Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საგადასახადო კოდექსის 280 მუხლიდან 150 შეიძლება შეიცვალოს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280 მუხლიდან 150 შეიძლება გადაიხედოს. ასეთი გახლავთ ახალი საგადასახადო კოდექსის სრულყოფის მიზნით შექმნილი ექსპრეტთა

ჯგუფის ოთხთვიანი მუშაობის შედეგი. საკმაოდ წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი თავის ნამუშევარს დღეიდან ოფიციალურად გამოაქვეყნებს და მისი საჯარო განხილვა დაიწყება. მანამდე კი ექსპერტებმა ცვლილებების ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია გამართეს, რომლის შესახებაც მინდა დღეს გესაუბროთ.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ახალი საგადასახადო კოდექსის სრულყოფის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ოთხთვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გამართა. საინტერესოა, რომ, მომზადებული პაკეტის თანახმად, ცვლილებები მოქმედი კოდექსის 280 მუხლიდან დიდ ნაწილს, 150 მუხლს, შეიძლება შეეხოს. ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის ფუნქციონირების ერთწლიანმა პერიოდმა მასში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა დაადასტურა.
უმეტესად, ასეთი აუცილებლობა განპირობებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში წარმოშობილი ახალი რეალობებით, ზოგიერთ შემთხვევაში - ახალი კოდექსის ტექსტის ფორმირებისას დაშვებული შეცდომებით.

ამ შეცდომების შესახებ ჯერ კიდევ კოდექსის მიღებამდე გამოითქმებოდა მოსაზრებები, თუმცა მაშინ არც აღმასრულებელმა და არც საკანონმდებლო ხელისუფლებამ ამ შენიშვნებს ყური არ ათხოვა და ახალი საგადასახადო კოდექსი აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე პროგრესულ და ლიბერალურ დოკუმენტად აღიარა. ექსპერტებსა და ბიზნესმენებს 6 თვეზე მეტი დასჭირდათ იმის მისაღწევად, რომ ხელისუფლება რაიმენაირ დიალოგზე დაეთანხმებინათ და მთავარი ფისკალური კანონის რევიზია მომხდარიყო. საბოლოოდ, ამგვარი დიალოგის ნიშნები ოთხი თვის წინ გამოიკვეთა, რაც ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ისაკაძეს უკვე სერიოზულ პროგრესად მიაჩნდა.

[გიორგი ისაკაძის ხმა]”ჩვენ დავინახეთ მზადყოფნა, რომ დღეს უკვე ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნება არის.”(სტილი დაცულია)

საგადასახადო კოდექსის სრულყოფის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესმენთა და ეკონომიკურ ექსპერტთა წარმომადგენლები შევიდნენ. მუშაობის ოთხი თვის თავზე კი მათ კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების საკმაოდ სქელტანიანი პაკეტი დადეს. აღნიშნული ცვლილებები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დავით ნარმანია ფიქრობს, რომ წარმოდგენილი პროექტი საგადასახადო კოდექსის მექანიკური ჩასწორება არ არის, როგორც ეს ადრე მოქმედ კოდექსთან დაკავშირებით ხდებოდა ხოლმე, არამედ სერიოზული ნამუშევარია:

[დავით ნარმანიას ხმა] ”საკმაოდ დიდი პაკეტია ცვლილებების, რომელიც შეეხება არა მარტო ზოგადი ხასიათის მოსაზრებებს და მიმართულებებს, არამედ საუბარია ზოგიერთი ნაწილის ძირეულ გადახედვაზე, ზოგიერთი ტექნიკური ხასიათის და ორგანიზაციული ხასიათის საკითხების მოწესრიგებასა და სრულყოფაზე და შეეხება კონკრეტულ გადასახადებსაც, მაგალითად დღგ-ს, აქციზის ნაწილს, ადმინისტრირების გაუმჯობესების ნაწილს და ა.შ.” (სტილი დაცულია)

ექსპერტები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირებას შეეხება და გადამხდელსა და ფისკალურ ორგანოებს შორის დავის გადაწყვეტის, ჯარიმების, ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებისა და გადასახადის გადამხდელისათვის კოდექსის დებულებების თაობაზე განმარტებებისა და მითითებების მიცემის საკითხებს შეეხება. ავტორები ფიქრობენ, რომ განსახილველად წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმესა და სახელმწიფოს შორის სამართლიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG