Accessibility links

ნატოს შეფასების მისია საქართველოს კმაყოფილი ტოვებს


ნატოს შეფასების მისიამ, რომელიც საქართველოში ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულებას 4 დღის განმავლობაში სწავლობდა,

მუშაობა დაასრულა. თბილისში მიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, საქართველოს ხელისუფლება საბოლოო დასკვნას ალიანსიდან 13 აპრილს მიიღებს. მანამდე კი სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მხრივ მიაღწია.

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე უკანასკნელი ქართველი თანამდებობის პირი აღმოჩნდა, ვინც ნატოს შემფასებელთა მისიას სახელმწიფო კანცელარიაში უმასპინძლა. დახურულ კარს მიღმა ერთსაათიანი საუბრის შემდეგ გიორგი ბარამიძე და შემფასებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი ფრენკ ბოლანდი ჟურნალისტების წინაშე მოკლე განცხადებით წარდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლი შეკითხვას არ ითვალისწინებდა, ალიანსის შემფასებელთა ჯგუფის წამრომადგენელმა უპასუხა რადიო “თავისუფლების” შეკითხვას, აქვს თუ არა საქართველოს მიღწევები “აი-პა-პის” ვალდებულებათა შესრულებაში:
[ფრენკ ბოლანდის ხმა] “ნებისმიერი ერისათვის მეტად რთული პროცესია გადალახოს პრობლემები, რომლებიც ისტორიულად ხვდა წილად. გულწრფელად უნთა ვთქვათ, რომ ეკონომიკის დაბალი დონე ზღუდავს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობას, ხორცი შეასხას ბევრ ისეთ წამოწყებას, რაც სურს. მაგრამ, ამ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, ჩვენ მართლა გაოცებულები ვართ, თუ რამდენი რამ შეიცვალა და რამდენი რამის შეცვლას გეგმავს ხელისუფლება უახლოეს მომავალში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს 26 წევრსა და საქართველოს ექნებათ სრული თანხვედრა ამ საკითხებში.”

საქართველოს ხელისუფლება ზრდის უსაფრთხოების სფეროს დაფინანსებას, რათა ქვეყანამ უზრუნველყოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების მდგრადი დაფინანსება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა გოცირიძემ.
[ჯაშა გოცირიძის ხმა] “ზუსტად ამ მიზნებს უპასუხებს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ პირველად, პრაქტიკულად, შარშან შემოიღო. მოგეხსენებათ, რომ 2006 წლის ბიუჯეტი ეს არ არის ერთწლიანი ბიუჯეტი. ეს არის 20007, 2008 და 2009 წლების ბიუჯეტი, რომელიც ზუსტად იმ ამოცანას უპასუხებს, რომ საქართველოს უზრუნველეყო “აი-პა-პის” ღონისძიებების მდგრადი დაფინანსება.”

თავისი წილი ვალდებულებების წარმატებით შესრულებით კმაყოფილია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის მიმართაც ნატოს წინა შემფასებელთა ჯგუფს ყველაზე მეტი შენიშვნა ჰქონდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ საკუთარ უწყებას დადებითი ნიშანი დაუწერა და ნატო-საქართველოს მომავლის სახელმძღვანელოს შინაარსიც იწინასწარმეტყველა:
[მამუკა კუდავას ხმა] “ამ ერთ კვირას დიდი ადგილი ექნება იმ სახელმძღვანელოში, რომელსაც ჩვენი შვილები წაიკითხავენ მომავალში. იმიტომ რომ ყველა მიმართულებით დაფიქსირდა სერიოზული პროგრესი. როგორც იცით, თავდაცვის თავი ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავია და ჩვენმა ექსპერტებმა, კოლეგებმა ნატოდან, მოიწონეს ეს დოკუმენტი თავდაცვის რეფორმების განვითარების თვალსაზრისითაც.”

ნატოს შეფასებითი მისიის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საბოლოოო დასკვნას საქართველოს ხელისუფლება აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს. დაახლოებით ამავე პერიოდში ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, აგრთვე სამხედრო და საგარეო უწყების პირველი პირები ჩავლენ. სწორედ მაშინ დაესმება წერტილი შეკითხვას, იმსახურებს თუ არა საქართველო გაწევრიანების პროცესში ჩართვას, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
XS
SM
MD
LG