Accessibility links

logo-print

რამდენად ამართლებს გაერო საქართველოს თუნდაც მცირე მოლოდინს


გასული წლის ნოემბერში საქართველოს მოულოდნელად გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი ეწვია.

”საქართველოს უნდა ჰქონდეს გაეროს იმედიო,” თქვა მან მაშინ, თუმცა ნათქვამს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმედი საქართველოსთვის მაინცდამაინც არ გაუმყარებია. საქართველოს მხარე დიდი ხანია იმედგაცრუებულია აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის წარუმატებლობის გამო. ეს იმედგაცრუება საქართველოს პრეზიდენტმა ღიად გამოხატა 2005 წლის ნოემბერში თბილისში გაეროს გენერალურ მდივანთან პირისპირ შეხვედრისას. ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანს ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრიც შეხვდა. ამ შეხვედრიდან გამომდინარე, არის თუ არა რაიმე სიახლე წარუმატებელი სამშვიდობო პროცესისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოკიდებულებაში?

გაეროს გენერალური მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით მოეკიდება კონფლიქტური რეგიონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ხაზს უსვამს გაეროს მნიშვნელობას ქართულ -აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში. გავრცელებული ცნობებით, კოფი ანანმა ეს თქვა ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრისას. იმედის გამოთქმა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით მოეკიდება პარლამენტის გადაწყვეტილებას, თბილისში საკითხისადმი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფრთხილი დამოკიდებულების მორიგ გამოხატულებად მიიჩნიეს. ასე აღიქვა ეს პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმაც:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”გაეროს ასეთი ფრთხილი პოზიცია გასაგებია. კოფი ანანს შეუძლია ბევრი რამის თქმა, მაგრამ კარგად იცის, რომ რუსეთი ხელწამოსაკრავი არ არის, რომ რუსეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი და ასეთ პირობებში პრობლემებთან არის დაკავშირებული წინ წაწევა, რამის გაკეთება. ”

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი რომ, მართლაც, სერიოზულ პრობლემებს ქმნის სამშვიდობო პროცესში წინ წასაწევად, ეს ცოტა ხნის წინ, იანვრის ბოლოს, დადასტურდა, როცა, რუსეთის მოთხოვნით, გაეროს სამშვიდობო მისიას აფხაზეთში მანდატი, 6 თვის ნაცვლად, მხოლოდ 2 თვით გაუგრძელდა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიმდინარე ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენელმა ღიად განაცხადა: “შეუძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც უარყოფს აფხაზთა მხარეო”. ნათქვამში ბოდენის ცნობილი დოკუმენტი იგულისხმებოდა.
რუსეთის პოზიციის გამო უშიშროების საბჭო მაშინ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მისაღები რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა.

იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიას მანდატი ეწურება, მათთვის მანდატის გაგრძელების საკითხს გაეროს უშიშროების საბჭო უახლოეს დღეებში განიხილავს. კოფი ანანთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა გალის რაიონში ქართველთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და ამ რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა მოითხოვა. მოთხოვნა ახალი არ ყოფილა. გალის რაიონის ქართული მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაეროს გენერალურ მდივანს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული წლის ნოემბერში თბილისში გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა. კოფი ანანის პასუხი ამ შეხვედრაზე წამოჭრილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ასეთი იყო:

[კოფის ანანის ხმა] ”ძალისხმევას არ დავიშურებთ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად შევეცდებით მოვძებნოთ გზები პრობლემის გადასაწყვეტად, მაგრამ უმთავრესია ყოველმა მხარემ პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, დაიცვას ადამიანის ღირსება; ამასთან ერთად, ყველამ უნდა აღიაროს კანონის უზენაესობა და დაიცვას კანონი. კანონის დაცვის გარეშე წარმატებებს ვერ მივაღწევთ. ”

წარმატებები გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ჯერჯერობით არ ჩანს. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ პოლიტიკაში იკვეთება აფხაზეთის კონფლიქტში რუსეთის მხარედ აღიარების მცდელობა. პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მცდელობა სამშვიდობო პროცესიდან რუსეთის გამოთიშვასა და, ამავდროულად, გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლაზეა ორიენტირებული. თუმცა ალექსანდრე რონდელს არ ჰგონია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მცდელობა შედეგს მალე გამოიღებს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”გაეროსთან დაკავშირებით რაც ხდება, ყოველთვის არის ძალიან ნელი და ნაკლებად ეფექტიანი ჩვენთვის, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი მუდმივმოქმედი წევრია.”
XS
SM
MD
LG