Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში


ოთხშაბათს გამოქვეყნდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე.

ანგარიშში მიმოხილულია ამ სფეროში 2005 წლის მდგომაროება 196 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ამ ანგარიშების გამოქვეყნება შეერთებულმა შტატებმა 1977 წელს დაიწყო და მას მერე ისინი დახმარებას უწევს მთავრობებს, ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, რომლებიც ცდილობენ ზომები გაატარონ ადამიანის უფლებების დარღვევების წინააღმდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელ ანგარიშს ბიძინა რამიშვილი მიმოიხილავს.

ანგარიში ნათელყოფს, რომ გასულ წელს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი ზოგიერთ ყოფილ კომუნისტურ ქვეყანასა და ირანში. მაგრამ აღნიშნულია წარმატებებიც.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ბრიფინგზე თქვა, რომ დოკუმენტის მიზანი არ არის რომელიმე ქვეყნის განსჯა. იგი იმისთვისაა მოწოდებული, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვისთვის მებრძოლთ და გზამკვლევის როლი შეასრულოს.

[რაისის ხმა] "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანგარიშები მთავრობებს, ორგანიზაციებს, მედიას და საზოგადოებას ადამიანის უფლებების პრობლემების მოგვარებისკენ უბიძგებს. აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ ანგარიშები ინფორმაციისა და ინსპირაციის წყარო იქნება მთელი პლანეტის იმ კეთილშობილ კაცთათვის და ქალთათვის, რომლებიც მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილებებისთვის იღწვიან."

ანგარიშში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მეტი კრიტიკა გამოითქმის ბელორუსიის, უზბეკეთისა და რუსეთის მიმართ.

ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე ვკითხულობთ, რომ იგი დიქტატორულ რეჟიმს უდგას სათავეში და პოლიტიკურ ოპონენტებს უკანონო მეთოდებით უსწორდება.

სახელმწიფო დეპარტამენტი კრიტიკას არ იშურებს არც ვლადიმირ პუტინის მისამართით. დოკუმენტში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ხელისუფლება ძირითადად დედაქალაქშია კონცენტრირებული და ადგილობრივი მმართველობის დასუსტების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა.

ამავე დროს პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან მოსამართლეები. საგანგებო კრიტიკაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინის მთავრობა ავიწროებს პროდემოკრატიულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ანგარიშის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა ირანი. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სავალალო ვითარებაა ციხეებში. იზღუდება პრესა, რელიგიისა და სიტყვის თავისუფლება. ბრიფინგზე გამოსულმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ბარი ლოვენკრონმა ირანთან დაკავშირებით თქვა:

[ლოვენკრონის ხმა] "სახელმწიფოები, რომლებიც უხეშად და სისტემატურად არღვევენ საკუთარი ხალხის ადამიანის უფლებებს, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ირანი ამის მაგალითია."

ანგარიშში მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი უკრაინასა და ყირგიზეთში. უკრაინა შექებულია 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ ადამინის უფლებების სფეროში წარმატებებისთვის. ხაზგასმითაა აღნიშნული მასმედიის დამოუკიდებლობის ხარისხისა და პოლიციის მუშაობის გამჭვირვალობის ზრდა.

საქართველოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქვეყანამ წარმატებებს მიაღწია მთელ რიგ სფეროებში. მიუხედავად ამისა, სერიოზული პრობლემები კვლავაც გადაუჭრელი რჩება.

ამ ოცდაათგვერდიან ტექსტში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევათა კონკრეტული შემთხვევებია აღწერილი სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით.

ამ პრობლემათა შორის არის პოლიციის მიერ პატიმართა წამება, სასამართლოს გარეშე დაპატიმრებები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების დაუსჯელობა.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობაზე, მასმედიაზე მთავრობის მხრიდან ზეწოლაზე და მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევაზე.

საგანგებოდაა საუბარი რელიგიური თავისუფლებების შეზღუდვაზე, თუმცა, ანგარიშის თანახმად, ამ სფეროში გარკვეული წარმატებებიც შეინიშნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე: www.state.gov
XS
SM
MD
LG