Accessibility links

logo-print

ერთი წლის წინ ასლან მასხადოვი მოკლეს


ზუსტად ერთი წლის წინ ჯერ რუსეთის, შემდეგ კი უკვე მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები მოიარა ცნობამ ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის მოკვლის შესახებ.

ეს იყო ცნობა, რომ მოკლეს ასლან მასხადოვი - წარსულში საბჭოთა არმიის პოლკოვნიკი, ბოლო წლებში კი, ტრაგიკულ სიკვდილამდე, ჩეჩნეთის პრეზიდენტი. ბევრმა მაშინვე ივარაუდა - და ეს ვარაუდი განვლილმა ერთმა წელმა გაამყარა - რომ მასხადოვის სიკვდილი კიდევ უფრო გააძნელებდა, მეტიც, კიდევ უფრო ძნელად წარმოსადგენს გახდიდა ჩეჩნეთის კონლიქტის მოგვარებას მოლაპარაკების გზით.

2005 წლის 14 იანვარს, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სიკვდილამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, მასხადოვმა ცალმხრივი წესით გამოაცხადა ერთთვიანი ზავი - მეამბოხეებს უბრძანა, შეეჩერებინათ ყოველგვარი სამხედრო ოპერაცია. ბრძანების მიზანი იყო, განმარტავს მასხადოვის პრეს-მდივანი უმარ ხანბიევი, ერთი მხრივ, “კეთილი ნების გამოხატვა” და მეორე: იმის დემონსტრირება, რომ ჩეჩნეთში მეამბოხეები ემორჩილებიან მასხადოვის განკარგულებებს, აღიარებენ მისი, როგორც პრეზიდენტის ავტორიტეტს. იმ პერიოდში მასხადოვმა კიდევ ერთხელ შესთავაზა მოსკოვს მოლაპარაკება კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად.

ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან ბოლო ინტერვიუში - ესეც სიკვდილამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე - მასხადოვმა აღნიშნა: [მასხადოვის ხმა]
“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინმა არ იცის, დღეს რეალურად რა ხდება ჩეჩნეთში. საერთოდ, არმიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ სარდალს მოახსენებენ იმას, რის მოსმენაც სარდალს სურს. ასეთი პრაქტიკა, ალბათ, რუსეთის უშიშროების სამსახურშიც არის გავრცელებული”.

მასხადოვი ამავე ინტერვიუში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ შესაძლოა, ყველაფერი შეეცვალა მისი და რუსეთის პრეზიდენტის სულ ნახევარსაათიან პირისპირ შეხვედრას. [მასხადოვის ხმა] “ჩვენ გამოვდიოდით და გამოვდივართ წინადადებით, რომ საკმარისია 30-წუთიანი გულახდილი, პირისპირ დიალოგის გამართვა საიმისოდ, რომ ეს ომი შეწყდეს - იმისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ავუხსნათ, მართლა რას სურს ჩეჩენ ხალხს - დარწმუნებული ვარ, რომ ეს არც კი იცის - და იმისთვის, რომ პირადად პუტინისაგან გავიგოთ, რა უნდა მას, რა უნდა რუსეთს ჩეჩნეთში”.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ საჯაროდ უარყო შეთავაზებული მოლაპარაკება: ასეთ შეხვედრას, პრეზიდენტის წარმომადგენელ დმიტრი კოზაკის განცხადებით, აზრი არ ექნებოდა, რადგან მასხადოვმა “დიდი ხნის წინ დაკარგა ჩეჩნეთში სიტუაციაზე კონტროლი”. მსგავსი შინაარსის განცხადება სხვა ოფიციალურმა პირებმაც გააკეთეს. არადა, სინამდვილეში რუსეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, მართლაც ისარგებლა მასხადოვის სამშვიდობო ინიციატივით - მასხადოვისვე გასანადგურებლად. ყოველ შემთხვევაში არსებობს ვერსია, რომ ასე მოხდა...

ჩვენი რადიოს ანალიტიკოსი ლიზ ფულერი ყურადღებას ამახვილებს ამ ვერსიის შესახებ საგულისხმო ინფორმაციაზე, რომელსაც ავრცელებს ჟურნალი “ნოვოე ვრემია”. 2006 წლის პირველ ნომერში ვკითხულობთ მასხადოვის ერთ-ერთი დაახლოებული პირის ვექილის ნაამბობზე. ის ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება დათანხმდა მასხადოვს შეხვედრაზე და მასხადოვს უსაფრთხოების გარანტიაც კი მისცა. უფრო ზუსტად, მასხადოვის უსაფრთხოების გარანტია მისცა შვეიცარელ დიპლომატს, ტიმ გულდიმანს (გულდიმანი 1995-96 წლებში სათავეში ედგა გროზნოში ეუთოს მისიას).

ამის შემდეგ მასხადოვმა ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა და გროზნოს ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ტოლსტოი იურტში ჩავიდა მოლაპარაკებისთვის მზადყოფნის დასადასტურებლად. “ნოვოე ვრემია” როგორც წერს, რუსეთის უშიშროებამ მასხადოვის მიკვლევა, შემდეგ კი მოკვლა მოახერხა მისი და შვეიცარელი დიპლომატის მობილური სატელეფონო კონტაქტისთვის თვალის მიდევნების შედეგად. ასე მოკლეს მასხადოვი, თუმცა ეს ვერსია არასოდეს დადასტურებულა. გულდიმანი უარს ეუბნება კომენტარზე ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიურ სამსახურს.

ასეა თუ ისე, მოვლენათა რა ჯაჭვსაც უნდა მოჰყოლოდა მასხადოვის მოკვლა, ფაქტია, რომ ამ მკვლელობამ გაანადგურა უკანასკნელი ჩეჩენი მეამბოხე ლიდერი, რომელსაც - რუსეთთან კონფლიქტზე მოლაპარაკების შემთხვევაში - ექნებოდა ლეგიტიმურობაც (რუსეთმაც და ეუთომაც სამართლიანად და ლეგიტიმურად გამოაცხადეს 1997 წელს ჩეჩნეთში ჩატარებული არჩევნები) და ისარგებლებდა ავტორიტეტით მეამბოხეთა შორის.

მაგრამ მოლაპარაკებამდე საქმე, როგორც ცნობილია, არ მისულა - მასხადოვის სიკვდილის შემდეგ კი მოლაპარაკებამ კიდევ უფრო შორეულ, კიდევ უფრო ნაკლებად რეალურ პერსპექტივაში გადაინაცვლა.

კაცი, რომელმაც მასხადოვი შეცვალა ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერის პოსტზე, აბდულ ხალიმ სადულაიევი გასული წლის მანძილზე საველე მეთაურ შამილ ბასაევთან ტანდემში საქმიანობდა და ამ ტანდემმა საბრძოლო მოქმედებები ჩეჩნეთის საზღვრებს მიღმაც განავრცო. მსმენელი იფიქრებს, ჩეჩნეთის კონფლიქტი მის საზღვრებს ადრეც, მასხადოვის პრეზიდენტობის დროსაც გასცილებიაო - და მართალიც იქნება: რად ღირს 2002 წლის ოქტომბერში მძევლების აყვანა მოსკოვის თეატრში, ან 2004 წლის 1 სექტემბრის ტრაგედია ბესლანის საშუალო სკოლაში... მაგრამ ასლან მასხადოვი ყოველთვის უარყოფდა მსგავს აქციებთან კავშირს, მეტიც - გმობდა ასეთ თავდასხმებს. 2003 წელს მან რამდენიმეჯერ მიმართა მოწოდებით მეამბოხეებს, დაეცვათ ჟენევის კონვენციები და არ მოეწყოთ თავდასხმები ჩეჩნეთის საზღვრებს გარეთ.

ამ მხრივ ცვლილება გამოიკვეთა ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიურ სამსახურთან ბოლო ინტერვიუში - მასხადოვის სიკვდილამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე - როცა მასხადოვმა თქვა, რომ გასცა განკარგულება ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთსა და დაღესტანში დამატებით სამხედრო სექტორების შექმნის შესახებ.

სადულაიევი კიდევ უფრო შორის წავიდა: შარშან, 2 მაისს მან გასცა განკარგულებები დასავლეთის “ფრონტის” 7 სექტორად დაყოფის და თითოეული სექტორის სარდლებს დანიშვნის შესახებ. აღმოსავლეთის ფრონტი კი ოთხი სექტორისაგან შედგება. ჩეჩნების მასხადოვის შემდგომი პრეზიდენტი, ისლამური სახელმწიფოს შექმნისაკენ მიისწრაფვის, ჩრდილოეთ კავკასიის “დეკოლონიზაციაზე” ლაპარაკობს.

ასეთი მოთხოვნების ფონზე ძნელი იქნება მოსკოვთან საერთო ენის გამონახვა და სადულაევი ამას არც აპირებს. მან 2005 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთის მხარე აღარ გამოვა სამშვიდობო მოლაპარაკების წინადადებით და განაგრძობს ბრძოლას, ვიდრე “კავკასია გათავისუფლდება რუსი დამპყრობლის ჩექმისაგან”.

ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერი ასე აპირებს, მოაგვაროს პრობლემა, რომელიც, როგორც ერთი წლის წინ მოკლული ასლან მასხადოვი ფიქრობდა, სამხედრო ძალით ვერ მოგვარდება. თუმცა ასე არა მარტო მასხადოვი ფიქრობდა...
XS
SM
MD
LG