Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობა ღრმავდება


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს, 8 მარტს, მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 1974 წელს დაწესებული სავაჭრო შეზღუდვებიდან სამუდამოდ

ათავისუფლებს. ეს შეზღუდვები, რომელმაც თავის დროზე სავაჭრო სტატუსი ებრაელების ემიგრაციის უფლებას დაუკავშირა, ჯეკსონ-ვენიკის შესწორების სახელით არის ცნობილი. ის, რომ ეს რეგულაცია სწორედ ახლა მოიხსნა, შემთხვევითი არ არის. დღეს ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი ჩადის; ამავე დროს, ახლოვდება 26 მარტს დანიშნული უკრაინის რადას არჩევნები.


ჯეკსონ-ვენიკის შესწორება უკვე 30 წელზე მეტია, რაც არსებობს. თავის დროზე მისი მიზანი საბჭოთა კავშირზე ზეწოლის მოხდენა იყო, რათა ებრაელებს ემიგრაციის უფლება ჰქონოდათ და საბჭოთა კავშირის დატოვება შეძლებოდათ.

ოთხშაბათს, 8 მარტს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ჯეკსონ-ვენიკის შესწორებას აუქმებს. ამოქმედებამდე კანონპროექტი შეერთებული შტატების სენატმა უნდა მიიღოს და პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელი მოაწეროს. თუმცა ეს ორივე ეტაპი, სავარაუდოდ, უკვე მალე განხორციელდება. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და წარმომადგენელთა პალატის როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი წევრები უკრაინის რადას არჩევნებამდე იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს უჭერენ მხარს.

ერთ-ერთმა კონგრესმენმა, კურტ ველდონმა, ამასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:



[ველდონის ხმა] ”პრეზიდენტი იუშჩენკო ამისაკენ უკვე დიდი ხანია მოგვიწოდებს. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი საჭირო დროს გადავდგით, ვინაიდან უკრაინა რამდენიმე კვირაში ახალ რადას აირჩევს. ამით ნათლად ვაჩვენებთ, რომ ახლა უკრაინას შეერთებული შტატების მთავრობა და მოსახლეობა სრულად უჭერენ მხარს.”

ვიქტორ იუშჩენკომ ჯეკსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებას ხელისუფლებაში მოსვლიდან მალე დაუჭირა მხარი. 2005 წლის აპრილში კი შეერთებულ შტატებში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა:

[იუშჩენკოს ხმა] ”კონგრესის წევრებო, მე ჯეკსონ-ვენიკის შესწორების გაუქმებისკენ მოგიწოდებთ; გადადგით ეს ნაბიჯი უკრაინისკენ; დაანგრიეთ ეს კედელი.”

აქამდე ჯეკსონ-ვენიკის შესწორების პირობები მხოლოდ განსაზღვრული დროით იხსნებოდა ხოლმე. შესწორების მთლიანად გაუქმების შემდეგ კი შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმება ამოქმედდება. შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირის დასაწყისში მოაწერეს. თებერვალში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ”საბაზრო ეკონომიკის” სტატუსი მიანიჭა. ჯეკსონ-ვენიკის შესწორების გაუქმება კი შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის საჭირო ბოლო სტადია იქნება.

ამერიკელი კონგრესმენის ტომ ლანტოსის თქმით, მან კანონპროექტს მხარი ყოყმანით დაუჭირა:

[ლანტოსის ხმა] ”ყველა ჩემი კოლეგის მსგავსად, მე მივესალმები უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ გადადგმულ დემოკრატიულ ნაბიჯებს. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანა აკმაყოფილებს ჯეკსონ-ვენიკის შეზღუდვების გაუქმებისთვის საჭირო უმთავრეს პირობას: ებრაელებს უკრაინის დატოვების უფლება აქვთ. მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ზოგადი ვითარება და განსაკუთრებით ის, რომ იქ ბევრი არაფერი კეთდება მზარდ ანტისემიტიზმთან საბძოლველად.”

ლანტოსის თქმით, უკრაინის მთავრობამ ერთ-ერთ ადგილობრივ უნივერსიტეტს ლიცენზია უნდა ჩამოართვას, რადგან იქ ანტისემიტიზმის გაღვივება ხდება. გავრცელებული ცნობებით, ამ უნივერსიტეტში ამერიკელმა რასისტმა და კუ-კლუქს-კლანის ყოფილმა ლიდერმა დავიდ დიუკმა, სიონიზმის შესახებ დისერტაცია დაიცვა და მას დოქტორის სტატუსი მიენიჭა. დიუკი აგრეთვე უნივერსიტეტში 2005 წელს გამართული კონფერენციის სტუმარი იყო. კონფერენციას ”სიონიზმი - მსოფლიო მშვიდობის საფრთხე” ეწოდებოდა.
XS
SM
MD
LG