Accessibility links

logo-print

საქართველოში ბუნებრივი აირის საძიებო სამუშაოები იწყება


2 მარტს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აშშ-ში საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, სახელწოდებით ”ინვესტ ინ ჯორჯია”. ასეთი ფორუმებით საქართველოს ხელისუფლება

ცდილობს მსოფლიოს საქართველოს პოტენციალი გააცნოს და ინვესტიციები მოიზიდოს. აშშ-ში, მსგავსი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს დელეგაციამ კომპანია ”კანარგო ენერჯის” (CanArgo Energy) დაინტერესება მოახერხა. რა სფეროში აპირებს “კანარგო” ინვესტიციების განხორციელებას?

აშშ-დან დაბრუნებულმა საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა გამოაცხადა, რომ საქართველოში გაზის მოპოვების პერსპექტივით უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, ”კანარგოს”, დაინტერესება შეძლო. შეერთებულ შტატებში შესაბამისი მემორანდუმიც გაფორმდა და უფრო კონკრეტული მოლაპარაკებისთვის “კანარგოს” დელეგაცია საქართველოს 15 მარტს ესტუმრება.

[ნიკა გილაურის ხმა] ”ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მემორანდუმი, ეს ხელშეკრულება არ არის. ხელშეკრულება დაიდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ გაზი იქნება ნაპოვნი და “კანარგო” მოგვაწოდებს ზუსტ ციფრებს იმისა, თუ რამდენის მოწოდებას შეძლებს, აი, ამ წლების განმავლობაში.”(სტილი დაცულია)

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური “კანარგოს” მიერ კუმისის ტბაზე საბჭოთა ხანაში ბუნებრივი აირის საპოვნელად დაწყებული სადაზვერვო სამუშაოების გაგრძელებაზე ლაპარაკობდა.

15 წლის წინ, საქართველოში საბჭოთა ეპოქის დასრულებამდე, ფიქრობდნენ, ომ კუმისის მიდამოებში 15-20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია ჩამარხული.

[ირაკლი გალდუმაძის ხმა] ”ეს ერთი გაზის საბადო არ არის მარტო, ჩვენ ნინოწმინდაში გვაქვს კიდევ. ეს კუმისის საბადო 30-25-ჯერ უფრო დიდი არის, ვიდრე ნინოწმინდის საბადო.”

ეს არის ირაკლი გალდუმაძე ”კანარგო ჯორჯიას” გეოლოგი. მისმა კომპანიამ ნინოწმინდაში ბუნებრივი აირი რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა, თუმცა მისი მოპოვებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, რადგან არის საშიშროება, რომ მიწისქვეშ არსებული მარაგები ინვესტიციას ვერ აანაზღაურებს. არის მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის საბადო გაზსაცავისთვის უნდა გამოიყენონ.

საქართველოში არსებული გაზის მარაგისა და მისი ათვისების პერსპექტივებზე კომენტარი ვთხოვე ნავთობსამეცნიერო კომპანიის ხელმძღვანელს ნიკა ვარაზანაშვილს.

[ნიკა ვარაზანაშვილის ხმა] ”შიგა რესურსები, დღეს არსებული მარაგი, სამწუხაროდ, ძალიან მცირეა. ერთადერთი, რაც არის, ეს ნინოწმინდა-სამგორის თაღია. პერსპექტივები არის,მაგრამ ეს პერსპექტივებიც დაკავშირებულია ისევ ფინანსებთან. ღრმა ბურღვა უნდა მოხდეს და სადაც იქნება ეს გასინჯული და ეს სადღაც 10 მილიონ დოლარს საჭიროებს. და აქედანაც ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა იქნება, იარსებებს თუ არ იარსებებს გაზი.” (სტილი დაცულია)

კუმისის ტბაზე გაზის აღმოსაჩენად კომპანია ”კანარგომ” 3500 მეტრიანი ჭაბურღილი უნდა გათხაროს. ამ სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულისთვისაა ნავარაუდევი. მანამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ განაწილდება გაზი აღმოჩენის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG