Accessibility links

logo-print

პარლამენტი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი სახელფასო ბადის შემოღებას ითხოვს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტს ზოგიერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არსებული მაღალი შრომის ანაზღაურება აღიზიანებს და ერთიანი სახელფასო ბადის შემოღებას ითხოვს.

მოთხოვნა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის წინააღმდეგ პარლამენტში გამოთქმულ შენიშვნებს ემთხვევა დროში. თამარ კინწურაშვილის მიმართ არსებულ პრეტენზიებს შორის მისი მაღალი ხელფასიც ფიგურირებს. უკავშირდება თუ არა პარლამენტართა მოთხოვნა ამ დაპირისპირებას და რას გულისხმობს სახელფასო ბადე?

საკანონმდებლო ხელისუფლება სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი სახელფასო ბადის შემუშავებას ითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაწესდება ერთგვარი სახელფასო ”ჭერი”, ანუ ზღვრული თანხა, რომელზე მეტი შრომის ანაზღაურების დანიშვნა სახელმწიფო მოხელეებსა და სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აღარ შეეძლებათ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ქართული ბიუროკრატიისათვის ერთგვარი ”პროკრუსტეს სარეცელი” უკვე შერჩეული აქვს. მისი აზრით, ამგვარ ზღვრულ ნორმად საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა შეიძლება ჩაითვალოს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „გაკეთდეს ბადე ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ რომ არის ჩვენთვის დაწესებული „ჭერი“, ეს არის უმაღლესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - 4100 ლარი - და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ”ჭერში” უნდა მოექცეს ყველა ხელფასი.”(სტილი დაცულია)

პარლამენტის ბიურომ სახელისუფლებო სტრუქტურებში ერთიანი სახელფასო ბადის შექმნაზე მუშაობა და გადაწყვეტილების პროექტის მაისამდე მომზადება საპროცედურო საქმეთა კომიტეტს დაავალა.

სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში მაღალი რანგის მოხელეთა შრომის ანაზღაურებას შორის არსებული მკვეთრი დიფერენციაციის თემას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები პერიოდულად წამოსწევენ ხოლმე. ამგვარი პრეტენზიები ყველაზე მეტად დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების, განსაკუთრებით ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ გამოითქმებოდა ხოლმე. თუმცა ეს საუბრები მედიასთან ”წუწუნს” არ გასცდენია. როგორც ჩანს, პარლამენტარებს მოსწყინდათ ის, რომ ამომრჩევლები მათ მაღალ ხელფასებს აყვედრიან, მაშინ როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მათზე გაცილებით მაღალი შრომის ანაზღაურება აქვს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებაში ხშირად მიუთითებენ დეპუტატთა მაღალ ხელფასებზე, თუმცა აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს სახელმწიფო ბიუჯეტზე მიბმული რომელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს აქვს კიდევ დეპუტატსა და თვით პრეზიდენტზე მეტი ხელფასი.
ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კულუარებში გაჩნდა მოსაზრება, რომ პარლამენტში ამ თემის აქტუალიზაცია უკავშირდება საზოგადოებრივი ტელევიზიის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის ხელფასის ოდენობას, რომელიც, მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ხელფასზე მეტია.

მიხეილ მაჭავარიანი ამგვარ კავშირს უარყოფს. იგი ამტკიცებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულად არავის გულისხმობდა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”არავის არ გულისხმობდა. გულისხმობდა იმას, რომ საპროცედურო კომიტეტმა გააკეთოს ბადე და იმ ბადეში ვინ მოხვდება, ამას თქვენ თვითონ ნახავთ.”

იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არა პარლამენტის ინიციატივას რაიმე კავშირი ”საზოგადოებრივი მაუწყებლობის” შეფის ირგვლივ განვითარებულ ინტრიგასთან, იგი ძალაუნებურად სხვა სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელებზეც გავრცელდება. აქვე საინტერესოა ერთი დეტალი - შრომის ანაზღაურების ე.წ. ”ურავნილოვკა” იმ სახელმწიფო უწყებებსაც შეეხება, სადაც თანამშრომელთა ხელფასი სასიცოცხლო მინიმუმზე ნაკლებია, თუ პარლამენტართა ბადეში მხოლოდ ათვალწუნებული პერსონების ”გაბმაა” გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG