Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუდონჰესის მშენებლობა - ხსნა თუ გზა ეკოლოგიური კატასტროფისაკენ?


საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები ჯერ კიდევ შარშან შეიმუშავა. საკმაოდ ვრცელ ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია

ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების დასაბუთებას. პროგრამის თანახმად, უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება რამდენიმე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, თუმცა პრიორიტეტულად მიჩნეულია ხუდონჰესის მშენებლობის განახლება. წინასწარი მონაცემებით, 700 მეგავატი სიმძლავრის სადგურის მშენებლობა 4-5 წელიწადს გასტანს და მის დასასრულებლად პოტენციური ინვესტორები 500 მლიონ დოლარს დახარჯავენ. მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო 5 მილიონი დოლარი, რომელიც ელექტროსადგურისა და სატრანსპორტო კორიდორის პროექტების შემუშავებაზე დაიხარჯება, თუმცა ამ ეტაპზე ღიად რჩება ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ზემო სვანეთის მოსახლეობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აშფოთებთ.

ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 26 ათასი მდინარეა აღრიცხული, რომელთა საერთო სიგრძე დაახლოებით 60 ათასი კილომეტრია, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს მდინარეთა ტექნიკური პოტენციალის მხოლოდ 12%-ია ათვისებული. ვითარების შესაცვლელად, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე არჩილ მამაცელაშვილი ამბობს, მთავრობა ახალი ენერგოობიექტების აშენებას აპირებს. მარტო ხუდენჰესმა ყოველწლიურად დამატებით 2 მილიარდამდე კილოვატი ენერგია უნდა გამოიმუშაოს:

[არჩილ მამაცელაშვილის ხმა] „თუ დაემატა საქართველოს ენერგოსისტემას 700 მეგავატი, იმაზე მეტი გვექნება, ვიდრე გვჭირდება. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ელექტროენერგიის გაყიდვაზე თურქეთსა და სხვა ქვეყნებში. ერთი სიტყვით, საკმაოდ რეალისტურია, ხუდონის პროექტის დასრულების შემდეგ საქართველომ დენის ექსპორტი მოახდინოს.“

მშენებლობის განახლების იდეას საქართველოს ენერგეტიკოსთა ასოციაციაც იწონებს. მირონ ფირცხელანი, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ხუდონჰესის ასაშენებლად შედარებით მცირე ხარჯია გასაღები:

[მირონ ფირცხელანის ხმა] „მსოფლიოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ხუდონჰესის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე იაფი მშენებლობა იქნება, რამეთუ საბჭოთა კავშირის დროს აშენდა ამ სადგურის თითქმის 45 პროცენტი.“

და მართლაც, საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგონაგებობათა სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლის გიორგი ჭუმბურიძის თქმით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს დიდი ნაწილი ჯერ კიდევ 17-20 წლის წინ საბჭოთა მშენებლებმა და ენერგეტიკოსებმა შეასრულეს, თუმცა ლენინგრადში დამზადებული მძლავრი ტურბინების დამონტაჟებას ხელი საბჭოთა კავშირის დაშლამ და ეროვნული მოძრაობის მაშინდელი ლიდერების პოზიციამ შეუშალა.

[გიორგი ჭუმბურიძის ხმა] „იცით რა, მე მარტო მიწისქვეშა ნაგებობებზე შემიძლია გითხრათ, კაშხალზე - არა, თუმცა 200 მეტრი სიმაღლის კაშხალია აშენებული. მიწისქვეშა სადგური მთლიანად დასრულებულია, ათი მეტრი აქვს სიმაღლე, მაგრამ სულ წყლით არის დაფარული, საშინელ დღეშია.“

თუმცა საშინელ დღეშია როგორც საინჟინრო ნაგებობა, ასევე გარემო, ამბობს პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი, რომელმაც ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ მშენებლობის დასრულებით ეკოლოგიური ზიანი მკვეთრად შემცირდება:

[ნოდარ ელიზბარაშვილის ხმა] „თავის დროზე, 1990 წელს, ჩავატარეთ ექსპერტიზა და დასკვნა იყო ასეთი: ეკოლოგიურად სადგურის დამთავრება უფრო უპრიანი იყო, ვიდრე გაჩერება. და კიდევ: ეს კაშხალი გაუკეთებს რეგულირებას ენგურს და შეუქმნის ბაზას იმისათვის, რომ ენგურჰესმა იმუშაოს მთელი წლის განმავლობაში და სეზონური არ იყოს.“

და მართლაც, მთავრობამ უკვე დაასრულა ძირითადი მოსამზადებელი სამუშაო: გაიყვანა სადგურამდე მისასვლელი გზები, ააშენა გამყოფი გვირაბი და რეზერვუარის დასაცლელი კაშხალი, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, არ გაუკეთებია ყველაზე მნიშვნელოვანი - გარემოზე ზემოქმედების ექსპერტიზა:

[მანანა ქოჩლაძის ხმა] „ჯერ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა აშენდეს ესა თუ ის ობიექტი და მხოლოდ ამის შემდეგ ადგილზე მიბმულად აკეთებენ გარემოზე ზემოქმედების ექსპერტიზას, ხოლო სტრატეგიული თვალსაზრისით გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოგვცემდა საშუალებას შეგვერჩია საუკეთესო ადგილი, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებდა მოსახლეობასა და გარემოს. გამოდის, რომ უკვე ვიცით, სად უნდა აშენდეს სადგური და ახლა ვარჩევთ იმას, თუ როგორი სადგური უნდა აშენდეს და არა იმას, თუ სად უნდა აშენდეს.”

კითხვაზე, სად და როგორი სადგური უნდა აშენდეს, ენერგეტიკის სამინისტროს მესვეურებს, მართლაც, აქვთ პასუხი. მეტიც, ასევე ცნობილია, რომ, ხუდონჰესთან ერთად, მდინარე ენგურის აყოლებით ასევევე აშენდება ტობარისა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა ჯამური სიმძლავრე 700 მეგავატი იქნება. გარემოსდამცველები შიშობენ, რომ სერიოზული გამოკვლევის გარეშე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა გააძლიერებს ზემო სვანეთის ტყეების, ბუნებრივი ჰაბიტატისა და მდინარის ბინადარ სახეობათა დაკარგვის პროცესს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG