Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ”ბრიტიშ პეტროლიუმის” 10 წლიანი საქმიანობის შედეგები


14 მარტს ”ბრიტიშ პეტროლიუმმა” სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა საქართველოში 10 წლის მანძილზე საქმიანობის შედეგების შეჯამებას. საქართველოში ”ბი-პი”-ს

ინვესტიციების მეშვეობთ აშენდა სუფსის ნავთობტერმინალი და ბაქო სუფსის ნავთობსადენი. დასრულებულია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა და უახლოეს წლებში ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიც ამოქმედდება.
როგორ აფასებენ საქართველოში ამ პროექტების სარგებლიანობას?

ამ დღეებში სოფელ დგვარში, ბორჯომის რაიონში, 2 საცხოვრებელი სახლი დაინგრა და 2 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ამ სოფლიდან 900 მეტრი აშორებს, საამშენებლო სამუშაოებმა დგვარის მოსახლეობას მაინც აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა. მათ დასახმარებლად მილსადენის მფლობელმა კომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმმა” 1 მილიონი დოლარი გამოყო, თუმცა თანხა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გამო, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელს ქეთი კვინიკაძეს, რომელიც მილსადენთან დაკავშირებული 2 პროექტის ექსპერტია, უჭირს “ბრიტიშ პეტროლიუმის” საქმიანობის ეფექტზე საუბარი.

[ქეთი კვინიკაძის ხმა] ” ეფექტურობას ვერ...”

არადა, “ბრიტიშ პეტროლიუმმა”, საქართველოში 3 მილსადენის მშენებლობისას მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხის გარდა, - საერთო მოცულობით, 21 მილიონი დოლარი, - სოციალური ინვესტიციების პროგრამაც წამოიწყო. ამ დროისთვის, ასეთი ინვესტიციების სახით, 8 მილიონი დოლარია დახარჯული. მილსადენის ირგვლივ განლაგებული დასახლებული პუნქტების გასავითარებლად კი ”ბი-პიმ” 40 მილიონი დოლარი გამოყო.

მილსადენის მშენებლობით სარგებელი ნახა 3000-მდე მიწის მესაკუთრემ, რომლებმაც, კომპენსაციის სახით, 21 მილიონი დოლარი მიიღეს. არის სხვა, უფრო წვრილი თუ მსხვილი, შედეგებიც.

[ვრიფ დიგინსის ხმა] ” 2004 წელს ”ბი-პის” ინვესტიცია წარმოადგენდა მთლიანი ინვესტიციის ორ მესამედს, ხოლო 2005 წელს - მთლიანი ინვესტიციის 60 პროცენტს. მომავალში დახარჯული იქნება 35 მილიონი დოლარი ყოველწლიურად მილსადენის ექსპლოატაციისთვის და დასაქმდება დაახლოებით 450 კაცი. მთლიანად საქართველოს ბიუჯეტში შევა 75 მილიონი დოლარი ყოველწლიურად.”

ეს არის ვრიფ დიგინსი, ”ბი-პის” გენერალური მენეჯერი საქართველოში. მან ისაუბრა სხვა უამრავ სარგებელზეც, რასაც საქართველოზე გამავალი მილსადენები საქართველოსთან ერთად მსოფლიოსაც ენერგოუსაფრთხოებას მოუტანს. მათ შორის ერთ-ერთია ყოველწლიურად დაახლოებით 800 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რაც საქართველოს მოთხოვნილების 60 პროცენტს წარმოადგენს.

ეს ყველაფერი უმნიშვნელოდ მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელს მანანა ქორჩლაძეს, იმ საფრთხესთან შედარებით, რასაც საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული დერეფანი ქმნის.

[მანანა ქორჩლაძის ხმა] ”თავისთავად ის ფაქტი, რომ მილსადენი გადის ეროვნულ პარკში...”

საპირისპიროს ამტკიცებს “ბრიტიშ პეტროლიუმი”, რომელმაც ბორჯომის ეროვნული პარკის უსაფრთხოების მიზნით მილსადენი მიწაში დაგეგმილზე ორჯერ უფრო ღრმად ჩაფლო. არის სხვა უამრავი საკამათო საკითხი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მათი რაოდენობა მინიმუმადე იქნებოდა შემცირებული, საქართველოს ხელისუფლებას “ბრიტიშ პეტროლიუმთან” ურთიერთობისას მეტი პრინციპულობა რომ გამოეჩინა.
XS
SM
MD
LG