლე კუბლაშვილის გარდა, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ლევან ბეჟაშვილსაც ვთხოვე.

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „აქ განსხვავება ის არის კლასიკური საგანგებო მდგომარეობისგან, რომ არ ხდება მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა. მოქალაქეს რჩება საარჩევნო, გაფიცვის და სხვა სახის უფლებები. უკავშირდება მხოლოდ ეპიდემიისა და ეპიზოოტიების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ ღონისძიებებს.“ (სტილი დაცულია)

თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საგანგებო მდგომარეობა დათქმულ ვადაზე ადრე, პირველ ოქტომბრამდე, გაუქმდეს. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, რომ, მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში, პრეზიდენტი აუცილებლად გამოსცემს ახალ ბრძანებულებას, რომელსაც პარლამენტი მეტი ერთსულოვნებით დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG