Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ შეუკვეთა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა? - საპროტესტო აქციები გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ


მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის, მკვლელობის საქმეს

გახსნილად მიიჩნევს, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელების დაპატიმრების თაობაზე უკმარისობის გრძნობა დაუტოვა. საზოგადოების, ოპოზიციური პარტიებისა და სტუდენტური ორგანიზაციების ერთი ნაწილი გენერალური პროკურორისგან საქმის ობიექტურ გამოძიებასა და მკვლელობის ორგანიზატორების დაპატიმრებას მოითხოვს. ცნობისათვის: დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, რომელიც მკვლელობის ღამეს იმ კაფეში იმყოფებოდა, სადაც სანდრო გირგვლიანს პოლიციის მაღალი ჩინის თანამშრომლებთან კამათი მოუვიდა.

[ისმის სტუდენტის ხმა] „ამოდით, აქ ამოდით, ზემოთ დადექით...“

ასე ეპატიჟებოდნენ მიტინგის ორგანიზატორები სტუდენტებს აქციაზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ გაიმართა და რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. ახალი სტუდენტური ალტერნატივის ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ბლიაძე, ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში არაერთი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს:

[ლაშა ბლიაძის ხმა] „ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდებს ასე წირავენ, არ შეიძლება, რომ სტუდენტობა იყოს ჩუმად და სტუდენტობამ ამაზე რეაგირება არ მოახდინოს...“

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ დროულად რეაგირებენ და გახმაურებულ საქმეებსაც იშვიათი ოპერატიულობით ხსნიან. ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომლის დაპატიმრების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „ეს იყო პირადად ჩემი და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟის საქმე. ამიტომ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, დანაშაულის გახსნას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. დღეიდან საქმე გადაეცა გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას დაასრულებს გენერალური პროკურატურა.“

სწორედ გენერალური პროკურატურის წინ შეიკრიბნენ რესპუბლიკური პარტიის წევრები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არ იზიარებენ შინაგან საქმეთა მინისტრის ოპტიმიზმს. დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ სამინისტროს ძალისხმევა ოდენ საქმის გახსნისკენ როდი იყო მიმართული:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „ტყუილია, რომ კვირების განმავლობაში არ ეძინათ და მუშაობდნენ ამ საქმის გახსნაზე. ეს კვირები მათ დასჭირდათ იმისათვის, რომ შეეთითხნათ ვერსია, რითაც დაიცავდნენ ისევ და ისევ მაღალი თანამდებობის პირებს. ჩვენი პროტესტი ეხება სხვა გაუხსნელ საქმეებსაც, მაგალითად, გელაშვილზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ჩადენილია ასევე სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ და დღემდე პირი არ უჩანს ამ საქმის გახსნას.“

რესპუბლიკელები გენერალურ პროკურატურასთან ხელცარიელები არ მისულან. აქციის მონაწილეებმა ალაყაფის კართან გამოფინეს ტრანსპარანტი, რომელზეც მხვილი ასოებით ეწერა: „ქალაქში მკვლელია“. თინათინ ხიდაშელი ლოზუნგის შინაარს ასე განმარტავს:

[თინა ხიდაშელის ხმა ]„ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქში მართლა არის მკვლელი. ეს აღარ არის სახუმარო. ის მკვლელები ამ შენობებში არიან და ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს ზღაპრები, რომლებსაც გვიყვება გამოძიება, რომ თითქოსდა უცნობ ადამიანებს უცნობი ადამიანის მოკვლა ასე მარტივად შეუძლიათ და, უბრალოდ, სადიზმით არიან დაავადებულები.“

რესპუბლიკელების მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას უნდობლობას უცხადებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი, რომლის თქმითაც, ძალადობა თანამედროვე საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი:

[ზურაბ რთველიაშვილის ხმა] „მთავარი დამკვეთი ვინც არის და ვინც დგას ამ საზარელი მკვლეობის უკან, ის არ ჩანს, სამწუხაროდ. საზოგადოება მოითხოვს, რომ რეალური დამნაშავე, დანაშაულის ბუდე გამოაშკარავდეს. ხელისუფლება ჯერჯერობით ცდილობს განტევების ვაცებისგან თავის გათავისუფლებას და უნდა ასე იოლად თავის დაღწევა.“


შეძლებს თუ არა თავის იოლად დაღწევას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ამას დრო გამოაჩენს. საზოგადოების აქტიურობამ კი პირველი შედეგი უკვე გამოიღო: დაკავებულები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები, სამსახურიდან გაათავისუფლეს სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, მაგრამ მთავარი კითხვა, თუ ვისი მითითებით მოქმედებდნენ მკვლელები, ჯერ კიდევ უპასუხოდ არის დარჩენილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG