Accessibility links

logo-print

ერაყში მოკლული იპოვეს ქრისტიანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის ამერიკელი თანამშრომელი


ერაყში კიდევ ერთი უცხოელი მოკლეს. როგორც კვირას გამოცხადდა, ხუთშაბათს ბაღდადში იპოვეს ამერიკელი ტომ ფოქსის გვამი.

ფოქსი და ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ქრისტიან მშვიდობისდამცველთა რაზმების" კიდევ სამი სხვა თანამშრომელი - ორი კანადელი და ერთი ბრიტანელი - ნოემბერში მოიტაცეს მეამბოხეებმა. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

ბაღდადის პოლიციის ცნობით, ტომ ფოქსი თავისა და მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, თუმცა, მას სხეულიც დანით ჰქონდა დასერილი; მოკლულისთვის ხელები თოკით შეეკრათ.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ცოცხალია თუ არა ფოქსთან ერთად მოტაცებული მისი სამი თანამშრომელი. გამტაცებლები - მეამბოხეთა დაჯგუფება "სიმართლის მახვილების" წევრები - რამდენიმეჯერ დაიმუქრნენ, რომ მძევლებს მოკლავდნენ, თუ ციხეებიდან არ გაათავისუფლებდნენ ყველა ერაყელ პატიმარს.

ცნობამ კოლეგის მკვლელობის შესახებ თავზარი დასცა ტომ ფოქსის ამერიკელ თანამშრომლებს. აი, რას ამბობს ერთ-ერთი მათგანი - ჩიკაგოელი სარა რეშლი:

[სარა რეშლის ხმა] "ტომი უაღრესად სულგრძელი ადამიანი იყო, ძალიან მშვიდი და მშვიდობის საქმის თავდადებული მსახური, განსაკუთრებით ერაყში."

ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის მკვლელობამ ბევრი ერაყელიც აღაშფოთა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა რიგით ბაღდადელს, ალი ხაზელს:

[ალი ხაზეის ხმა] "ერაყში არ უნდა კლავდნენ ადამიანებს, თუ ქვეყანას სურს, უცხოეთში კარგი რეპუტაცია ჰქონდეს. ასეთ ფაქტებს ცუდი შედეგები მოჰყვება და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ უფრო გაუუარესებს ჩვენზე წარმოდგენას. როგორ შეიძლება, ჰკლავდე კაცს, რომელიც პატიოსნად აკეთებს თავის გასაკეთებელს, ემსახურება ჰუმანიტარულ საქმეს, ხალხს..."

ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მძევლად აიყვანეს 200-ზე მეტი უცხოელი და ათასობით ერაყელი. მათგან, ტომ ფოქსის ჩათვლის, 55 უცხოელი სიცოცხლეს გამოასალმეს: 41 შარშან, ხოლო 14 - წელს.
XS
SM
MD
LG