Accessibility links

logo-print

რას უპირებს ხელისუფლება დევნილებს? - მთავრობა ერთიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს


ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 250 ათასამდე ადამიანი ატარებს დევნილის სტატუსს. მათი აბსოლუტური უმრავლესობის სოციალურ-

ეკონომიკური მდგომარეობა, ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სისტემატური დახმარების მიუხედავად, უკიდურესად მძიმეა. ვითარების შესაცვლელად საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 23 თებერვალს გამოსცა განკარგულება #80, რომლის საფუძველზეც შეიქმნა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია. რის გაკეთებას აპირებს კომისია და რა ელით უახლოეს წლებში დევნილებს?

საქართველოში დევნილების პირველი ნაკადის გამოჩენიდან თხუთმეტ წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დევნილთა პრობლემების გადასაჭრელად ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. დევნილები 15 წლის შემდეგ კვლავ მიტოვებულ შენობებში, სანატორიუმებსა და სასტუმროებში ცხოვრობენ, თუმცა ბევრ მათგანს იქაც აღარ დაედგომება.

[ბატონ მურმანის ხმა] „ჩვენ ჩაწერილი ვართ 94 წლიდან. მყავს ორი ბავშვი: ერთი არის სამი თვის, რომელიც ხელოვნურ კვებაზეა და მეორე ავად არის ეპილეფსიით. აქ სულ ცხრა ოჯახი ვართ დარჩენილი. ვინც ვერ გაუძლო აქ შექმნილ ვითარებას და წასასვლელი ჰქონდა, წავიდა...“

ბატონი მურმანი კონფლიქტის დაწყებამდე ტყვარჩელში ცხოვრობდა. ამბობს, რომ დევნილობაში ძალიან გაუჭირდა: სულზე 14 ლარიანი შემწეობა, რომელსაც ცენტრალური ბიუჯეტი ყოველთვიურად იძლევა, მის ოჯახს არ ჰყოფნის. თუმცა ბატონი მურმანი იშვიათი გამონაკლისი როდია. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი არ უარყოფს, რომ მსგავსი პრობლემები დევნილთა დიდ ნაწილს აწუხებს. მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების უმოქმედობის გამო, მთავრობა დევნილთა მიმართებაში ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებას ახლა იწყებს.

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „პირველი, რაც იქნება ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, ღირსების დაბრუნება ამ ადამიანებისთვის! ამ პოლიტიკაში ასახული იქნება დაბინავება, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყება, ბევრი სხვა ისეთი პროექტი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ, რათა ამ ადამიანებმა მოახდინონ ინტეგრაცია საზოგადოებაში.“

პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას, ფინანსურის გარდა, ინტელექტუალური რესურსებიც ესაჭიროება. უნდა ჰქონდეს თუ არა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შემმუშავებელ სამთავრობო კომისიას, რომელსაც გიორგი ხევიაშვილი უხელმძღვანელებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარების იმედი? - ამ კითხვას გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში რობერტ ვოტკინსი ასე უპასუხებს:

[რობერტ ვოტკინსის ხმა] „იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ სტრატეგიის შემუშავება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ის საჭირო ჩარჩოში მოაქცევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს იმისათვის, რომ მათ დახმარება გაუწიონ იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილს. საქართველოში მოქმედი გაეროს ყველა ორგანიზაციის სახელით კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრსა და სამთავრობო კომისიას, რათა შეიქმნას და განხორციელდეს ეს სტრატეგია.”

სწორედ ამ სტრატეგიაზე დაყრდნობით განხორციელდება ის მოკლე და გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც დევნილთა დასაქმებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. გიორგი ხევიაშვილის თქმით, ხელისუფლება დევნილებთან ურთიერთობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] „ეკონომიკური პროექტების შექმნაა საჭირო და რაც შეიძლება უფრო და უფრო ნაკლები ჰუმანიტარული აქციები. უმჯობესია ამ ადამიანებს ვასწავლოთ თევზის ჭერა და მივცეთ ანკესი, ვიდრე ყოველდღიურად ამ ჰუმანიტარული აქციებით ვკვებოთ და შევინახოთ ეს ადამიანები.“

„ანკესს“, როგორც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, დიდი ხანია ითხოვენ დევნილებიც. სოხუმიდან დევნილ გიორგი ბენიძეს მე ამასწინათ რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე.

[გიორგი ბენიძის ხმა] „მომცენ გასაქანი, მოვკიდებ ბიზნესს, ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელსაც ვერც თოფაძე გააკეთებს და ვერ სხვა ვინმე, მომცენ გასაქანი!“

თუმცა დევნილთა ინტეგრაციისა და დასაქმების პარალელურად, როგორც კომისიის წევრი, იუსტიციის მინისტრი გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს ის უძრავი ქონება, რომელიც დევნილებმა კონფლიქტის ზონაში მიატოვეს. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ
ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, დევნილთა ძირითადი პრობლემების გადაჭრას 2010 წლამდე შეძლებს.
XS
SM
MD
LG