Accessibility links

logo-print

ნატოს შეფასების მისიის პირველი დღე საქართველოში


საქართველოში მყოფმა ნატოს შეფასებითი მისიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის თანახმად,

ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უნდა შეისწავლონ, 6 მარტს საქმიანი შეხვედრები დაიწყეს. ორ ნაწილად გაყოფილი მონიტორინგის მისია 5 საათის განმავლობაში ხვდებოდა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მინდა ნატოელი ექსპერტების მუშაობის დღის წესრიგსა და განსახილველ საკითხებზე გესაუბროთ.

ნატოს შეფასებითი ჯგუფის პირველი სამუშაო ვიზიტი საქართველოში გასული წლის სექტემბერში დაიგეგმა და მაშინაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა ზუსტად ანალოგიური შეხვედრები გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მცირე დროა გასული, საქართველოში მონიტორინგის ჯგუფის ჩამოსვლას დიდ იმედებს უკავშირებენ: საქართველოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს მიერ ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადებითად შეფასდება. ამიტომ ვიზიტის დასრულებამდე მასპინძლებიც საკმაოდ ფრთხილობენ და სტუმრებიც, რომლებიც პრესასთან შეხვედრას თავს არიდებენ. თუმცა რადიო “თავისუფლებას” შესაძლებლობა მიეცა ექსკლუზიური ინტერვიუ აეღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძისაგან, რომელიც მოლაპარაკებებზე 6 მარტს დიპლომატიურ უწყებას წარმოადგენდა. პირველ ყოვლისა, ჩვენ მისიის მუშაობის დღის წესრიგით დავინტერესდით.

[გიორგი მანჯგალაძის ინტერვიუ] “მიმდინარეობს შეფასება ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისა, “აი-პა-პის” შესაბამისი თავების მიხედვით. უფრო სწორად, სამტავრობო კომისიის იმ სამუშაო ჯგუფების მიხედვით, რომელიც მუშაობდა სხვადასხვა საკითხებზე. ესენია უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხები, საინფორმაციო პოლიტიკისა და სტრატეგიის საკითხები, ენომიკური საკითხები, ფინანსური საკითხები, რესურსების განვითარების საკითხები, საკანონმდებლო და სხვა. შესაბამისად, შეფასებითი ჯგუფის ვიზიტის მიზანია, მოხდეს შეფასება იმისა, თუ რა პროგრესს მიაღწია საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ სწორედ ამ საკითხებში.”

[კობა ლიკლიკაძის ხმა] “და როდის უნდა ველოდეთ პირველ საჯარო ინფორმაციას ნატო-ს მონიტორინგის შედეგებზე?”

[გიორგი მანჯგალაძის ხმა] “პირველ საჯარო ინფორმაციას, საორიენტაციოდ, ჩვენ ველოდებით თვის ბოლოს, მარტის ბოლოს.”

შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე. ნატოს შეფასების მისია საქართველოში სამ დღეს დარჩება. 8 მარტს კი მათი წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ “ნატოს შესახებ თბილისის საინფორმაციო” ცენტრის მიერ მომზადებული ბიულეტენის პრეზენტაციაში, - გვითხრა ამ ცენტრის დირექტორმა თორნიკე შარაშენიძემ, რომელიც საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობს შეხვედრაში.

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] “8 მარტს აქ იქნება ქალბატონი დესპინე აფენტული, ნატოს წარმომადგენელი და ჩვენ გვინდა, რომ სწორედ მას გავამრთვინოთ პრეზენტაცია ჩვენი საინფორმაციო ცენტრის პირველი ბიულეტენისა. მასში თავმოყრილია ქართულ ენაზე ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, დამფუძნებელი დოკუმენტი ჩრდილატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. ამ საინფორმაციო ბიულეტენს შემდგომში რეგულარული სახე ექნება.”

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რა დასკვნას გააკეთებს ნატოს შეფასების ჯგუფი თავდაცვის სამინისტროში. ტრადიციულად, ალიანსის წარმომადგენლებს ყველაზე მეტი შეკითხვები საქართველოს სამხედრო უწყების მიმართ ჰქონდათ. მწვავე შეკითხვები შეეხებოდა დაუსრულებელ საკადრო- საორგანიზაციო ცვლილებას, სახმელეთო ჯარების სახეობის არარსებობას, გენერალური შტაბის სტრუქტურის არასრულყოფილებას, საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი ძალების მოდერნიზებას, ფინანსების ხარჯვისა და შესყიდვების გამჭვირვალობას.
XS
SM
MD
LG