Accessibility links

.


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკურ პროცესებს ფართოდ გახმაურებული მოვლენები ახლდა. პრესის მიმოხილვაში

შევეხებით მათაც და მათ ჩრდილში მოქცეულ ზოგიერთ სხვა ამბავსაც.

"კიდევ ერთი წარმატება გადადექი!-ს ფონზე" - ასე ასათაურებს გაზეთი "24 საათი" წერილს "თბილგაზის" გენერალური დირექტორის, გიორგი გვიჩიანის დაკავების შესახებ და ნათელია, რომ სათაურის სემანტიკა იტევს სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ ფაქტებსაც. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუფარავად ამხილა პირი, რომლის დახმარებითაც გამოძიება ნიკა ლომინაძის მკვლელებსა და ამ მკვლელობის შემკვეთზე გავიდა. მკვლელობის მოტივი ფინანსური მაქინაციაა, რომლის შედეგად რუსეთის ჯარების შტაბის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისათვის გადახდილი 2,5 მილიონი ლარი დაიკარგა და რომელთან გიორგი გვიჩიანის კავშირის შესახებ '24 საათი' არაერთხელ წერდა”. რაც შეეხება პირთა დაკავებას, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას მოჰყვა, იმავე გაზეთის სხვა წერილში ვკითხულობდით: ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი ეკარგება და ძალაუფლებისგან გაყოყოჩებული მოხელეები ადამიანს უმთავრეს კონსტიტუციურ უფლებას - სიცოცხლის უფლებას ართმევენ, იქ უკვე აღარანაირ წარმატებასა და მიღწევაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.

გაზეთი ”ხვალინდელი დღე” წერდა საპარლამენტო ფრაქციის, დემოკრატიული ფრონტის ინიციატივაზე, კანონის ძალით მეწარმეებს ჩამოეწეროთ 2004 წლამდე არსებული ყველა საგადასახადო დავალიანება. გაზეთი მკითხველს შეახსენებს ხელისუფლების მიერ 2005 წელს გამოცხადებულ ფინანსურ ამნისტიას და განმარტავს პრინციპულ განსხვავებას მაშინდელ და ახლანდელ ინიციატივებს შორის: ახალი კანონპროექტით დავალიანებები ჩამოეწერებათ იმ მეწარმეებს, რომელთაც თავიანთი ვალდებულებების დეკლარირება მოახდინეს, მაგრამ ფინანსებისა და მძიმე საგადასახადო კოდექსის გამო ამ თანხების გადახდა ვეღარ შეძლეს. ეს იქნება რეალური ფინანსური ამნისტია და ბიზნესის განვიტარების საფუძველი, მიაჩნიათ ოპოზიციონერებს. ”ხვალინდელი დღიდანვე” ვიგებთ ხელისუფლების პოზიციასაც. ფინანსთა მინისტრი ალექსიშვილი დემოკრატიული ფრონტის ინიციატივას წარმოუდგენელს უწოდებს, რადგან ასეთი კანონი უკვე მიღებულია და მან თავისი როლის შეასრულა”.

გაზეთი ”რეზონანსი” კი წერდა, როგორ შეაჯამა საქართველოში ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემფასებელთა დელეგაციამ. ქართულ მხარესთან ინდივისუალური პარტნიორობის პროგრამის შედეგთა განხილვისას გამოიკვეთა, რომ საქართველომ მოკლე დროში რეფორმების კუთხით საგრძნობ პროგრესს მიაღწია, რაც ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისი ინტეგრაციის პროცესს. დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატოს დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ფრენკ ბოლანდმა განაცხადა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონსტრუქციული განხილვები გვქონდა.ჩვენ მიღწეული შედეგებით კმაყოფილი ვართ. ვიმედოვნებთ, მოკავშირეები 13 აპრილს, ბრიუსელში IPAP-ის შესრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილ განხილვაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, წერდა ”რეზონანსი”.

გაზეთი ”ალიაში” კვირის მანძილზე შეხვდებოდით წერილებს ასეთი სათაურებით: ”საიდუმლო დოკუმენტი კრემლიდან - სახელისუფლო კულუარებში პანიკაა.” ”ბურჯანაძე მერაბიშვილს დაემუქრა”. ბადრი პატარკაციშვიმა არამიანცის საავადმყოფო იყიდა”. თბილისის იაპონურ და ჩინურ რესტორნებს დახურვა ემუქრებათ”. ოღონდ ყველა ამ სათაურს გაზეთი კითხვის ნიშანს ურთავს. ამ მეთოდი იყენებენ შაბათის, 11 მარტის ”ალიაშიც”. ”მოხელეებს მინისტრი კი არა, კომპიუტერი დააწინაურებს”. ”ვარშალომიძის ესკორტმა კაცი გაიტანა”. ”ვარშალომიძე საბიუჯეტო ფულს ფლანგავს”. ”უგულავამ მერიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე საკუთარი ბიძა დანიშნა”. ”დოკუმენტი ნატოს წინააღმდეგ” - ეს სულ კითხვითი წინადადებებია. ალია ავრცელებს ინფორმაციას დეპუტატ გიგა ბოკერიასა და ოპოზიციის წარმოამდგენელთა დახურულ შეხვედრებზე. ისინი შედგა პარლამენტის წინ გასულ კვირაში მიმდინარე აქციების გამო. ციტატა: ”ბოკერიამ ოპოზიციონერებს უთხრა, ხომ ხედავთ, ასე რომ იქცევით, ამით რუსეთი სარგებლობსო, რაზეც ოპოზიციამ მიუგო. სჯობს, ჩვენ ვისარგებლოთ თქვენი სუსტი მმართველობით, ვიდრე იგორ გიორგაძემ და ასლან აბაშიძემო. მათ შორის დაახლოებით ასეთი საუბარი შედგა” (ციტატის დასასრული).

11 მარტის ”ახალი თაობა” იუწყება, რომ თბილისში ბავშვები ქათმის გრიპით არ დაღუპულან. ფრინველის გრიპს გაზეთთან საუბარში გამორიცხავს ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი. ”იმის თქმა შეიძლება, რომ საქმე არ გვაქვს ვირუსულ გადამდებ დაავადებასთან. სანამ ბავშვებს გამოვიკვლევთ, სკოლაში კარანტინი იქნება. სკოლას მხოლოდ გამოკვლევის შემდეგ მივცემთ მუშაობის საშუალებას” - აცხადებს მესხიშვილი.
XS
SM
MD
LG