Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ბარამიძე: ნატოს მონიტორინგის ჯგუფს ხელისუფლება ოპტიმიზმით ელოდება


6 მარტიდან საქართველოში ჩამოვა ნატოს შეფასების მისია,

რომელიც სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან, არასამთვარობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებთან. საქართველოში სამდღიანი მუშაობის შემდეგ მონიტორინგის ჯგუფი მოამზადებს დასკვნას, რომლის საფუძველზეც ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმსახურებს თუ არა საქართველო ჩართული იქნეს გაწევრიანების პროცესში. იმის დასადგენად, თუ რა მოლიდინით ხვდება საქართველოს ხელისუფლება ნატოს ექსპერტებს, მე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და რამდენიმე ქართველ ექსპერტს ვესაუბრე.

ნატოს შეფასებითი მისიის ჩამოსვლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ენერგიული ნაბიჯი გადადგა ე.წ. “აი-პა-პი”-ს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის თანამშრომლობით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. დამტკიცდა ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, უსაფრთხოების კონცეფცია, დაიხურა ე.წ. “თავდაცვის ფონდი”, თბილისსა და ბათუმში შეიქმნა ნატოს შესახებ საინფორმაციო ოფისები, სადაც, სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით, ყოველკვირეული რეგულარული შეხვედრები იმართება. ამ ცენტრის კოორდინატორი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ოპტიმიზმი - მოიპოვოს ალიანსის წევრობის კანდიდატის სტატუსი - სულაც არ არის გადაჭარბებული:

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] “აქამდე რაც იყო შეფასებები, ყველა იყო ოპტიმისტური. ცოტა ხნის წინ გაიმართა უსაფრთხოების შესახებ ფორუმი, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით, სადაც ასევე ძალიან ოპტიმისტური განცხადებები გაკეთდა.”

ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამის შესრულების პირველ შეფასებას კარგად იცნობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო სწავლებათა საქართველოს ფონდის ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი. რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს “აი-პა-პი”-თ ნაკისრი ბევრი ვალდებულება ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “ისინი ფიქრობენ, რომ თუკი აღებული ტემპი საკმარისად განვითარდება, ნატოს ექნება საფუძველი იფიქროს საქართველოს გაწევრიანებაზე. მაგრამ ეს ყველაფერი ითქვა უამრავი “თუ”-ს გამოყენებით. უმცირესი შეფერხებაც კი ამ პროცესში ვადებს, როგორც მინიმუმ, გადააადგილებს.”

ერთ-ერთი სერიოზული შენიშვნა შეეხებოდა ე.წ. “თავდაცვით ფონდს”, რომელიც შემოწირულობებით ივსებოდა და ხმარდებოდა შეიარაღებული ძალების გადაიარაღებას, მაგრამ რომელშიც აკუმულირებული თანხების ხარჯვის კანონიერება დიდ ეჭვებს იწვევდა ქართველ და უცხოელ ექსპერტებში. თუმცა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ეს დაბრკოლება უკვე აღარ არსებობს:

[გიორგი ბარამიძის ხმა] ‘შენიშვნები ყბადაღებულ ფონდთან იყო დაკავშირებული. მთელი რიგი შესყიდვებისა შეეხებოდა შეიარაღებას და ამიტომ, ბუნებრივია, არ იყო საჯარო. ეს ფონდი ამ წლის დასაწყისიდან დახურულია და თავდაცვის სამინისტრო ნატოს სტანდარტების მიხედვით ფინანსდება.”

არაუგვიანეს ზაფხულისა, საქართველოს მთავრობაში დასრულდება მუშაობა სტრატეგიული შეფასების დოკუმენტზე, რაც ნატოს ერთ-ერთი მოთხოვნაა. დოკუმენტში გაიწერება სამხედრო ძალების დღევანდელი მდგომარეობა და მისი განვითარების საშუალო და მოკლევადიანი გეგმები. გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ამტკიცებს, ერთ არსებით საკითხში საქართველომ ზოგიერთ ნატოს წევრ ქვეყანასაც კი აჯობა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი და ეს მთელ რიგ ნატოს წევრ ქვეყნებს არა აქვთ მოგვარებული. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს მოსაგვარებელი პრობლემები, მაგრამ ნატოს ექსპერტებს უკვირთ, თუ რამდენად სწრაფი ტემპით წარიმართა საქართველომ რეფორმები.”

აღსანიშნავია, რომ ნატოს შეფასების ჯგუფი საქართველოში ჩამოდის იმ ფონზე, როდესაც უკიდურესად არის გამწვავებული ვითარება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, დროებით შეწყვეტილია მოლაპარაკება რუსეთსა და თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გეგმაზე, რასაც საქართველოს ასევე ავალდებულებს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამა. თუმცა, როგორც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვარაუდობს, ალიანსის მონიტორინგის ჯგუფი გაყინული კონფლიქტების გამო საქართველოს არადამაკმაყოფილებელ ნიშანს არ დაუწერს:

[გიორგი ბარამიძის ხმა] “ამ შემთხვევაში ჩვენი ცნობილი მოწინააღმდეგე ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავდა. შეინარჩუნებდა საქართველოში ამ პრობლემას და დაბლოკავდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.”

ნატოს შეფასების ჯგუფი საქართველოში მომავალი კვირის ბოლომდე დარჩება. თუ მათი დასკვნითი დოკუმენტი საქართველოსათვის დადებითი აღმოჩნდება, მაშინ, ქართველი ექსპერტების ვარაუდით, საქართველო ავტომატურ რეჟიმში ჩაერთვება გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG