Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მერაბიშვილი სცილასა და ქარიბდას შორის” - ასეთი სათაურის სტატიას დღევანდელი


”მერაბიშვილი სცილასა და ქარიბდას შორის” - ასეთი სათაურის სტატიას დღევანდელი “24 საათი” ბეჭდავს. ”სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტმა უკვე მიიღო

განსაკუთრებული პოლიტიკური შეფერილობა, - წერს გაზეთი. - ამ ფაქტის გახსნაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - პირველ რიგში კი, იმის გარკვევა, თუ როგორი ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ”. “24 საათი” აღნიშნავს, რომ გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკველობა ”პოლიტიკური სპეკულაციებისთვის მეტად მსუყე ლუკმა აღმოჩნდა”, ხოლო ”შინაგან საქმეთა მინისტრი პირველად მაშინ შეცდა, როდესაც ამ ფაქტზე თავიდანვე არ მოახდინა რეაგირება.”

დღევანდელი პრესა საგანგებოდ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ორშაბათს ოპოზიციური ფრაქციების ერთობლივ სხდომაზე არ მივიდა. სხდომა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის მიღებას ისახავდა მიზნად, ”საბოლოოდ, პოლიტიკური განცხადებების კეთებასთან ერთად, კითხვების შეგროვებასა და დაკონკრეტებას მიეძღვნა. ” 24 საათის” შეფასებით, ”ეს ერთგვარი პრაქტიკული მეცადინეობა საპარლამენტო ოპოზიციისთვის სწორედაც რომ სასარგებლო გახლდათ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლის წინა დღეს. თორემ ორიოდე დღის წინ ვანო მერაბიშვილისთვის მათ მიერ გაგზავნილი კითხვარი სულ სამ შეკითხვას შეიცავდა და ისიც ისეთებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მერაბიშვილის მიერ სხდომაზე წარგზავნილმა წარმომადგენელმა, მოკლე ფრაზების გამოყენებით, ისე შეძლო, რომ საოქმო ტერმინოლოგიას არ გასცილებია.”

”რეზონანსი” იტყობინება, რომ, ”სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებაში მორიგი საკადრო ცვლილებები, უფრო სწორად, მორიგი კარუსელი იგეგმება. შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრად ისევ ირაკლი ოქრუაშვილს აბრუნებენ... ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი პარლამენტისთვის ირაკლი ალასანიას კანდიდატურის შეთავაზებას აპირებს”. გაზეთი მიიჩნევს, რომ ”ამით პრეზიდენტი სააკაშვილი ერთბაშად რამდენიმე პრობლემის გადაჭრას აპირებს. ამერიკელები ირაკლი ოქრუაშვილის აგრესიულ განცხადებებს ”დიდი ხანია ეჭვის თვალით უყურებენ”, ხოლო ”ირაკლი ალასანია კარგი რეპუტაციით სარგებლობს როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.”

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო ”სკანდალში გახვეულ” შინაგან საქმეთა მინისტრს, ”რეზონანსის” აზრით, ”მართალია, ყველაზე ლოგიკური ამ სიტუაციაში მერაბიშვილის გადადგომა ანდა პრეზიდენტის მიერ თანამდებობიდან გადაყენება იქნებოდა, მაგრამ, კულუარული ინფორმაციით, მისი ”დასჯა” უშიშროების საბჭოს მდივნობით არის დაგეგმილი. კოტე კემულარია ამ დროისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ მოვალეობას ვერ ასრულებს. მოგვიანებით კი მისთვის თანამდებობა, ალბათ, გამოიძებნება,” - ვარაუდობს გაზეთი ”რეზონანსი”.

”ქათმის გრიპიდან ”მამალი” დიქტატურისკენ?!” - კითხვისა და ძახილის ნიშნებით დაბოლოებული ეს წინადადება დღევანდელ ”ალიაში” გამოქვეყნებული სტატიის სათაურია. სტატიის მთავარი თემაა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც, ფრინველის გრიპის შემთხვევის აღმოჩენის გამო, ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გულისხმობს. გაზეთი წერს, რომ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის საკმაოდ ღირებული უფლებების შეზღუდვა შეუძლია. ”ალია” ასახელებს: საკუთრების ჩამორთმევას, არასანქცირებულ სატელეფონო მოსმენას, გადაადგილების შეზღუდვას, მასმედიის ცენზურას, ინფორმაციის დაბლოკვასა და მანიფესტაცია-გაფიცვების აკრძალვას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG