Accessibility links

logo-print

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის შეთანხმება გაფორმდა


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტი არასრული ორი წლის წინ, „არასაპატიმრო სასჯელთა

აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, შეიქმნა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანია მსჯავრდებულთა გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის ხელის შეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან 2006 წლის 1 მარტს გააფორმა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 8 ათასამდე პრობაციონერს დასაქმებისა და ახალი პროფესიების ათვისების საშუალება მიეცემა.

შეთანხმებას ხელი საპატრიარქოში, ცოცხლად შესრულებული მრავალჟამიერის ფონზე, იუსტიციის მინისტრმა და კათალიკოს- პატრიარქმა მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, მხარეები,
პრობაციონერთა რესოციალიზაციის მიზნით, განახორციელებენ ერთობლივ პროგრამებსა და პროექტებს, მოაწყობენ სემინარებს, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს. კათალიკოს-პატრიარქის თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებში რელიგიური უფლებების რეალიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნას.

[ილია მეორის ხმა] „ დოკუმენტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიასა და იუსტიციის სამინისტროს აქვს ერთი ხედვა, ერთი გეზი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თანამშრომლობით და თანადგომით.“
თანადგომა კი, როგორც იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ალექსანდრე არაყიშვილი ამბობს, 8 ათასმდე პრობაციონერსა და არაპატიმარ მსჯავრდებულს ესაჭიროება. როგორც ირკვევა, მათი საშუალო ასაკი 25-30 წელია, თუმცა არიან მცირეწლოვანებიც.

[ალექსანდრე არაყიშვილის ხმა] „საქართველოს ეკლესია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პრობაციონერებმა დაიწყონ საქმიანობა ეკლესია-მონასტრების მშენებლობაზე, შეიქმნას ცალკეული პატარა სახელოსნოები, სადაც საპატრიარქოს ზედამხედველობის ქვეშ ეს ხალხი შეიძენს ცოდნას, გამოცდილებას და საპრობაციო ვადის დასრულების შემდეგ მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ ახალი ცოდნითა და ხელობით შეიარაღებულები გავიდნენ საზოგადოების ასპარეზზე და დაიწყონ იქ საქმიანობა.“
თუმცა საზოგადოებაში დაბრუნების ნაცვლად, პრობაციონერები, ანუ ადამიანები, რომლებიც პირობით სასჯელს იხდიან, პრეზიდენტის ცნობილი გამოსვლის შემდეგ, შესაძლოა, სულ სხვა ადგილას აღმოჩნდნენ:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ. მე შემომაქვს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს: ბინის ძარცვაზე, ჯიბგირობაზე, ნარკოტიკების შენახვაზე მთლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი სასჯელი. არანაირი პირობითი სასჯელი, ყველა ციხეში, ვინც ეს გააკეთა!“ (სტილი დაცულია)
ცხადია, ლოზუნგები „ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ“ და „ყველანი ციხეში“ იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე რეფორმასა და პრობაციის დეპარტამენტის არსებობას საფრთხეს უქმნის, თუმცა, როგორც პარლამენტის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, შესაძლოა, პრეზიდენტმა აღნიშნული ლოზუნგები ერთადერთი მიზნით - საზოგადოების გულის მოსაგებად წამოაყენა:
[დავით ზურაბიშვილის ხმა] „ისეთ წინააღმდეგობებს შეხვდება, რომ შეუძლებელი იქნება ამის განხორციელება. ამას წინათ ექვსი წლის ბავშვი დააპატიმრეს... უნდა იცოდნენ, როცა ქარს დათესავ, ქარიშხალს მოიმკი. თუ უნდა კანონიერების კულტურის დამკვიდრება, მაშინ სულ სხვა მეთოდებია საჭირო და არა ის, რასაც ეძახიან ნულოვან ტოლერანტულობას“.
შეთანხმებით, რომელსაც ხელი პირველ მარტს მოეწერა, იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დახმარების ხელს უწვდიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც არასაპატიმრო სასჯელს იხდიან. დასაქმების შემთხვევაში ამ ადამიანებს, როგორც იუსტიციის მინისტრი გიორგი ქავთარაძე ამბობს, თავისა და ოჯახის რჩენის საშუალება მიეცემათ:
[გიორგი ქავთარაძის ხმა] „ყველა საქმიანობისთვის ადამიანმა, რასაკვირველია, ანაზღაურება უნდა მიიღოს. ეს გათვალისწინებულია ამ ხელშეკრულებითაც.“
XS
SM
MD
LG