Accessibility links

logo-print

ლევან პაატაშვილი - 80


12 მარტს ცნობილ ქართველ კინოოპერატორს,

საქართველოს სახალხო არტისტს ლევან პაატაშვილს 80 წელი შეუსრულდა.

თავის იუბილეს “ქართული საოპერატორო სკოლის პატრიარქად” მონათლული ლევან პაატაშვილი მოსკოვში აღნიშნავს. დამოუკიდებელ საქართველოში ვერ გამოინახა ადგილი ოსტატისთვის, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული ოპერატორების გვერდით იხსენიებენ. თუმცა ლევან პაატაშვილის მიერ შექმნილი ქართული საოპერატორო სკოლა კვლავაც ცოცხალია. დღეს ოსტატის საქმეს მისი მოწაფეები აგრძელებენ. სწორედ ლევან პაატაშვილის მოწაფეებს ვესაუბრე “ოქროს საუკუნის” დღევანდელ პროგრამაზე მუშაობის დროს.

კინემატოგრაფისტთა წრეებში ამბობენ, ოპერატორებს ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვართო, მომაბეზრებლები არიან, გულს უწყალებენ ყველასო. ზოგიერთი კინემატოგრაფისტი ცდილობს ახსნას კიდეც ეს, ეგრეთ წოდებული, “ოპერატორის კომპლექსი” – როცა თვალი უფრო დაძაბულია, ვიდრე ყური ან, თუნდაც, ენა, ლაპარაკის და მოსმენის ვნება მძაფრდება... გადასაღებ მოედანზე ხშირად შეიძლება იხილოთ ასეთი სცენა: ოპერატორი რაღაცის მტკიცებას იწყებს, ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ მსახიობი ცუდადაა განათებული, კადრი სრულიად უსახოა, მაგრამ მას მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ – არ შეიძლება გადაღება უსასრულოდ გაგრძელდეს, არავინ გაიმეტებს ფულს “უსასრულო შემოქმედებისთვის”.

90-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველოში ყველაფერი აირია, ლევან პაატაშვილი მოსკოვში დაბრუნდა. იქ მას კარგად იცნობდნენ, პატივს სცემდნენ – სხვა რომ არაფერი, რუსული-საბჭოთა კინოს კლასიკური ფილმები “რომანსი შეყვარებულებზე”, “სიბირიადა”, “სრბოლა” გადაიღო. მაგრამ ცოტა ხანში თბილისში ხმა გავრცელდა, რუსი კინორეჟისორები პაატაშვილთან მუშაობას ერიდებიანო... ნელა მუშაობს, მთელ გადამღებ ჯგუფს აწვალებს, ისევ საბჭოთა ეპოქაში ჰგონია თავი, როცა კინოწარმოებას სახელმწიფო აფინანსებდაო.

შეიძლება ითქვას, რომ ბედი არ სწყალობს დიდ ხელოვანს. საბჭოთა ეპოქაში, თუნდაც 70-იან, 80-იან წლებში, როცა საქართველოში გადაიღო რეზო ესაძის ფილმები “წისქვილი ქალაქის გარეუბანში”, “ნეილონის ნაძვის ხე”, ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთები”, კინობიუროკრატები ამბობდნენ, გვესმის, რომ ეს კაცი სულ ძიების პროცესშია, მაგრამ როგორ შეიძლება ნორმატიული ტექნიკური პარამეტრების დარღვევა, ეს ხომ ლაბორატორიასთან კონფლიქტს იწვევსო. სხვათა შორის, სწორედ კინობიუროკრატებთან კონფლიქტის გამო დაუბრუნდა პაატაშვილი სამშობლოს 80-იანი წლების დასაწყისში. ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკის “რომანსი შეყვარებულებზე” მეტისმეტად რევოლუციურად მიიჩნიეს გამოსახულების თვალსაზრისით.

[ხმა. “რომანსი შეყვარებულებზე”]

ალექსანდრ გრადსკის ეს სიმღერა, “იავნანა”, მიხალკოვ-კონჩალოვსკის ფილმის ტიტრებზე ისმის. მთავრდება სევდიანი ამბავი საბჭოთა რომეოსა და ჯულიეტასი და ეკრანზე, ტიტრებთან ერთად, მოსკოვის პეიზაჟები ჩნდება. მაგრამ პაატაშვილის თვალით დანახული მოსკოვი ისეთია, თითქოს ოპერატორმა რაღაც სხვა, არარსებული ქალაქი გადაიღო, თითქოს სასურველი ქალაქი დახატა და არა გადაიღო... სწორედ ამ ფილმში გახდა ნათელი: პაატაშვილი საოპერატორო ხელოვნების რადიკალურ ცვლილებაზე ოცნებობს; მას უნდა, რომ კამერა კი არ აღბეჭდავდეს, არამედ ცვლიდეს სინამდვილეს; მას სურს გააცოცხლოს, სულიერება მიანიჭოს ცივ კინოობიექტივს, იგი დაჟინებით ცდილობს კინოკამერა მხატვრის ფუნჯს დაამსგავსოს. რუსულ-საბჭოთა კინოში ასეთი სტილი არასდროს ჰყვარებიათ. აქ უფრო “ყოფით კინოს” ანიჭებდნენ უპირატესობას – ეკრანზე არაყი თუ არ გამოჩნდა ან ჭუჭყიანი ქვაბები, გამოსახულება “არარეალისტურად” ითვლებოდა. მაგრამ ლევან პაატაშვილისთვის “პერედვიჟნიკური” ტრადიციები უცხო იყო, იგი სხვა კულტურის შვილია – პოეტური ფერწერის კულტურისა.

[დავით გუჯაბიძის ხმა] ”უამრავი ადამიანი იღებს კარგად, მაგრამ ოპერატორი არის ცოტა... ოპერატორის პროფესიას მე შევადარებდი პოეტისა და დირიჟორის სიმბიოზს და სწორედ ეს აქვს ბატონ ლევანს და ეს გამოარჩევს მას ყველა ოპერატორისგან მსოფლიოში. მას ისეთ ქვეყანაში და ისეთ ეპოქაში მოუხდა ცხოვრება, რომ არ ჰქონდა დიდი ”პრომოუშენი”. თორემ სტორაროზე ნაკლები იგი ნამდვილად არ არის.”

ეს დავით გუჯაბიძეა, ლევან პაატაშვილის მოწაფე, თეატრალური ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტის პირველი კურსდამთავრებული.

ამ სახელოსნოს სწორედ ლევან პაატაშვილი ხელმძღვანელობდა. თეატრალურ ინსტიტუტში მუშაობა პაატაშვილმა მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაიწყო. თავიდან ყველა პირობა შეუქმნეს. პაატაშვილის, როგორც ოპერატორის, პირველ ფილმს, თენგიზ აბულაძის “სხვის შვილებს”, ახალი ქართული კინოს პირველ დიდ გამარჯვებად მიიჩნევდნენ. იმასაც ამბობდნენ, თბილისი ასე არავის გადაუღია კინოშიო. დავით გუჯაბიძის თქმით, ლევან პაატაშვილმა თავიდანვე დაარწმუნა ქართველი კინემატოგრაფისტები, რომ ოპერატორის ხელოვნება არ არის “სწორად გადაღებული ფილმი”... პირიქით, ოპერატორს არ უნდა შეეშინდეს სიახლის და არასდროს აქციოს კამერა პასიურ დამკვირვებლად:


[დავით გუჯაბიძის ხმა] ”ოპერატორის ხელოვნება იწყება იქ, როდესაც შენ არღვევ ყველაფერს; როცა კადრიც გიყანყალებს, როდესაც შეიძლება ფოკუსი იყოს არეული, მაგრამ ეს იყოს დიდი მხატვრულობა - ისე, როგორც არის, მაგალითად, ფილმში ”რომანსი შეყვარებულებზე”. (სტილი დაცულია)

ლევან პაატაშვილის კიდევ ერთი მოწაფე, გიორგი ბერიძე, ლეგენდად ქცეული ოპერატორის პედაგოგიურ ნიჭზე გვესაუბრება. გიორგი ამბობს, რომ პაატაშვილი არა მარტო დიდი ოპერატორი, არამედ ბრწყინვალე თეორეტიკოსიცაა, კაცი, რომელიც სულ რამდენიმეწუთიანი ურთიერთობის დროსაც უამრავ სასარგებლო ინფორმაციას იძლევა:

[გიორგი ბერიძის ხმა] ”ზუსტად ათი წლის წინ დავამთავრეთ საოპერატორო ფაკულტეტი. ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი, რომელიც საქართველოში გამოუშვეს. მაშინ იგი 70 წლის გახდა... ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გვასწავლა - ბუნებით პედაგოგი... თავისი ათასნაირი უცნაური თვისებით - ძალიან ემოციურად. ჩვენ ორი წელი სულ ფოტოებს ვიღებდით, ტირილამდე მივსულვართ - ასი ფოტოდან შეიძლებოდა ერთი მოსწონებოდა მხოლოდ და ყველა დანარჩენი გადაეხია. ასევე, თითქმის უსიტყვოდ შეუძლია გაგრძნობინოს, რა მოეწონა. როგორც ჩვენი არ მოსწონდა არაფერი, ასევე თავისი არ მოსწონდა არაფერი, ასეთივე კრიტიკულია თავისი თავის მიმართ.”(სტილი დაცულია)

ლევან პაატაშვილს სრულიად განსხვავებული სტილის რეჟისორებთან მოუხდა მუშაობა, მაგრამ მისი მოწაფეები ამბობენ, რომ ყოველთვის ცნობენ მაესტროს ხელწერას. გიორგი ბერიძე იხსენებს “ცისფერ მთებს”, რომელშიც პაატაშვილმა მაგიდის ნათურები დადგა, რათა როგორმე შეექმნა სიმყუდროვე ზამთრის ნოველებში და ჰაერით მაინც გაევსო ადამიანურობას მოკლებული საბჭოთა ბიუროკრატული გარემო:

[გიორგი ბერიძის ხმა] ”ითვლებოდა, რომ ლევან პაატაშვილი ნელა მუშაობს. იმ რეჟისორებმა, რომელთაც უნდოდათ ლევანთან მუშაობა, იცოდნენ ლევანის მუშაობის სტილი და ენდობოდნენ. რეზო ესაძე, მაგალითად, მახსოვს, როგორ თამაშობდა ჭადრაკს და როგორ ელოდებოდა, როგორ მუშაობდა ამ დროს ლინზებზე, ანუ ასი პროცენტით მისი დრო და ენერგია საქმით იყო დაკავებული.”(სტილი დაცულია)

ქართველებმა ლევან პაატაშვილის ახირებული ხასიათი, მისი ბრძოლისუნარიანობა ადვილად აიტანეს. ბოლოს და ბოლოს, პრესტიჟის საქმე იყო მუშაობა ადამიანთან, ვისაც სტორაროს, პასკუალინო დე სანტისს ადარებდნენ. მაგრამ ლევან პაატაშვილი მაინც იძულებული გახდა წასულიყო საქართველოდან. ალბათ, იმიტომ, რომ იგი ვერასდროს ეგუებოდა უსაქმურობას, დაუდევრობას, საქმისადმი არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას; ალბათ, იმიტომ, რომ კინოხელოვნება მისი ცხოვრების ნაწილი გახდა, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი ქართული კულტურა – დაუდევრობამ და არაპროფესიონალიზმმა მოიცვა, კინო კი – გარდაიცვალა... ყოველ შემთხვევაში, აღარ არსებობდა ის, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდა პაატაშვილი – სინათლითა და ადამიანურობით სავსე სივრცე. არც კინოში არსებობდა და არც ცხოვრებაში.


XS
SM
MD
LG