Accessibility links

ევროპის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტმა ბინა, დროებით, ვილნიუსში დაიდო


ათ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ბელორუს ახალგაზრდას, ვისაც დასავლური სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღება სურდა, შესაძლებლობა ჰქონდა,

ევროპის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტი გამხდარიყო. 1992 წლიდან მინსკში მოქმედი ეს უმაღლესი სასწავლებელი მსურველებს სთავაზობდა პროგრამებს ფილოსოფიაში, სამართლისმცოდნეობაში, პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ფილოლოგიაში. მაგრამ 2004 წელს უნივერსიტეტი დაიხურა. ამის მიზეზად იქცა ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს უკმაყოფილება უნივერსიტეტის "პროდასავლური" ორიენტაციით. სულ ახლახან სასწავლებელმა ახალი თავშესაფარი იპოვა - მეზობელ ლიტვაში.

გასულ თვეში ლიტვის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ოფიციალურ სტატუსს ანიჭებს ევროპის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს და მას ვილნიუსში საქმიანობის ნებას რთავს - იმ დრომდე, ვიდრე ბელორუსიაში მისი დაბრუნების პირობები შეიქმნებოდეს.

ვლადიმირ დუნაევი ევროპის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერია და, ამავე დროს, იმ მრავალწლიანი ბრძოლის მონაწილე, რომელსაც ამ სასწავლებლის წინააღმდეგ ბელორუსიის ხელისუფლება აწარმოებდა. მისი თქმით, მინსკიდან ვილნიუსის ძველ ქალაქში გადაბარგებულ უნივერსიტეტში ამჟამად ათასამდე სტუდენტი სწავლობს, უმეტესწილად ბელორუსიიდან.

[ვლადიმირ დუნაევის ხმა] "ამჟამად პროგრამაში გვაქვს ფილოსოფია, ხელოვნება, ჟურნალისტიკა, ევროპული სამართალმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები - უწინარესად, ევროპული კვლევანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დავიწყეთ ისტორიკოსების მომზადება."

უნივერსიტეტის საქმიანობით კმაყოფილია ლიტვის ხელისუფლებაც, რომელიც სასწავლებელს ფინანსურადაც ეხმარება. თუმცა, დამფინანსებელთა შორის არიან, აგრეთვე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გერმანიისა და აშშ-ის რამდენიმე ფონდი.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი ვალენტინას მიტე ესაუბრა ლიტვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს პეტრას აუსტრევიჩუსს, რომლის თქმით, ლიტვა - როგორც ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა - ყოველმხრივ ცდილობს, ხელი შეუწყოს მეზობელ ბელორუსიაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

[პეტრას აუსტრევიჩუსის ხმა] "გადაწყვეტილებით, ამ უნივერსიტეტისთვის ვილნიუსში საქმიანობის უფლება მიგვეცა, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ბელორუსიაში მას თავისუფლად მოქმედების საშუალება არ აქვს. ამ ქმედებით ხაზს ვუსვამთ ჩვენი პოზიციის თანმდიმდევრულობას. გარდა ამისა, ეს არის ინვესტიცია ბელორუსიაში დამოუკიდებელი და თავისუფალი აზრის ჩამოყალიბების საქმეში."

ამასთანავე, ევროპის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტისთვის დროებითი თავშესაფრის მინიჭება მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯი არ ყოფილა. ლიცენზიის მისაღებად უნივერსიტეტს მოუხდა ლიტვის განათლების სამინისტროს მოთხოვნათა გათვალისწინება, რის შემდეგაც თავისი სასწავლო პროგრამა ევროპის კავშირის მოთხოვნებს შეუსაბამა.

სტუდენტები, რომლებსაც ჩვენი კორესპონდენტი შეხვდა, უნივერსიტეტში სწავლით კმაყოფილი არიან. თუმცა, ისინი, ვინც ლიტვაში ბელორუსიიდან ჩავიდა, მაინც სინანულით აღნიშნავენ, რომ სამშობლოში არ ეძლევათ საშუალება, ევროპული დონის განათლება მიიღონ.

[ვალერიას ხმა] "ეს ჩემი ქვეყანა არ არის და... ასე ვიტყოდი: მე აქ არავის ვჭირდები. ჩემი სამშობლო იქ არის, იქ მყავს მშობლები. და ბუნებრივია, რომ მათთან ახლოს, სამშობლოში ყოფნა მინდა."

ეს ვალერია გახლდათ - ევროპის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მინსკელი სტუდენტი. მისი არ იყოს, სამშობლოში სწავლაზე არც ვალერი რუსელნიკი იტყოდა უარს; ერთ ხანს იქ სწავლობდა კიდეც - ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდკნტი იყო - მაგრამ სასწავლებლიდან გარიცხეს ხელისუფლებისთვის არასასურველი პოლიტიკური საქმიანობისთვის. როგორც ვალერი ამბობს, ბელორუსია-ლიტვის საზღვარზე ევროპის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბელორუს სტუდენტებს ხშირად ექმნებათ პრობლემები.

[ვალერი რუსელნიკის ხმა] "ბევრი ჩემი თანაკურსელი არაერთხელ დაუკავებიათ და მათ ხშირად საზღვარზეც უფრო დიდხანს ამოწმებენ. ეს ბევრჯერ მომხდარა. ასე რომ, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისადმი საზღვარზე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ."

მიუხედავად ამ სირთულეებისა, რუსელნიკი, ისევე, როგორც ვალერია, საკუთარ მომავალს მხოლოდ და მხოლოდ ბელორუსიას უკავშირებს. ოღონდ დემოკრატიულ ბელორუსიას.
XS
SM
MD
LG