Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე თემა, რომელსაც ამ კვირასი უცხოეთს პრესა შეეხო


უცხოეთის პრესის გამორჩეული ყურადღება ბოლო დღეებში დაიმსახურა

ბირთვულ პროგრამაზე შეერთებული შტატებისა და ინდოეთის შეთანხმებამ, რომელსაც ბევრი, მათ შორის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად მიიჩნევს. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიის სფეროში და მხარეებმა მას მიაღწიეს 2 მარტს, დელიში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტისას.

ამ მოვლენაზე პრესის გამოხმაურების მიმოხილვას მარიამ ჭიაურელი იწყებს ნაწყვეტით კომენტარიდან, რომელსაც თურქეთის გაზეთი “მილიეთი” ბეჭდავს.

“როგორ უნდა აიხსნას ის, რომ შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, წაახალისოს ინდოეთის ბირთვული პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას არასოდეს მოუხდენია ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების რატიფიცირება? იმავდროულად ამერიკა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ხელი შეუშალოს ირანის ატომური პროგრამის გაგრძელებას. არადა, თეირანმა ამ ხელშეკრულებას წლების წინ მოაწერა ხელი და ირწმუნება, რომ ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისათვის იყენებს. ერთი შეხედვით ამერიკის პოზიცია წინააღმდეგობრივია, ორმაგ სტანდარტებზეც კი შეიძლება ლაპარაკი”.

ვკითხულობთ თურქეთის გაზეთ მილიეთში. შეერთებული შტატების დედაქალაქში გამომავალი “ვაშინგტონ პოსტი” კი წერს:

“ბუშის მთავრობას არგუმენტად მოჰყავს ის, რომ ინდოეთი გამონაკლისია: ჯერ ერთი, არასოდეს მოუწერია ხელი ბირთვული გაუვრეცელბლობის ხელშეკრულებაზე და ამით განსხვავდება ჩრდილოეთკორეის, ირანისა და ატომური ბომბის სხვა პოტენციური შემქმნელებისგან. მეორე მხრივ, ინდოეთი ნდობას იმსახურებს როგორც ატომური იარაღის მფლობელი, რომელმაც უარი თქვა, სამხედრო ნოუ-ჰაუს სხვებისთვის მიყიდვაზე. ამით ინდოეთი განსხვავდება თუნდაც პაკისტანისაგან. ბუშის მთავრობის ეს არგუმენტები გონივრულია, მაგრამ პრაქტიკაში დიდ სარგებელს ვერ მოიტანს, თუ დანარჩენი მსოფლიო მათ ყურს არ დაუგდებს”.

წერს ვაშინგტონ პოსტი. და კიდევ ერთი კომენტარი ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში შეერთებული შტატებისა და ინდოეთის თანამშრომლობის საკითხზე, რომელსაც პარიზში გამომავალი გაზეთი ლიბერასიონი ბედჭავს:

“ინდოეთთან ამ ისტორიული შეთანხმების ხელმოწერით, ჯორჯ ბუშმა ორი კურდღელი დაიჭირა. მიზნად არის დასახული 21ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული გადატრიალების დაბალანსება. ინდოეთს აქვს ის კოზირები, ჩინეთს რომ აქვს: მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, განვითარებისაკენ სწრაფვა, ტექნიკური შესაძლებლობები და ძალიან ძველი ცივილიზაციის ბუნებრივი ამბიციები - ყოველივე ამან ინდოეთი, შესაძლოა რამდენიმე ათწლეულში, ეკონომიკური სიძლიერით მსოფლიოში მესამე სახელმწიფო გახადოს. მაგრამ ინდოეთს იმავდროულად აქვს კოზირები, რომლებიც ჩინეთს არ გააჩნია: სამოქალაქო თავისუფლებები, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული ტრადიცია, დეცენტრალიზებული სისტემა და ფართო საშუალო ფენა, რომელიც ღიაა დანარჩენი მსოფლიოსთვის - განსაკუთრებით, ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის”.

“ლიბერასიონიდან” აღებული ამ ციტატის შემდეგ, თემას შევცლვით: რომში გამომავალი “რეპუბლიკა” კომენტარს უკეთებს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას 1968ა წლის მოვლენებზე - კერძოდ, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა და მოკავშირე ჯარების შეჭრას ე.წ.ი პრაღის გაზაფხულის ჩასახშობად. პუტინს ამ საკითხზე პოზიციის გამოხატვა მოუხდა პრაღაში რამდენიმე დღის წინანდელ ვიზიტთან დაკავშირებით. “რეპუბლიკა” წერს:

“პრაღაში შეჭრიდან 38ი წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინი უცებ აღიარებს, რომ 1968ა წლის აგვისტოს დრამატული მოვლენებისათვის პასუხისმგებლობა რუს ერს ეკისრება. კარგი იქნებოდა, მოსკოვი შეუდგეს თვალის გასწორებას ძალადობისათვის, რომლითაც კომუნისტური რუსეთი შეიჭრა ცივილიზებულ ცენტრალურ ევროპაში - ბერლინიდან პოზნანამდე, ბუდაპეშტიდან პრაღამდე - თავისი რეჟიმის დასამყარებლად. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ მოსკოვი მართლაც იწყებდეს დანაშაულის აღიარებასა და მონანიებას. ძნელი დასაჯერებელია, პუტინის გუნდში იყვნენ ადამიანები, ვისაც საბჭოთა კავშირის დანაშაულისა და პასუხისმგებლობის აღიარება სურს. ამ ადამიანებს სულ სხვა სადარდებელი აქვთ: მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია, რომელიც (კრემლის გარდა) ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუციას უმნიშვნელო ბუტაფორიად აქცევს”.
XS
SM
MD
LG