Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტი დაცემული რეიტინგის გამოსწორებას


ერაყში საქმე ისე კარგად არ არის, როგორც სასურველი იქნებოდაო,- ამ შინაარსის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა 13 მარტს

- ერთი კვირით ადრე იმ დღემდე, როცა ერაყში სამხედრო ინტერვენციის დაწყების მესამე წლისთავი შესრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჯორჯ ბუში მიმართვების მთელი ციკლით ცდილობს, დაარწმუნოს ამერიკელები თავისი პოლიტიკური კურსის მართებულობაში. მიზეზი კი საამისოდ საკმარისი აქვს: ბუშის რეიტინგი არასოდეს ყოფილა ისე დაბალი, როგორც ახლა. ზოგ საკითხში მას თანაპარტიელი კონგრესმენებიც კი აკრიტიკებენ.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბუშმა ერაყის საკითხზე საგანგებო მიმართვაში აღიარა, ერაყში საქმე ისე არ მიდის, ჩვენ რომ გვსურსო, მან პოზიტიურ ტენდენციაზეც ილაპარაკა: აღნიშნა, რომ ერაყის ჯარები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, სულ უფრო მეტ ამოცანას იბარებენ ამერიკელი და სხვა უცხოელი სამხედროებისაგან.

ერაყელებს, შესაძლოა, კიდევ ესაჭიროებოდეთ წვრთნა, და ზოგი შენაერთი, შესაძლოა, შედარებით სუსტი იყოს, მაგრამ ბუშს სჯერა, რომ ერაყს მალე ეყოლება მისი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე მზრუნველი სანდო,უნარიანი ჯარი. [ჯორჯ ბუშის ხმა] “მეტი ერაყელი პოლიციელი და ჯარისკაცი რომ ჩადგება მწყობრში, მეტი ტერიტორიის გაკონტროლებას შეძლებს - იმ მიზნით, რომ 2006 წლის მიწურულს ერაყელები მეტ ტერიტორიას გააკონტროლებენ, ვიდრე კოალიციის ჯარები. და როცა ერაყელები მეტ ტერიტორიას გააკონტროლებენ, ეს გაათავისუფლებს ამერიკელებსა და კოალიციის ჯარებს ერაყელების წვრთნის მოვალეობისაგან და ისინი გადავლენ ისეთი მნიშვნელოვანი ეჭვმიტანილების დევნაზე, როგორიც არიან ტერორისტი ზარყავი და მისი თანაშემწეები”.

იქვე ჯორჯ ბუშმა ამერიკელებს მეტი მოთმინების გამოჩენისაკენ მოუწოდა: მისი თქმით, ერაყის გადასვლა დიქტატურიდან დემოკრატიაზე მძიმე პროცესია, განსაკუთრებით, სადამ ჰუსეინის მიმდევრებისა და “ალ-ყაიდის” წევრების შეიარაღებული წინააღმდეგობის გამო. და თუ ამერიკელებს მოთმინება სთხოვა, ერაყელებს ჯორჯ ბუშმა კომპრომისისათვის მზადყოფნისაკენ მოუწოდა: კომპრომისი ეხება ახალ მთავრობას შიიტების, სუნიტების და ქურთების შემადგენლობით. [ჯორჯ ბუშის ხმა] “სიამოვნებით გეტყოდით, რომ ძალადობა კლებულობს და რომ გზა, წინ რომ გიდევთ, ადვილი იქნება. ასე არ არის. კიდევ იქნება მძიმე ბრძოლები, კიდევ ვიხილავთ ქაოსსა და ნგრევას მომავალ დღეებსა და თვეებში. ტერორისტები ბრძოლის ველზე მარცხდებიან, ამიტომ იბრძვიან ამ ომში სურათებით, რომელთაც ყოველ დღე ვხედავთ ტელევიზიასა და გაზეთებში. მათ იმედი აქვთ, რომ გაგვტეხავენ და უკან დაგვახევინებენ. ისინი ამას ვერ მიაღწევენ.”

ჯორჯ ბუშის ამ სიტყვების ფონია მისი პოლიტიკისდმი მხარდაჭერის სარეკორდოდ დაბალ დონეზე დაცემა: ერაყის ომს - გამოკითხულების 40 პროცენტიც კი არ მიემხრო, 80-მა პროცენტმა კი გამოთქვა შეფასება, რომ ერაყი სამოქალაქო ომის პირასაა მისული.

ბედის ირონიით, ერაყის პოლიტიკის საკითხებში ამერიკელების მხარდაჭერა, ერაყში თითქმის 3 წელი მიმდინარე ოპერაციამ და მსხვერპლმა კი არ შეარყია, არამედ სულ სხვა მოვლენამ, რომელსაც ერაყთან არავითარი კავშირი არა აქვს: ეს იყო გრიგალი “კატრინა”.

შეგახსენებთ, რომ “კატრინა”, დაახლოებით, ნახევარი წლის წინ დაატყდა შეერთებული შტატების სამხრეთს, მექსიკის ყურის სნაპიროს და განსაკუთრებით ქალაქი ახალი ორლეანი დააზარალა. ამერიკელები ისე აღაშფოთა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის რეაქციამ “კატრინაზე” (მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაცის რეაქცია დაგვიანებული და არაადეკვატური იყო, არ შეესაბამებოდა მოსახლეობის საჭიროებებს), რომ კრიტიკული გახდა, ზოგადად, ჯორჯ ბუშის პოლიტიკისადმი დამოკიდებულება. ყოველ შემთხვევაში, ამ მოსაზრებას გამოთქვამს ვაშინგტონში განთავსებულ კვლევით ცენტრ “დემოკრატიის ინსტიტუტის” დამაარსებელი და დირექტორი, პატრიკ ბეშემი. [პატრიკ ბეშემის ხმა] “კატრინამ საძირკველი გამოაცალა ბუშის თეთრ სახლს. პრეზიდენტს ავტომატურად აღარ ენდობიან - აღარ სჯერათ, რომ ის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, როცა საჭიროა, სწორ ზომებსაც მიმართავს. ამან კი პრეზიდენტი არა მარტო საშინაო პოლიტიკაში დაასუსტა, არამედ შარავანდედი შემოაცალა მის პოლიტიკას ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში”.

აი, ამ ვითარებაში ცდილობს აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკელების მხარდაჭერის ისევ მოპოვებას ერაყში, სადაც ომს სულ მალე, 20 მარტს, 3 წელი უსრულდება და, ჯერ-ჯერობით, დასასრული არ უჩანს.
XS
SM
MD
LG