Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ყიდის საქართველოს მთავრობა გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობას


თბილისში, კოსტავას 14-ში, გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობაში განთავსებული კომპანიების - ძირითადად, ჟურნალ-გაზეთებისა და ტელეკომპანიების - თანამშრომლები

6 მარტს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. მედიის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს. მის საწყის ფასად 20 მილიონი აშშ დოლარია დასახელებული.

20 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული გამომცემლობა “სამშობლოს” შენობის შეძენის მსურველთა განცხადების მიღების ვადა 6 მარტს, 17 საათზე, შეწყდა. მანამდე კი, 1 საათით ადრე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინ თავი მოიყარეს ”სამშობლოს” შენობაში განთავსებული კომპანიების თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა.

[ისმის ხმაური]

ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობებისა და ტელეკომპანიების თანამშრომლები, თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად, გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობის აუქციონის ჩაშლას მოითხოვენ, ხოლო თუ რატომ, ტელეკომპანია ”კავკასიის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილისგან შეიტყობთ:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] ”ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს, რომ ეს შენობა, რომელიც აშენების დღიდან და წუთიდან არის მასმედიის, დარჩეს მასმედიას. ჩვენ არ ვთხოვთ ხელისუფლებას არც ჩუქებას, არც შეღავათებს. ჩაატაროს აუდიტი, დაადგინოს შენობის რეალური ფასი და მოგვცეს მასმედიას საშუალება, რომ შევისყიდოთ პირდაპირი წესით.”

თავის დროზე პირდაპირი შესყიდვის აქტიური მომხრე იყო ამჟამად სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე. მან მასშტაბური პრივატიზაციის დაწყების წინ გამოაცხადა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია საწარმოების მოიჯარეთა ინტერესების გათვალისწინებითაც უნდა წარიმართოსო.
აი, რა თქვა კახა ბენდუქიძემ 2 წლის წინ თბილისის საავიაციო ქარხნის პრივატიზებასთან დაკავშირებით:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ვინაიდან ის უკვე გადაცემულია მართვაში, გამოდის, რომ ჩვენ უნდა დავარღვიოთ კანონი, რაც არ არის მართებული. ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთი მყიდველის, ერთი გამყიდველის სიტუაცია.”

ამ პრინციპმა საავიაციო ქარხნის შემთხვევაში იმუშავა, მაგრამ გამომცემლობა “სამშობლოს” შემთხვევაში - არა. უფრო მეტიც, გამომცემლობის შენობას ისეთი ფასი დაადეს, როგორიც თბილისში ყველაზე ფეშენებელურ შენობას შეიძლება ჰქონდეს: 1 კვადრატული მეტრი - 1000 აშშ დოლარი.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აუქციონის დამთავრებამდე უარს აცხადებდნენ რაიმე კომენტარზე. ამიტომ ჯერჯერობით უცნობი რჩება, რა გაანგარიშების საფუძველზე დადგინდა გამომცემლობის საწყისი ფასი და რატომ გადაწყდა შენობის ღია აუქციონზე გაყიდვა.

ქართული მედიის თანამშრომელთა ერთი ჯგუფის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტელეკომპანია ”კავკასიის” წარმომადგენელი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ უკანდახევას არ აპირებენ:

[ნინო ჯანგირაშვილის ხმა] ”არ ვაღიარებთ, უბრალოდ, ამ აუქციონის შედეგებს. ჩვენ ხო არ გვაღიარებს ხელისუფლება, ჩვენც არ ვაღიარებთ უკვე, აი, ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში. და ჩვენ გავაგრძელებთ აქ ჩვეულებრივად საქმიანობას. მე არ მაქვს ილუზია, რომ ჩვენ აქედან სპეცრაზმელები არ გაგვყრიან, მაგრამ დაინახოს ყველამ.”(სტილი დაცულია)

ახლახან ცნობილი გახდა, რომ გამომცემლობა “სამშობლოს” პრივატიზაციისთვის გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა, რადგან მისი შეძენის მსურველი არავინ გამოჩნდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, მოგვიანებით აუქციონი ხელმეორედ გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG