Accessibility links

logo-print

საქართველოში ფრინველის გრიპის არსებობა დადასტურდა


6 მარტს დილიდან ვრცელდებოდა ცნობა, რომ ლონდონის ლაბორატორიამ დაადასტურა საქართველოში ”ფრინველის გრიპის” ვირუსის არსებობა და რომ ხელვაჩაურის

რაიონში 10 დღის წინათ ნაპოვნ მკვდარ გედს სისხლში H5N1 ვირუსი აღმოაჩნდა. თუმცა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ საღამოს გაკეთებული ინფორმაციით, გადამფრენი ფრინველის სისხლში ჯერჯერობით მხოლოდ H5-ის არსებობა დასტურდება. ეს პრაქტიკულად იგივეა, რის შესახებაც ვაშლიჯვრის ვეტერინარული ლაბორატორიის დასკვნა ჯერ კიდევ 10 დღის წინათ იუწყებოდა. რაც შეეხება N1-ს, პასუხს ლონდონიდან თბილისში უახლოეს მომავალში ელიან. თუკი პასუხი ამ შემთხვევაშიც დადებითი იქნება, დასაზუსტებელი დარჩება მხოლოდ ის, თუ H5N1 ვირუსის რომელმა სახეობამ გამოიწვია გადამფრენი ფრინველის სიკვდილი. საქმე ის არის, რომ ექსპერტები ამ ტიპის ვირუსის რამდენიმე სახეობას განასხვავებენ, რომლებიც მეტ-ნაკლებად სახიფათოა ადამიანისთვის.

ლონდონიდან თბილისში პასუხი 5 მარტს ღამით ჩამოვიდა. თუმცა პასუხი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში 10 დღის წინათ ნაპოვნი მკვდარი გედის სისხლში A ჯგუფის ვირუსის H5 შტამია აღმოჩენილი. ეს პრაქტიკულად იგივეა, რაც ვაშლიჯვრის ლაბორატორიის დასკვნა, რომელიც დაახლოებით 10 დღის წინათ გახმაურდა. ლონდონიდან მიღებული პასუხის შესახებ 6 მარტს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილიც საუბრობდა:

(მიხეილ სვიმონიშვილის ხმა) ”ერთ-ერთ ჩვენ მიერ გადაგზავნილ ნიმუშში, გედის ნიმუშში, ნახა დადებითი პასუხი, ანუ დაადასტურა H5 ვირუსის არსებობა.” (სტილი დაცულია)

ლონდონიდან მიღებული პასუხი ამ ეტაპზე სრულყოფილი მაინც არ არის. ვირუსის სრულყოფილი სტრუქტურა ჯერ ისევ დასადგენია. თუმცა, ამ მხრივ, სამარჩიელო არც ისე ბევრია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამ კუთხით მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს:

(პაატა იმნაძის ხმა) ”სულ არის H5N1 და H5N2. N2 ჩინეთშია, რამდენიმე სოფელში, მაგრამ ფრინველსაც არ კლავს, მსუბუქია. აქედან გამომდინარე, მე თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს H5N1-ია.” (სტილი დაცულია)

თუკი ფრინველის სისხლში H5N1-ის არსებობა დადასტურდება, აუცილებელი გახდება იმის დაზუსტებაც, ამ ვირუსის კონკრეტულად რომელმა სახეობამ გამოიწვია გადამფრენი ფრინველის სიკვდილი. იმნაძის თქმით, H5N1 ვირუსის სახეობის დადგენით დაზუსტდება ისიც, თუ რამდენად საშიშია ის ადამიანებისთვის:

(პაატა იმნაძის ხმა) ”რომელიც იყო ვიეტნამში, განსხვავდებოდა იმისგან, რომელიც იყო ჩინეთში. თურქეთში აღმოჩენილ ვირუსებში იყო გენებში რაღაც ცვლილება, ისევე როგორც, ვთქვათ, ინდონეზიაში აღმოჩენილში, რომელიც აადვილებდა მის ადამიანზე გადასვლას. ფრინველიდან ადამიანზე გადასვლა რამდენიმე H5N1-ის სხვადასხვა ვარიანტმა უკვე დაადასტურა. ოღონდ არის ადამიანისთვის მეტად გადამდები და ნაკლებად გადამდები. აი, ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს ლონდონში.” (სტილი დაცულია)

ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯამბულ მაღლაკელიძე ამბობს, რომ ვირუსის სახეობის დადგენას, ადამიანების უსაფრთხოების თვალსაზრისით,გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარა აქვს, რადგანაც საქართველოში უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება ჯერ კიდევ ვაშლიჯვრის ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის საფუძველზე დაიწყო:

(ჯამბულ მაღლაკელიძის ხმა) ”ჩვენ მის შემდეგ ვაკეთებთ ღონისძიებებს უკვე ამ პასუხის საფუძველზე. ღონისძიებები ტარდება ძალიან მაღალ დონეზე.” (სტილი დაცულია)

დაბოლოს, ერთი შეკითხვა, რომელსაც ბოლო დღეებში საქართველოში მრავალნაირი ეჭვი დაუკავშირდა: დაიგვიანა თუ არა ლონდონის ლაბორატორიის პასუხმა? პაატა იმნაძე ამბობს, რომ საკითხის ასე დაყენება არ არის მართებული:

(პაატა იმნაძის ხმა) ”მარტო ჩვენ კი არ ვაგზავნით იქ, ნახევარი მსოფლიო აგზავნის იქ. შვეიცარიის მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში - შვეიცარიელებმა ჩვენს მერე აღმოაჩინეს და თქვეს ერთ 10 დღეში გვექნება პასუხიო. ყველამ იცის, რომ 2-3 დღეში იქიდან პასუხი არ მოდის. მით უმეტეს, თუ ეს ფრინველების შემთხვევაა და არა - ადამიანის.” (სტილი დაცულია)

ეს გახლდათ პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
XS
SM
MD
LG