Accessibility links

ხელისუფლება საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციას იწყებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა საბაჟო ტარიფების გამარტივებასა და შემცირებას იწყებს.

კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა "საბაჟო მოსაკრებლის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რაც იმპორტის საგადასახადო მოსაკრებელს მნიშვნელოვნად ამცირებს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ დასაწყისია იმ პოლიტიკის, რომელიც საბაჟო ტარიფების საერთოდ ანულირებას ითვალისწინებს.

ამ პოლიტიკის შესახებ განაცხადი გასული წლის ბოლოს ჯერ პრეზიდენტმა გააკეთა, ხოლო დეტალები შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ დააზუსტა:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] „ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გაამარტივოს თავისი საბაჟო ტარიფები. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში შევიდეთ ჯერ მთავრობაში, შემდეგ კი პარლამენტში ახალი განაკვეთების სისტემით, რომელიც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს ყველა მეწარმეს თავისი გადასახადების ტვირთს, იმიტომ რომ კონკრეტულად შემცირდება ნედლეულსა და მანქანა-დანადგარებზე საბაჟო გადასახადი და მნიშვნელოვანი ნაწილი მათ შორის განულდება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი მწარმოებლისათვის.“

პირველი ასეთი პაკეტი მთავრობამ, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტრომ გასულ წელს შეიტანა საკანონმდებლო ხელისუფლებაში და მას პარლამენტმა უკვე ამ კვირას უყარა კენჭი. ”საბაჟო მოსაკრებლების შესახებ კანონში” შესული ცვლილებებით, ფიზიკური პირების მიერ 3,000 ლარამდე ღირებულების საქონლის საბაჟოზე გადატანა მოსაკრებლისაგან განთავისუფლდება, ხოლო ანალოგიური ღირებულების საქონლის შემოტანისას ერთ დეკლარაციაზე განაკვეთი 5 ევროს ეკვივალენტი იქნება. რაც შეეხება 3,000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გადაადგილებისას საბაჟო მოსაკრებელს, ის ერთ დეკლარაციაზე 60 ევრო გახდება.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იმპორტიორი 2,000 ლარამდე ღირებულების ტვირთზე 50 ლარის ოდენობის მოსაკრებელს, 2,000 ლარზე მეტი ღირებულების ტვირთის იმპორტირებისას კი ღირებულების 0,2 პროცენტს იხდიდა.

ეს ცვლილებები განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის იქნება მოსახერხებელი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საბაჟო მოსაკრებლების შემცირებით ტვირთბრუნვას გაზრდის და, რაც მთავარია, არალეგალურ ექსპორტ-იმპორტს შეამცირებს.

საბაჟო მოსაკრებლების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით დაიწყო იმ საკანონმდებლო ინიციატივების რეალიზაცია, რომელთა შემუშავებასაც მთავრობის ეკონომიკური ბლოკი წელს გეგმავს. პრეზიდენტის დაპირებით, ინიციატივები სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციას, საბოლოოდ კი, საბაჟო ტარიფების ”განულებას” ითვალისწინებს. ამით მთავრობა ცდილობს საქართველო, სავაჭრო აქტივობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და მიმზიდველ სახელმწიფოდ აქციოს რეგიონში. მიზანი, მართლაც, მაცდუნებელია, თუმცა ბევრს ის მეტისმეტად ავანტიურისტულად ეჩვენება. ამასთან, მაშინ როდესაც ქვეყანაში წარმოებული და შემდეგ ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობა უმნიშვნელოა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ნახევარზე მეტი იმპორტის დაბეგვრით არის მიღებული, საბაჟო ტარიფების შემცირება, შემდეგ კი მისი საერთოდ გაუქმება, შესაძლოა, მართლაც, სარისკო ნაბიჯი იყოს. სხვათა შორის, ამის შესახებ თავად პრეზიდენტიც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს დაახლოებით 80 მილიონიანი თავდაპირველი დანაკარგი ექნება. ოპონენტები კი გაცილებით მეტ თანხას ასახელებენ.

ეკონომიკური ექსპერტი დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციას ფისკალური დანაკარგები, როგორც წესი, თან ახლავს, თუმცა, ეკონომიკური აქტივობის ზრდის გამო, გრძელვადიან პერსპექტივაში ის მაინც მომგებიანი პოლიტიკაა:

[დავით ნარმანიას ხმა] ”აქ საუბარია იმაზე, რომ სასწორზე დევს დანაკარგი ბიუჯეტისათვის, რომელიც, საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე, უნდა ანაზღაურდეს იმით, რომ გაიზრდება საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული საქონლის ოდენობა და ამ საქონლის განბაჟების შედეგად მიღებული თანხები, ანუ ერთი წლის, წელიწად-ნახევრის მანძილზე შეიძლება წამგებიანი იყოს, მაგრამ გრძელვადიანი პერიოდისთვის იქნება, გარკვეულწილად, მომგებიანი, რადგან მოხდება ტარიფების ლიბერალიზაცია და ბაზარზე უფრო ადვილად შეაღწევს ეს საქონელი.”

მიუხედავად იმისა, რომ ტარიფების შემცირება შეიცავს რეალურ ფისკალურ რისკს და ამას არც ხელისუფლება მალავს, მთავრობამ საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ეტაპობრივი ლიბერალიზაცია უკვე დაიწყო.
XS
SM
MD
LG