Accessibility links

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის საკითხს განიხილავენ


დღეს ვენაში გაიხსნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეხვედრა, რომელზეც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსჯელობენ.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, მოჰამად ელ-ბარადეიმ განაცხადა, ჯერჯერობით არსებობს შესაძლებლობა, ირანის საკითხი არ გადაეცეს გაეროს უშიშროების საბჭოს. იგი გამოვიდა მოწოდებით, რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 35 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ვენაში შეიკრიბნენ იმის გასარკვევად, გადაეცეს თუ არა ირანის საკითხი უშიშროების საბჭოს, რომელიც შემდეგ თეირანის მიმართ დამსჯელ ზომებს მიიღებს.

ელ-ბარადეის თქმით, ჯერჯერობით შეიძლება ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღწევა.

[ბარადეის ხმა] "როგორც ნახეთ, პრობლემად რჩება ცენტრიფუგებთან დაკავშირებული გამოკვლევები. ეს საკითხი კვლავ განიხილება ამ კვირაში და ჯერჯერობით ძალიან ვიმედოვნებ, რომ დაახლოებით მომავალ კვირაში მიღწეულ იქნება შეთანხმება."

ვენის შეხვედრაზე განიხილავენ სააგენტოს უკანასკნელ ანგარიშს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე, რომელიც გასულ კვირაში გადაეცა სააგენტოს საბჭოს. მასში ნათქვამია, რომ სამი წლის ძალისხმევის მიუხედავად, კვლავაც გაურკვეველი რჩება პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები.

ელ-ბარადეის თქმით, იგი უშიშროების საბჭოს გადასცემს თავის საკუთარ ანგარიშს ზემოხსენებულ ანგარიშთან ერთად. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უშიშროების საბჭო, ეს დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებების პროცესი.

მისი სიტყვებით, ირანთან კონფრონტაცია კონტრპროდუქტიული იქნება და ვერ შეძლებს პრობლემის სტაბილურად მოგვარებას.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საბჭომ თებერვლის დამდეგს ხმა მისცა ირანის საკითხის უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას მას მერე, რაც თეირანმა ნაწილობრივ განაახლა ურანის გამდიდრების პროცესი.

მაგრამ ირანი კვლავაც არ იხევს უკან და გამომწვევად იქცევა. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, ირანის დელეგაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ვენის შეხვედრაზე ირანთან დაკავშირებით არ იქნება მიღებული ახალი რეზოლუცია.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეცვლის კურსს ბირთვულ სფეროში და არ დაჰყვება ზეწოლას.

5 მარტს ბირთვულ საკითხებში ირანის მაღალი რანგის წარომადგენელმა ალი ლარიჯანიმ თქვა, რომ ბირთვულ სფეროში გამოკვლევებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის. მისი თქმით, ირანზე ზეწოლა თავად დასავლეთს შეუქმნის პრობლემებს.

[ლარიჯანის ხმა] "თუკი ირანის ბირთვული გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა, ურანის გამდიდრება განახლდება."

ვაშინგტონი და ლონდონი თეირანს ბრალს სდებენ, რომ იგი საიდუმლოდ მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე. ირანის ხელისუფლება კეტეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ისახავს.

ვენაში შეხვდერა რამდენიმე დღეს გასტანს.

XS
SM
MD
LG