Accessibility links

logo-print

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში


14 მარტს თბილისში ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯდეთ სეზერი, მეუღლესთან ერთად. ექსპერტების შეფასებით, თურქეთის პრეზიდენტის

ოფიციალური ვიზიტი საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენაა. მით უმეტეს, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ხოლო საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფის. როგორია მეზობელი ქვეყნების ბოლოდროინდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა და რას მოელის საქართველო თურქეთისგან?

(ისმის თურქეთის რესპუბლიკის ჰიმნი)
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აჰმედ ნეჯდეთ სეზერის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 14 მარტს, შუადღისას, დაეშვა. მეზობელი ქვეყნის პირველი პირის 2-დღიან ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. თურქ კოლეგას მადლიერების გრძნობით აღვსილი მასპინძლობს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”იმ დღეებში, როდესაც ერთ-ერთმა ჩვენმა მეზობელმა დაიწყო საქართველოდან ჩასული ადამიანების დეპორტაცია და შეწყვიტა ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაეებზე, იმ დღეს (ეს შემთხვევითი დამთხვევა იყო, მაგრამ - ძალიან სიმბოლური და ძალიან ისტორიული) თურქეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.” (სტილი დაცულია)

რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, თურქეთის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს ასევე უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი:

(ირაკლი მენაღარიშვილის ხმა) ”იმ ფონზე, როდესაც საქართველოს რუსეთთან შეექმნა სერიოზული სირთულეები, მოქალაქეთა გადაადგილების თვალსაზრისით, როდესაც, სავიზო რეჟიმის პირობებშიც კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა პრაქტიკულად შეწყვეტილი იქნა, ამ მომენტში გადადგა თურქეთმა ეს ნაბიჯი და ამან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა შესაძლებლობას - კომპენსაცია გაუკეთოს არამეგობრულ დამოკიდებულებას.” (სტილი დაცულია)

სავიზო რეჟიმი 10 თებერვალს გაუქმდა და საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ამ სახელმწიფოების ტერიტორიებზე უვიზოდ ყოფნის ნება დაერთოთ. ეკონომიკური ექსპერტი ნიკო ორველაშვილი მოსალოდნელი სასიკეთო შედეგების ჯაჭვზე საუბრობს:
(ნიკო ორველაშვილის ხმა) ”გადაადგილების თავისუფლება, პირველ რიგში; მეტი კონტაქტები; მეტი ინფორმაცია - სადაც არის მეტი ინფორმაცია, მეტი შეხების წერტილი, იქ ჩნდება უკვე მეტი ურთიერთგაგება; ისახება ინტერესები, მერე უკვე - ინტერესთა თანაკვეთა და, შესაძლებელია, იქ უკვე საქმიანი წინადადებების ქცევა პროექტებად და მერე - პროექტების განხორციელება.” (სტილი დაცულია)

საქართველოსთან მიმართებით თურქეთი რუსეთს ეკონომიკურ სიბრტყეზეც ეჯიბრება. ნიკო ორველაშვილი ყურადღებას, ასე ვთქვათ, გარდამავალ პირველობაზე ამახვილებს:
(ნიკო ორველაშვილის ხმა) ”დამოუკიდებლობის 15 წლის მანძილზე თურქეთმა მოახერხა და რუსეთს სერიოზულად ეცილება ლიდერობას საქართველოსთან ეკონომიკურ პარტნიორობაში. სავაჭრო ბალანსს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ თურქეთი და რუსეთი პირველობას ერთმანეთს უცვლიან, წლების მიხედვით.” (სტილი დაცულია)

როდესაც თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ, ექსპერტები საგანგებოდ აღნიშნავენ იმას, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და რომ მას ალიანსისკენ მიმავალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია. ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ საქართველოს თურქეთის მხარდაჭერა არც ახლო წარსულში მოჰკლებია:

(ირაკლი მენაღარიშვილის ხმა) ”ჩვენი სამხედრო სამსახურის აგების, კადრების მომზადების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლებისა და შექმნის, ჩვენი სასწავლო-სამხედრო განათლების სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. თურქეთი, რომელიც დაინტერესებულია თავის ჩრდილოეთ საზღვრებთან სტაბილური რეგიონისა და სტაბილური მდგომარეობის შექმნითა და შენარჩუნებით, ვფიქრობ, დაინტერესებული უნდა იყოს იმაშიც, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდეს.” (სტილი დაცულია)

თურქეთს ასეთი სურვილი, მართლაც, ამოძრავებს და ეს სამშაბათს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აჰმედ ნეჯდეთ სეზერმაც დაადასტურა. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე:

(აჰმედ ნეჯდეთ სეზერის ხმა) ”საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ. ვისურვებდი, რომ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უმოკლეს დროში მოგვარდეს.”

აქვე ვიტყვი, რომ სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

აჰმედ ნეჯდეთ სეზერი 14 მარტს საქართველო-თურქეთის კეთილ მეზობლობაზე, მტკიცე მეგობრობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობდა. მათ შორის არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხები. მაგალითად, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ბათუმის აეროპორტის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, თურქეთს თავისი ავიარეისებისთვის ბათუმის აეროპორტის შიდა აეროპორტად გამოყენების საშუალება მიეცემა. საქართველოსა და თურქეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქართული პროდუქციის გარკვეული სახეობები თურქეთის ბაზარზე თავისუფლად მოხვდება.

ვიზიტის პირველ დღეს, 14 მარტს, თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. 15 მარტს კი დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან.
XS
SM
MD
LG