Accessibility links

logo-print

ნარკომანიასთან ბრძოლის რა მეთოდს აირჩევს საზოგადოება


ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სამხრეთ კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ნარკოლოგთა ასოციაცია,

განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროები, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“ და საპატრიარქოს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ახორციელებენ პროგრამას „ნარკომანიის პირველადი პრევენცია“, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ნარკომანიის გავრცელების ზრდის ტენდენციის შემცირება. რა არის ნარკომანია? რის გამო იწყებენ მოზარდები ნარკოტიკების მიღებას? რამდენად სახიფათოა და როგორ უნდა შეებრძოლოს საზოგადოება ნარკომანიას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პროექტში მონაწილე ორგანიზაციებმა ჩაატარეს თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

კვლევა, რომლის მიზანია ნარკოტიკების მოხმარების პრობლემისა და ნარკომანიის პირველადი პრევენციის საკითხებისადმი სკოლის მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების დამოკიდებულების შესწავლა, 2005 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. ფოკუსური ჯგუფების მეთოდით გამოკითხულ იქნა თბილისელი, ქუთაისელი, ზუგდიდელი და თელაველი მოსწავლეები. თამარ სირბილაძის, საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონის“ გამგეობის თავმჯდომარის, თქმით, მოსწავლეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნარკომანია დაავადებაა და არა დანაშაული. გარდა ამისა:

[თამარ სირბილაძის ხმა] „დღევანდელი ახალგაზრდები მოდურ ტენდენციადაც აღარ თვლიან ნარკომანიას. არადა, რამდენიმე წლის წინ, როცა გამოკითხვა ჩატარდა, ითვლებოდა, რომ ეს არის მოდური ჩვევა და ცხოვრების სტილი. მაშინ ომი იყო და პრესტიჟულობის ატრიბუტად ითვლებოდა ნარკოტიკების მოხმარება. დღეს ხედავენ, რა მდგომარეობაში ჩაცვივდნენ ეს ადამიანები. შეიძლება ერთ-ერთი ახსნა ისიც იყოს, რომ თითქმის ყველა ოჯახში შეაბიჯა ნარკოტიკების მოხმარებამ.“(სტილი დაცულია)

თამარ სირბილაძის თქმით, კვლევისათვის მერვე-მეთერთმეტე კლასელები შეირჩა. საქმე ის არის, რომ, ასაკის მიხედვით, რისკის ჯგუფს სწორედ საშუალო სკოლის უფროსკლასელები მიეკუთვნებიან. ეს რადიო „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გელა ლეჟავამ განაცხადა. მისივე თქმით, ნარკომანიის უმთავრესი მიზეზი არის კონფლიქტი პიროვნებისა საკუთარ თავთან ან სოზოგადოებასთან:

[გელა ლეჟავას ხმა] „ეს კონფლიქტი შეიძლება იყოს გამოწვეული იმით, რომ არ ყოფნის ფული, რათა ნორმალურად იცხოვროს, ან ძალიან ბევრი ფული აქვს და არ იცის სად წაიღოს, ცხოვრების მიზანი არ გააჩნია. შეიძლება აღზრდილია ისე, რომ ძირითადი გეზი ცხოვრებისა მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ.“(სტილი დაცულია)


თბილისის სკოლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა ნარკომანიის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან ან ქუჩიდან იღებს. სკოლა და სასკოლო პროგრამა ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ გამოკითხულთა ხუთმა პროცენტმა დაასახელა. თეა გოგოტიშვილი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი და კათალიკოს-პატრიარქის ფონდის ანტინარკოტიკული პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ავტორი, იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა განწყობა არსებობს საზოგადოებაში ნარკომანის, ნარკოტიკების გამავრცელებლისა და საკუთრივ ნარკოტიკების მიმართ.

[თეა გოგოტიშვილის ხმა]„ვნახეთ, რომ სრულიად შეუსაბამო განწყობები აქვთ, ძირითადად, ახალგაზრდებს ნარკოტიკების, ნარკორეალიზატორებისა და ზოგადად ნარკომანიის მიმართ. ეს დამოკიდებულება არ არის ადეკვატური - ტოლერანტობა საკმაოდ დიდია თავად ნარკოტიკების გამავრცელებლების მიმართაც. არ არის ერთმნიშვნელოვანი პრინციპულობა, რომელიც დაეხმარება დღევანდელ საზოგადოებას, რომ გავრცელება შემცირდეს.“

კოალიციურ პროექტში ჩართული სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ნარკომანიის გავრცელების მზარდი ტენდენციის შესაჩერებლად პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე ამბობს, რომ ნარკომანიის პრევენციის პროგრამა მთავრობის მიერაა მხარდაჭერილი:

[ნიკოლოზ ფრუიძის ხმა] „როგორც სხვა ქვეყნები, ასევე ჩვენც აქცენტს ვაკეთებთ ნარკომანიის პრევენციაზე. ცნობილია, რომ პრევენცია უფრო ეფექტურია, ვიდრე ნარკომანების მკურნალობა და შემდგომი რეაბილიტაცია, თუმცა არც ამაზე ვამბობთ უარს.“

მინისტრის მოადგილის თქმით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ნარკომანიის პრევენცია საშუალო სკოლებიდან უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს საზოგადოებაში ანტინარკოტიკული განწყობის შემქმნელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდოლოგია, ისევე როგორც გასაკეთებელია ეფექტური სოციალური რეკლამა, რომელიც საზოგადოებას დაეხმარება ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ადრეულ ეტაპზე.
XS
SM
MD
LG