Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო - მუდმივი პრობლემა საქართველოში


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აწ უკვე ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა სკანდალურმა პროცესმა მკვეთრად გაუსვა ხაზი

უკმაყოფილებას, რომელიც საზოგადოებაში დიდი უფლებების მქონე და უკონტროლო პოლიციის მიმართ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგროვილი პრობლემების გამო უკმაყოფილება საქართველოსთვის უცხო არ არის. ამ ქვეყანაში საზოგადოება არ მორიდებია დაპირისპირებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო სტაბილურობის გარანტად წარმოჩენას მაშინ, როცა უკიდეგანოდ კორუფციულ უწყებას ”რკინის კაცად” მონათლული კახა თარგამაძე ხელმძღვანელობდა. ამავე მიმართულებით საზოგადოების გააქტიურების ნიშნები იგრძნობა დღესაც, როცა ვანო მერაბიშვილის დაქვემდებარებაში მყოფ თითქოსდა რეფორმირებულ შინაგან საქმეთა სისტემას სახელმწიფოს ბურჯად უკვე ”ვარდების რევოლუციის” გმირები წარმოაჩენენ - ადამიანები, რომლებსაც ახალი საქართველოს შენების პრეტენზია აქვთ.


სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული ეჭვების გამო, ხელისუფლებაზე და, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრზე წარმოებულმა საზოგადოებრივმა ზეწოლამ ჯერჯერობით ერთადერთი შედეგი გამოიღო: სამინისტროს მაღალჩინოსნების - ახალაიას, სანოძის, მელნიკოვისა და დონაძის - თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა თუ შეჩერება. ასეთი შედეგი არ არის საკმარისი საზოგადოებაში აგორებული საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად. ”სიცოცხლის სიგნალი” - ასეთი სახელწოდების აქციის გამართვას გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია თბილისში ხუთშაბათს და მოუწოდებს ყველა მძღოლს, საღამოს 6 საათზე მისცეს ავტო ”სიცოცხლის სიგნალი” შინაგან საქმეთა სამინისტროს სიკვდილის ბრიგადების წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მოთხოვნები ასეთია: შეწყდეს თანამდებობის პირების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების ყველა მცდელობა, ახლიდან დაიკითხოს ყველა ის პირი, რომლებიც იმყოფებოდნენ 27 იანვარს ”შარდენ ბარში” და რომელთაც შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეთ გირგვლიანის მკვლელობასთან, დაიწყოს მკვლელობის დამკვეთთა გამოვლენა-დასჯა და დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.

გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახდა ერთგვარი ბოლო წვეთი იმ სერიოზული უკმაყოფილების გამოსავლენად, რომელიც საზოგადოებაში დიდი უფლებების მქონე და უპასუხისმგებლო პოლიციური სისტემის გამო არსებობს. რატომ ვერ დაიძლია საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა და რა განსხვავებაა, ამ მხივ არსებულ, ძველ და ახალ პრობლემებს შორის? აზრის გაზიარება ”რესპუბლიკური პარტიის” წევრს თინათინ ხიდაშელს ვთხოვე:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”დღეს პრობლემა, რომელიც უნდა სამინისტრომ შეგვიქმნას და ადეკვატური განაცხადი დაგვიტოვოს, მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ თითოეულ ჩვენგანს ეხება ეს. თარგამაძის დროს დანაშაულები იყო, ასე ვთქვათ, ელიტარული. როცა იტაცებდნენ ადამიანებს, ჩვენ არ გვექმნებოდა განცდა იმის, რომ ჩვენც მოგვიტაცებდნენ, რადგან არ გვქონდა მილიონები. მერაბიშვილის დროს ჩვენ გაგვიჩნდა განცდა, რომ თითოეულ ჩვეგანს ემუქრება საფრთხე იმ ფორმიანი კრიმინალების მხრიდან, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში არიან. ” (სტილი დაცულია)

”რკინის კაცად” მონათლული მინისტრის დროს პრობლემას ქმნიდა არამარტო ადამიანების მოტაცება. შეგახსენებთ ცნობილ მოვლენებს: გალის ტრაგედიას, შემდეგ - სერიოზულ საშიშროებას, რაც აფხაზეთისკენ ჩეჩენი მებრძოლების გატარებას მოჰყვა. ცნობილია, რომ ორივე საქმეში მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ხელი ერია. იყო უკიდეგანოდ კორუფციული სისტემა და საკმაო ფაქტები წინასწარი გამოძიების იზოლატორში დაკავებულთა წამებისა და წამებით მოკვლის. დღეს საქმე გვაქვს განსხვავებულ სისტემასთან. მას ძველი მასშტაბებით კორუფციულს ვეღარ ვუწოდებთ. თანაც, არსებობს საპატრულო პოლიცია, რომლის მიმართ საზოგადოების განწყობილება აშკარად განსხვავდება შევარდნაძის დროს ქუჩებში მოძრავი ტყავისქურთუკიანი, ეგრეთ წოდებული, ”ოპერებისადმი” განწყობილებისგან. თუმცა, როგორც თინა ხიდაშელი აღნიშნავს, დღეს არსებობს არა შიდა საქმეების მოგვარებაზე ორიენტირებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ პოლიციის სამინისტრო:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”უშიშროების დამატებიდან მოყოლებული, იმდენი ფუნქცია დაემტა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მივიღეთ იმაზე უფრო ძლიერი უწყება, ვიდრე ეს იყო თარგამაძის დროს; უფრო სუსტი პასუხისმგბელობის უწყება, ვიდრე ეს ადრე იყო, თარგამაძის დროს, და უფრო სუსტი მინისტრი. ვგულისხმობ ინსტიტუციის მართვის შესაძლებლობას. ” (სტილი დაცულია)

[კახა თარგამაძის ხმა] ”დღეს ჩვენ უზარმაზარი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ პირადი შემადგენლობა დაგვემაგრებინა ადგილზე და პირადი შემადგენლობა არ გამოსულიყო ქუჩაში. ეს იქნებოდა კატასტროფის ტოლფასი.”(სტილი დაცულია)

ეს იყო კარგა ხნის წინ. კახა თარგამაძე ლაპარაკობდა იმ შესაძლო კატასტროფაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო პირადი შემადგენლობის გამოსვლას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. დღევანდელი მინისტრი ძველივით არ ლაპარაკობს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომდინარე საფრთხეები ისევ არსებობს - მით უფრო მაშინ, როცა პოლიტიკოსები (ვგულისხმობ უმრავლესობის ლიდერებს) ამ უწყებას სახელმწიფო სტაბილურობის ბურჯად მიიჩნევენ და არ აპროტესტებენ დამნაშავეობასთან ბრძოლას ეჭმიტანილთა ”ადგილზე ლიკვიდაციის” იოლად დაშვებით. ასეთი ფაქტები კი საკმაოდ ბევრია და ბუნდოვანია, არსებობდა თუ არა ყოველთვის იარაღის გამოყენების კანონით დაშვებული აუცილებლობა.
XS
SM
MD
LG