Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და რუსი მესაზღვრეები პოლიტიკურ უამინდობაშიც ახერხებენ თანამშრომლობას


რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე სამუშაო ვიზიტით მოსკოში გაემგზავრა.




ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის სასაზღრო უწყების პირველი პირები საზღვრის ერთობლივი დაცვის მხრივ გაწეულ სამუშაოებს შეაფასებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ. ქართველი და რუსი მესაზღვრეები აცხადებენ, რომ, პოლიტიკოსებს შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, ჩრდილოეთ საზღვარზე თანამშრომლობა არ შეწყვეტილა.

სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთების ერთობლივი კონტროლის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც მოსკოვი საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას საერთაშორისო ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდა და პრევენციული საავიაციო იერიშებით ემუქრებოდა. შეთანხმებაში გაიწერა საზღვრის მონაკვეთის ერთობლივი დაცვის ამოცანები და ერთობლივი საშტაბო სწავლება, რაც, ქართველ მესაზღვრეთა შტაბის უფროსის პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, რეგულარულად ხორციელდება.:

[კობა ბოჭორიშვილის ხმა] “საშტაბო წვრთნები იქნება და, ამ წვრთნებიდან გამომდინარე, ჩაერთვებიან მონაკვეთებზე ოფიცრები, ურთიერთქმედება რომ იყოს და ინფორმაციის გაცვლა რეგულარული.”(სტილი დაცულია)

ეს ინტერვიუ პოლკოვნიკ ბოჭორიშვილთან შარშან 9 დეკემბერს ჩავიწერე, როდესაც ქართველი და რუსი მესაზღვრეები ტრადიციულ შეხვედრაზე ერთმანეთს ქალაქ სტეფანწმინდაში შეხვდნენ. რუსეთის მხრიდან 4 კაციან დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონული სამსახურის უფროსი გენერალი ალექსანდრ ზაბროდინი. რუსმა გენერალმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საზღვრის ერთ დროს ყველაზე უფრო მღელვარე მონაკვეთზე აღარავითარი პრობლემა არ არსებობს:
[ალექსანდრ ზაბროდინის ხმა] “ჩვენ იმის კონსტატირება მოვახდინეთ, რომ არავითარი არსებითი პრობლემები სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ მიმართულბაზე - მათ შორის, ჩეჩნეთ-ინგუშეთის საგუშაგოზე - არ არსებობს. არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ საზღვრის დარღვევები არ მომხდარა.”

მაგრამ შარშანდელი დეკემბრის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში თავი იჩინა ორმა მძიმე თემამ: მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარმა აფეთქებამ და დადგენილებამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩანაცვლების შესახებ. შესაბამისად, საინტერესოა, როგორ აისახა დიპლომატიური დაძაბულობა ქართველი და რუსი მესაზღვრეების თანაშრომლობაზე და რაზე ისაუბრებენ მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პირველი მესაზღვრეები. აი, რა განაცხადა ამ შეკითხვაზე პოლკოვნიკმა კობა ბოჭორიშვილმა, რომელიც დელეგაციაში იმყოფება:

[კობა ბოჭორიშვილის ხმა] “არა, არავითარი გაუგებრობები არ არსებობს. ხელშეკრულება იქნება 2007 წლის სამოქმედო გეგმებზე, უფრო მეტად -ინფორმაციების გაცლაზე ერთმანეთთან, თუ რა მდგომარეობაა მწვანე და გამტარ პუნქტებზე და საზღვაო აკვატორიის პრობლემებსაც შევეხებით.” (სტილი დაცულია)

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე პირველი ქართველი მაღალი თანამდებობის პირია, ვინც მიმდინარე წელს რუსეთის დედაქალაქში რუსი კოლეგის ვლადიმირ პრონიჩევის მიწვევით ჩადის. მანამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ დადგენილების გამო, უკმაყოფილო მოსკოვმა ვიზიტზე უარი უთხრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო დელეგაციას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG