Accessibility links

logo-print

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვმა ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ საქართველოს ისტორიაში პირველად გადააჭარბა ნახევარმილიარდიან ნიშნულს. დღეს საქართველოს ეროვნულ

ბანკს 500 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი სავალუტო რეზერვი აქვს, რომლის მეშვეობითაც, საფინანსო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნების გარდა, ქვეყნის საგარეო ვალების შეუფერხებელი მომსახურებაა შესაძლებელი. მინდა ქვეყნის სავალუტო რეზერვის შევსების წყაროებისა და მისი სტრუქტურის შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 502 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სავალუტო რეზერვები სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მიერ, ტრადიციულად, საფინანსო სისტემის მდგრადობის შესანარჩუნებლად, საგარეო ვალების შეუფერხებელი მომსახურებისათვის და დამატებითი შემოსავლების მისაღებად გამოიყენება. ანალოგიური დანიშნულება აქვს მას საქართველოს შემთხვევაშიც, ანუ რაც უფრო მეტია რეზერვი, მით უფრო მეტი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი, მით უფრო დაცულია ეროვნული ვალუტის კურსი და მით უფრო პირნათელია ქვეყანა თავისი საგარეო ვალდებულების გასტუმრებისას.

ეკონომიკური ექსპერტები ფიქრობენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების არსებული დონე საქართველოს საფინანსო და სავალუტო ბაზრების სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

საქართველომ თავისი საერთაშორისო სავალუტო რეზერვის ფორმირება 1994 წლიდან დაიწყო, მაშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში თავისი პროგრამის დაფინანსება დაიწყო და ქვეყანას ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად შეღავათიანი კრედიტი გამოუყო. საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული ტრანშები დიდი ხნის განმავლობაში რეზერვის შევსების ერთ-ერთ სერიოზულ წყაროდ იყო მიჩნეული. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად, რეზერვებში სოლიდური თანხები წარიმართა. 1994 წლის შემდეგ საქართველოს ყველაზე მეტი მოცულობის რეზერვი აქვს დღეს, ყველაზე ნაკლები, 109 მლნ აშშ დოლარის ოდენობით კი, 2000 წლის ბოლოს ჰქონდა.

მიღებული პრაქტიკაა, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები რამდენიმე ვალუტაში განთავსდეს, რათა იგი მაქსიმალურად იყოს დაცული მსოფლიო საფინანსო ბაზარზე პერიოდულად წარმოქმნილი სავალუტო რყევებისაგან. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ამჟამად ორ ვალუტაში – აშშ დოლარსა და ევროში - არის დენომინირებული. ამასთან, სავალუტო პოზიცია დოლარის სასარგებლოდაა – ეროვნული ბანკის რეზერვის 70 % სწორედ ამერიკულ ვალუტაში, ხოლო 30% ევროში ინახება. რასაც ეროვნულ ბანკში რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სავალუტო რისკების დივერსიფიცირება და რეზერვების მართვით მისაღები შემოსავლების გაზრდა. ამასთან, რეზერვების გადანაწილების პროპორცია მოსახერხებელი უნდა იყოს იმისათვის, რომ ქვეყანა შეუფერხებლად მოემსახუროს საგარეო ვალებს, რომელიც, ძირითადად, ასევე აშშ დოლარშია დენომინირებული.

დამატებითი შემოსავლის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები განთავსებულია ამერიკის შეერთული შტატებისა და ევროპის უმაღლესი კატეგორიის ბანკებში დეპოზიტებზე და აგრეთვე სხვადასხვა ფასიან ქაღალდებში, საიდანაც ქვეყანა შესაბამის დივიდენდებს იღებს.2006 წლის იანვარ-თებერვალში საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებულმა შემოსავლებმა 5 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლების ძირითადი ნაწილი უცხოურ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე მოდის.
XS
SM
MD
LG