Accessibility links

logo-print

რა პრეტენზიები აქვს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ხელისუფლებასთან და რატომ ეკიდება ის სიფრთხილით პოლიტიკური პარტნიორების შერჩევას


13 მარტს საერთაშორისო პრესცენტრში ”ახალი ამბები - საქართველო” შედგა ტელეხიდი, რომლის მსვლელობისას რუსი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა. რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციაში გადანაცვლებულ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ხელისუფლებასთან? როგორ წარმოუდგენია მას და მის პარტიას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოწესრიგება? რატომ ეკიდება ასეთი სიფრთხილით ექს-მინისტრი ოპოზიციაში პოლიტიკური პარტნიორების შერჩევას? როგორ უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების ამ და სხვა შეკითხვებს?

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”დღევანდელი კონსტიტუციით, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ისიც ვიცი, რომ კონსტიტუციები იცვლება. ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენი მთელი ენერგია იმისკენ არის მიმართული, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და როცა ეს მოხდება, დიდი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება პრეზიდენტი - ეს არის ყველაზე სანატრელი დრო საქართველოსთვის. ”

თბილისში საერთაშორისო პრესცენტრში გამართული ტელეხიდისას ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას, შეძლებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ შორია, ახლო მომავალში კი სალომე ზურაბიშვილის ახლად დაფუძნებული პარტია ”საქართველოს გზა” ადგილობრივ არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას. როგორი ფორმით მიიღებს ”საქართველოს გზა” ამ არჩევნებში მონაწილეობას და არჩევნების წინ რომელ ოპოზიციურ პარტიასთან შევა თანამშრომლობაში, გამოკვეთილი არ არის. სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ ფრთხილად ეკიდება პოლიტიკური პარტნიორების შერჩევას, იქიდან გამომდინარე, რომ უფრთხილდება საკუთარი მხარდამჭერების ნებას და გემოვნებას. ამბობს, რომ პარტია სწორედ მხარდამჭერების ინტერესების გარშემო უნდა იყოს ჩამოყალიბებული და არა პიროვნების ან პიროვნებების გარშემო. სადავო არაა, რომ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ოპოზიციაში ასეთი პოლიტიკური გაერთიანების მოძებნა ძნელია. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ოპოზიციის სიძლიერე ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნეში ცალ-ცალკე აღებული პარტიების სიძლიერესა და ოპოზიციის მრავალფეროვნებას უნდა ეფუძნებოდეს. რადგან საქართველოში ოპოზიცია სუსტია და საარჩევნო გაერთიანებების გარეშე აზრს კარგავს ოპოზიციური ძალების არჩევნებში მონაწილეობა, სალომე ზურაბიშვილი იფიქრებს არჩევნების წინ თავისი პარტიის სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე.

”საქართველოს გზა” უმთავრეს პრიორიტეტად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე მუშაობას სახავს. მისი ლიდერი ამბობს, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს დაანახვოს, რომ შეუძლია ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობაზე საბოლოო უარის თქმა. სალომე ზურაბიშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების გზებიც მაშინ გაიყარა, როცა ზურაბიშვილმა დაინახა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიის კურსს. ”ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოების გააქტიურებით ხელისუფლება დავუბრუნოთ ამ კურსსო,” - აღნიშნავს ექს-მინისტრი და დასძენს: ” თუ ასე არ მოხდა, მაშინ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა აიღოსო.”

საქართველოსა და რუსეთს შორის ტელეხიდი გვერდს ვერ აუვლიდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემას. ამ თემის წინ წამოწევით რუსი ჟურნალისტები უფრო აქტიურობდნენ. პასუხი მათ შეკითხვებაზე ასეთი იყო:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”მე მგონი, ის შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ სამხედრო ბაზებზე, იყო სწორი მიმართულება. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობის. ”

ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, საჭიროა დადგინდეს საზღვრები რუსეთთან, რადგან შეუძლებელია ნორმალური ურთიერთობის აწყობა სახელმწიფოებს შორის, რომელთაც დავა აქვთ საზღვრებთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG