Accessibility links

შსს მინისტრი გირგვლიანის მკვლელობის საქმეს გახსნილად აცხადებს


”გაერთიანებული ქართული ბანკის” თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე დღეს გახსნილად გამოაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.

დაკავებულია სამი პირი, სამივე კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია. მათ შორის არ არის არც ერთი იმ თანამდებობის პირის სახელი, რომლებზეც დღემდე ოპოზიცია და მოკლულის ოჯახის წევრები საუბრობდნენ.

[მერაბიშვილის ხმა]
”დღეს გაიხსნა გირგვლიანის მკვლელობის საქმე. დაკავებულები არიან დანაშაულში ეჭვმიტანილები. ესენი არიან: გია ალანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, და ამავე დეპარტამენტის ოფიცრები - ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილური. ამჟამად მიმდინარეობს მათი ამოცნობა და დაკითხვა.”

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ჩამოთვლილ პირებს შორის არ არის არც ერთი იმ პირის გვარი, რომლებზეც ბოლო დღემდე სახალხოდ საუბრობდნენ მოკლულის ოჯახის წევრები, ახლობლები და ოპოზიციის წარმომადგენლები.

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამოღებულია მობილური ტელეფონების ანძების სქემა, რომელზეც აღნუსხულია ეჭვმიტანილების მობილურები და მათი გადაადგილება. ამავე დროს, მოპოვებულია დანაშაულის ადგილისკენ და დანაშაულის ადგილიდან მოძრავი ვერცხლისფერი ”ემ-ელის” ჯიპისა და ”მერსედესის” ფოტოსურათები. ნაპოვნია ”ემ-ელის” ჯიპი, რომლითაც გაიტაცეს გირგვლიანი და ბუხაიძე.

მერაბიშვილი აცხადებს, რომ მის უწყებას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილები იყვნენ გამოცდილი თანამშრომლები, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დეტალები დღემდე არ გაახმაურა.

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლის მსგავსად, ვანო მერაბიშვილმა დღესაც განაცხადა, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანაბარი და თანაბრად აგებს პასუხს. მერაბიშვილმა დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ თქვა:

[მერაბიშვილის ხმა]
”ეს საქმე იყო პირადად ჩემი პრესტიჟის საქმე და მთლიანად შსს პრესტიჟის საქმე. ამიტომ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, დანაშაულის გახსნამდე გამოძიებას აწარმოებდა შსს. დღეიდან საქმე გადაეცა გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას დაასრულებს გენერალური პროკურატურა.”

შსს მინისტრის ბრიფინგიდან სულ რაღაც ერთ საათში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ვანო მერაბიშვილის მხრიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ელოდნენ. კიდევ რას ელოდა ოპოზიცია? დეპუტატ კობა დავითაშვილს მოუსმინეთ:

[დავითაშვილის ხმა]
”ჩვენ მოვითხოვთ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ სრულად, არა მხოლოდ შემსრულებლებმა, არამედ დამკვეთებმაც, იქნება ეს - ახალაია, სანოძე, იქნება ეს მელნიკოვი, რომელიც ასევე უნდა იყოს დაპატიმრებული, თუ დონაძე, რომელიც პრეს-კონფერენციას კი არ უნდა ატარებდეს მინისტრის, არამედ კარგი ხნის გადამგარი უნდა იყოს.”

კობა დავითაშვილს მიაჩნია, რომ საქმის დასრულებამდე ძალიან შორია. კოკა გუნცაძე კი, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატი, აცხადებს, რომ ამჟამად მიღწეულია სამოქალაქო სექტორის, მედიისა და მთლიანად საზოგადოების გამარჯვების პირველი ეტაპი და რომ გამარჯვების მეორე ეტაპი წინ არის. გარდა ამისა, გუნცაძე ამბობს:

[გუნცაძის ხმა]
”ადამიანს, მინისტრს, რომელსაც უწყებაში ჰყავს მკვლელები, რომელსაც ჰყავს უწყებაში მკვლელობის დამკვეთები, სასწრაფოდ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.”

ოპოზიციის ერთი მოთხოვნა ვანო მერაბიშვილმა დღეს შეასრულა: სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცა. ოპოზიციის - და არამხოლოდ ოპოზიციის - მორიგი მოთხოვნა მკვლელობის დამკვეთების გამოვლენაა. ეს ამოცანა ახლა პროკურატურამ უნდა შეასრულოს.
XS
SM
MD
LG