Accessibility links

logo-print

ერაყში გრძელდება ძალადობა შიიტებსა და სუნიტებს შორის


ერთი კვირა გავიდა მას მერე, რაც ერაყის ქალაქ სამარაში შიიტური მეჩეთის აფეთქებას ძალადობის ახალი ტალღა მოჰყვა შიიტებსა და სუნიტებს შორის.

დაიღუპა 400-მდე ადამიანი. უკანასკნელ დღეებში კრიზისმა იკლო, მას მერე, რაც ძალადობის შეწყვეტის მოწოდებებით გამოვიდნენ რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები. მაგრამ ვითარების ნორმალიზაციაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.

ოთხშაბათს დღის პირველ ნახევარში ბაღდადში ორმა აფეთქებამ 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პირველი ტერაქტი ძირითადად შიიტებით დასახლებულ უბანში მოხდა. დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

რამდენიმე საათის შემდეგ მანქანის ქვეშ ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, როცა პოლიციის პატრულმა ჩაიარა. დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

გასულ კვირაში სამარაში მომხდარმა აფეთქებამ შიიტებსა და სუნიტებს შორის ანგარიშსწორების ახალ სერიას მისცა დასაბამი.

განსაკუთრებით სისხლიანი აღმოჩნდა სამშაბათი, როცა ბაღდადსა და ერაყის ზოგიერთ რაიონში 60 ადამიანი დაიღუპა.

ერთ-ერთი აფეთქება მოხდა ბაღდადის ცენტრში, კარადას რაიონში მდებარე ხალხმრავალ ქუჩაზე.

მომხდარს ესწრებოდა ჰაიდერ მოჰამადი, რომელმაც რეიტერის სააგენტოს უთხრა:

[მოჰამადის ხმა] "ბაღდადის ალ-ჯადიდას რაიონში მუშების ბირჟაზე მივიდა კაცი 'დეიუს' მარკის ლურჯი მანქანით და მუშები ითხოვა. თქვა, რომ რაღაც სამუშაო აქვს და მუშები სჭირდება. როცა ხელი ჯიბეში ჩაიყო, დიდი აფეთქება მოხდა. ჩვენ ვგმობთ ამ აქციას."

ქალაქის სხვა რაიონში, ალ-ამენში, რომელსაც ნიუ ბაღდადსაც უწოდებენ, ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა ბენზინის გასამართ სადგურზე მომხდარმა აფექებამ.
ფირას ჰასან ილიივი შეესწრო ამ აფეთქებას. მისი თქმით, იგი თვითმკვლელმა მოაწყო.

[ილივის ხმა] "აფეთქდა კაცი, რომელსაც ასაფეთქებელი ქამარი ან კანისტრაში დამალული ბომბი ჰქონდა და ხალხი დაიღუპა. თუკი მთავრობას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაშინ გადადგეს. საკმარისად ვიტანჯეთ. აქეთ ხელი აგდია და იქით ფეხი. რატომ ვართ ასეთ დღეში? შიიტები რომ ვართ, იმიტომ? ჩვენი დანაშაული ისაა, რომ შიიტები ვართ."

სამშაბათს ერთ-ერთი აფეთქება მოხდა პატარა მეჩეთში თიქრითში, სადამ ჰუსეინის მამის საფლავზე. ეს ფაქტი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ სწორედ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში მოხდა სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირების გაღრმავება.

ჰუსეინის ხელისუფლება სუნიტ უმცირესობას ემყარებოდა და ერაყელი შიიტების რეპრესიაში გამოიხატებოდა.

შიიტებისთვის სადამ ჰუსეინი დღემდე რჩება მტრის ხატად, მრავალი სუნიტი კი მას გმირად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ დემოკრატიამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყანაში სუნიტების ძალაუფლება.

ვაშინგტონი ამ რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირებაში სერიზულ პრობლემას ხედავს.

ოთხშაბათს ერაყის პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯააფარიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს მოლაპარაკებებს ახალი ეროვნული ერთიანობის მთავრობის შესაქმნელად. ალ-ჯააფარის თქმით, მთავრობაში ფართო პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG