Accessibility links

logo-print

დღევანდელ ბიბლიოთეკაში ერთდროულად რამდენიმე წიგნს წარმოგიდგენთ. უფრო ზუსტად, ვილაპარაკებთ ზოგიერთი


დავით პაიჭაძე, თბილისი დღევანდელ ბიბლიოთეკაში ერთდროულად რამდენიმე წიგნს წარმოგიდგენთ. უფრო ზუსტად, ვილაპარაკებთ ზოგიერთი ქართული გამომცემლობის უახლეს და

პერსპექტიულ პროდუქციაზე. დავით პაიჭაძე ფიქრობს და ცდილობს თქვენც დაგარწმუნოთ, რომ მალე საგულისხმო სიახლეებთან მოგიწევთ შეხვედრა. მოუსმინეთ და თავად განსაჯეთ.

გია ქარჩხაძის გამომცემლობას ინფორმირებული მკითხველი იცნობს, როგორც უპირატესად საბავშვო წიგნების მიმწოდებელს, თუმცა ის გამოსცემს მხატვრულ და საცნობარო ლიტერატურასაც. ის თანამშრომლობს ამ მიმართულებით ცნობილ ბრიტანულ გამომცემლობებთან: ოქსფორდ იუნივერსითი პრესთან, კინგფიშერ ფაბლიქეიშენსა და ასბორნ ფაბლიშინგთან. შარშან ქართული ბაზრისათვის სარეკორდო დროში, სამ კვირაში, გაიყიდა გია ქარჩხაძის გამომცემლობის ჯერჯერობით, ალბათ, ყველაზე წარმატებული პროექტი - მსოფლიოს მითოლოგია, რომელიც 1000 ტირაჟით გამოვიდა. გია ქარჩხაძემ მითხრა, რომ ახლა იმეორებს ამ გამოცემას და ორ-სამ კვირაში ჰონკონგში დაბეჭდილი მსოფლიო მითოლოგია ისევ გამოჩნდება წიგნის თაროებზე.

გაზაფხულზე გამოვა ოქსფორდის სამეცნიერო ენციკლოპედია, რომელზეც გამომცემლობა წელიწადზე მეტია მუშაობს. გია ქარჩხაძე ამბობს, რომ წიგნი განკუთვნილია 10 წლისა და უფროსი სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის და შეიცავს ინფორმაციას

[ქარჩხაძის ხმა] “მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესახებ, ასტრონომიით დაწყებული, გეოლოგიით ან მათემატიკით დამთავრებული. თუ არ ჩავთვლით ჰუმანიტარულ მეცნიერებებს - ისტორიასა და ლინგვისტიკას, აქ შედის ყველა დანარჩენი დარგი, რასაც ჩვენში ტექნიკურ დარგებს ეძახიან.”

საგამომცემლო სეზონი გაზაფხულზე იწყება და ჩვენი, გამომცემლების, პირველი სამიზნეა წიგნის დღე, რომელიც, ტრადიციულად, 23 აპრილს აღინიშნება, - მეუბნება გია ქარჩხაძე. სწორედ წიგნის დღეს გამოჩნდება ოქსფორდ იუნივერსითი პრესის კიდევ ერთი ქართული გამოცემა:

[ქარჩხაძის ხმა] ”ეს არის საბავშვო მსოფლიო ატლასი. ესაა, ძირითადად, კარტოგრაფიული ტიპის, რუკებიანი ატლასი, პლუს სტატისტიკა და უამრავი ინფორმაცია. განკუთვნილია დაახლოებით იმავე ასაკობრივი ჯგუფისთვის, 9 წლიდან და ზემოთ.”

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც გია ქარჩხაძის გამომცემლობა უახლოეს კვირაში გამოუშვებს ბაზარზე, ასევე ქართულად თარგმნილი, ოღონდ მხატვრული ლიტერატურაა, რომელმაც უკვე მიიღო ანდერსენის ლიტერატურული პრემია:

[ქარჩხაძის ხმა] ”არის თანამედროვე ინგლისელი ავტორი, ედვინ ჩემბერსი. წიგნს ჰქვია ”ჯეკობ ტოდი”, მთავარი პერსონაჟის სახელი. საკმაოდ ვრცელი, სათინეიჯერო და არცთუ მთლად სათინეიჯერო რომანია.”

ცოტა შორეულ მომავალში, ასე ორი თვის შემდეგ, გია ქარჩხაძე აპირებს დასტამბოს თავისი მამის, ჯემალ ქარჩხაძის, მოთხრობათა სრული კრებული. მაისში ჯემალ ქარჩხაძეს 70 წელი შეუსრულდებოდა. მისი მოთხრობები სრულად, ერთი კრებულის სახით, აქამდე არ გამოცემულა. გია ქარჩხაძის თქმით, ეს დაახლოებით 600-გვერდიანი წიგნი იქნება.

ახლა კი სხვა რიგის გამომცემლობაზე გავაგრძელებ სიტყვას: ”არტანუჯი”, ძირითადად, საისტორიო ხასიათის ლიტერატურას გამოსცემს, უპირატესად გამოკვლევებს და ცდილობს ამოავსოს ნაპრალები, რომელიც შეიძლება შენიშნო ქართულ საისტორიო მეცნიერებაში. ”არტანუჯის” დამფუძნებელი ბუბა კუდავა უახლოესი მომავლის ერთ ნაშრომს მისახელებს, ივანე ლიქოკელის წიგნს, ”ხევსურები და ქაქუცა”,

[კუდავას ხმა] ”რომელიც ეხება ნაკლებად შესწავლილ ისტორიას. ეს არის 1922 წლის ხევსურეთის აჯანყების პერიპეტიები და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მონაწილეობა მასში. წიგნი, გარდა იმისა, რომ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით არის ეს საკითხი შესწავლილი, მნიშვნელოვანია ახალი მასალითაც - ესაა ადამიანთა გადმოცემები, რომლებიც ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ ხევსურეთში და პირადად ან მამა-პაპათა გადმოცემით ახსოვთ მაშინდელი ამბები.”(სტილი დაცულია)

ბუბა კუდავა ლაპარაკობს რამდენიმე სერიაზე, რომელიც “არტანუჯმა” დააარსა. მათში ყველაზე ახალია სერია ”საქართველო-სომხეთი”, რომლის ერთ-ერთ წიგნია

[კუდავას ხმა] ”გურამ მაისურაძის ნაშრომი ”საქართველო-სომხეთის ურთიერთობები. ის იკვლევს, ძველი პერიოდიდან დღემდე როგორ აისახა საქართველო-სომხეთის ურთიერთობები ქართულ და სომხურ ისტორიოგრაფიაში.”

არსებობს კოლხური სერია, რომლითაც უკვე გამოვიდა ”2000 ლაზური სიტყვა”. მომდევნი წიგნი შეიცავს ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელ აკაკი ჭანტურიას მიერ გასული საუკუნის 20-30 წლებში შედგენილ სამეგრელოში გავრცელებული გვარ-სახელების ნუსხას. ის აქამდე არ გამოუციათ. კოლხური სერია ბეჭდავს გურამ კარტოზიას ლაზურ და მეგრულ ტექსტებს და თეა კალანდიას ლაზურ ტექსტებს - ორივეს პწკარედული თარგმანით. წიგნები შეიცავს როგორც ენობრივ, ისე ისტორიული მნიშვნელობის მასალასაც, რომელშიც მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ტრაგიზმია აღბეჭდილი.

ბუბა კუდავა ახსენებს, ჩემი აზრით, ერთ უჩვეულო წიგნს, რომელსაც მალე იხილავს მკითხველი.

[კუდავას ხმა] ”ეს არის თურქეთში მოღვაწე ქართველი მწერლის, ფაჰრედდინ ჩილოღლუს, მოთხრობები. საქმე ისაა, რომ თურქეთში მოღვაწე ქარველ მწერლებს მშობლიურ ენაზე განათლება არ მიუღიათ, უჭირთ სალიტერატურო ქართულით წერა და, ძირითადად, წერენ თურქულ ენაზე. ფაჰრედდინ ჩილოღლუ გახლავთ გამორჩეული მოღვაწე, რომელსაც გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულები, ქართველ მწერალთა თარგმანები, ავტორია თურქულ ენაზე შესრულებული ადაპტირებული დედაენისა. ესაა დამხმარე სახელმძღვანელო თურქულენოვანი ბავშვებისათვის ქარული ენის შესასწავლად.”

ბუბა კუდავას თქმით, ამ წიგნის გამოცემა ერთგვარი ჟესტია ფაჰრედდინ ჩილოღლუს მიმართ, რომელიც არ არის განებივრებული ყურადღებით საქართველოდან. წიგნს მეორე სახელი ეწერება - ფარნა ჭილაძე. ჭილაძე მწერლის ისტორიული გვარია, ხოლო ფარნა თავად დაირქვა ქართული გამოცემისათვის.

ჩვენი რუბრიკის მესამე სტუმარია კახა დავითური, პირველი ელექტრონული გამომცემლობის დამფუძნებელი. ვინც ქართულ ელექტრონულ გამოცემებს ადევნებს თვალს, მას ახსოვს კომპაქტ დისკებზე ჩაწერილი გალაკტიონის, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ლადო ასათიანის ტექსტები, ქართული ფოლკლორი, რომელთაც ახლდა მუსიკალური თუ ვიზუალური მასალა. ამჯერად კახა დავითური ქართული ჰაგიოგრაფიის ტექსტების ელექტრონულ ვერსიებს ამზადებს. ისინი სკოლის მოსწავლეებისათვის იქნება გამიზნული და ერთ თვეში გამოვა. წესით, უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლა და ჰაგიოგრაფია ერთად ნიშნავს ”შუშანიკის წამებასა” და ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას”. ტექსტს დამწყები მსახიობები კითხულობენ. კახა დავითურმა ასე განმარტა თავისი გადაწყვეტილება:

[დავითურის ხმა] ”პირველ რიგში, გაადვილების მიზნით მინდა ამის გაკეთება ბავშვებისათვის. მე მაინც მგონია, რომ ბავშვისთვის აუდიოვარიანტი, შესაძლოა, უკეთესი იყოს.”

მაგრამ მთავარი სიახლე პირველ ელექტრონულ გამომცემლობაში სულ სხვაგვარი გახლავთ. ჯერ ერთი, ის არ არის ელექტრონული ფორმატის. მეორეც, მასთან დაკავშირებულია კაცი თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან, რომელმაც უკვე არაერთი ნოვაცია შემოიტანა ამ ლიტერატურაში.

[დავითურის ხმა] ”ახლა ვამზადებთ ძალიან საინტერესო მოსწავლის პორტფოლიოს, რომლის, ასე ვთქვათ, ლიბრეტოც აკა მორჩილაძემ შექმნა. ეს იქნება ინტერაქტიური დღიური, ფერადი, ლამაზი წიგნი. დაახლოებით ერთ თვეში გამოვა. ეს არის წიგნი-პიესა, თანდართული დღიურის ელემენტებით, საცნობარო მასალებით. ბავშვმაც უნდა შეავსოს მისი ნაწილი, რათა ეს რომანი თუ პიესა შედგეს. ბავშვის მონაწილეობა აუცილებელია. აკა მორჩილაძეს ეხერხება ინტერაქტიურად ჩახლართული ტექსტების გაკეთება. რომანს თავისი პერსონაჟები ჰყავს, კარგი კომიქსებია გაკეთებული, კარგი ფერებით და ა.შ და ა.შ.”

კახა დავითურის ”და ასე შემდეგ” გულისხმობს გამომცემლის სურვილს, ბავშვებმა დღიურის გასრულების შემდეგაც შეინარჩუნონ მასთან კავშირი. საამისოდ დღიურში პერსონაჟების ელექტრონული მისამართები იქნება მოცემული და თუ ბავშვები მათ წერილებს გაუგზავნიან, პასუხსაც მიიღებენ. კახა დავითური ამბობს, რომ ზოგ პერსონაჟს პროტოტიპი ჰყავს და ამოცნობაც შესაძლებელია. ფაქტობრივად, გამოდის, რომ დღიურის თითოეული მფლობელი აკა მორჩილაძის ”თანაავტორი” გახდება და რა ტირაჟითაც გამოვა ეს პორტფოლიო, პოტენციურად იმდენ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ტექსტს მივიღებთ.
დღეს ამით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. თუ გახსოვთ, აქ ჩამოთვლილ ყველა გამოცემას, უახლოესი ორი თვის მანძილზე იხილავთ.
XS
SM
MD
LG