Accessibility links

logo-print

რიჩარდ ფრიდმანი: “ევროპარლამენტი მხარს უჭერს კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაციას “


ნატოს შეფასების ჯგუფის გარდა, საქართველოში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს თბილისში მყოფი ევროპარლამენტის წარმომადგენელი ინგლისურენოვან

პრესასთან ურთიერთობის სფეროში რიჩარდ ფრიდმანი, რომელიც 8 მარტს თბილისის ბიუროს ესტუმრა. ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც სტუმარს ჩამოვართვი, ევროპარლამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაციის აუცილებლობაზე, მედიის თავისუფლების როლსა და მედიასთან ურთიერთობის ევროპულ გამოცდილებაზე.


ახალგაზრდა ბრიტანელი დიპლომატი რიჩარდ ფრიდმანი თბილისში 7 მარტს ჩამოვიდა. იგი ევროპარლამენტში ინგლისურენოვან პრესასთან ურთიერთობას უძღვება და ამიტომ ძალიან კარგად იცის, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. რიჩარდ ფრიდმანმა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ევროპული სტრუქტურები მხარს უჭერენ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას კონფლიქტის ზონის დემილიტარიზებისა და სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის თაობაზე.
[რიჩარდ ფრიდმანის ხმა] “ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე მიესალმება საქართველოს პარლამენტის დადგენილებას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დემილიტარიზებისა და სამშვიდობო ფორმატის შეცვლის თაობაზე. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ეუთოსაც. გარდა ამისა, 8 მარტს დაიწყო მოლაპარაკება საქართველოსთან იმ სამოქმედო გეგმის თაობაზე, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ როგორ განავითარონ ევროკავშირმა და საქართველომ თანამშრომლობა ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში.”
ევროპარლამენტის წარმომადგენელი ინგლისურენოვან პრესასთან ურთიერთობის სფეროში რიჩარდ ფრიდმანი თბილისში ქართული და ინგლისურენოვანი გამოცემების, ტელე და რადიო სადგურების წარმომადგენლებთან მართავდა შეხვედრებს. ვიზიტის პირველ დღეს ბრიტანელი დიპლომატი რადიო “თავისუფლების” ქართულ რედაქციას ესტუმრა. რიჩარდ ფრიდმანის თქმით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს თავისუფალი მედიისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში, რადგან ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება მაღალ დონეზე უნდა იყოს გარანტირებული.

[რიჩარდ ფრიდმანის ხმა] “რა თქმა უნდა, საქართველოში ხორციელდება პროექტები ევროკომისიის მხრიდან, რომელსაც დიდი ოფისი აქვს საქართველოში. ხდება იმის კვლევა, თუ რა დონეზეა მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება საქართველოში. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებასაც ესმის, რომ ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ მას არ ექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია.”

რიჩარდ ფრიდმანის თქმით, არსებობს დილემა, როდესაც პრესის უდიდესი უმრავლესობა სკანდალურ ინფორმაციაზე ნადირობს და პოზიტიური ინფორმაციის იგნორირებას ახდენს. ასეთი მიდგომა პრობლემებს წარმოშობს არა მხოლოდ განვითარებად, არამედ მაღალგანვითარებულ და დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც. სტუმრის თქმით, ასეთი დილემის წინაშე გასულ წელს თავად ევროკავშირიც აღმოჩნდა:
[რიჩარდ ფრიდმანის ხმა] “ზოგიერთმა თქვენმა მსმენელმა, ალბათ, იცის, რომ საფრანგეთის და ნიდერლანდების მოქალაქეებმა უარი უთხრეს ევროპის კონსტიტუციას, რაც ძალიან დიდი შოკი იყო ევროპის სტრუქტურებისათვის. მაგრამ დასკვნა, რომელიც ამ გაკვეთილიდან მივიღეთ, ისაა, რომ მოსახლეობასთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობაა საჭირო.”

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, დღეისათვის აკრედიტებულია 200-ზე მეტი ჟურნალისტი. ევროპარლამენტის პრესოფისი ყოველდღიურად 20 ენაზე გამოსცემს საინფორმაციო ბიულეტენებს, ავრცელებს დიდი რაოდენობით აუდიო და ვიდეო მასალებს. გარდა ამისა, ჟურნალისტებს უფლება აქვთ შეუზღუდავად დაესწრონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომებს და საკომიტეტო განხილვებს.
XS
SM
MD
LG