Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ახალი ტალღა აგორდა


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ იერიქონში პალესტინელების ციხეზე ისრაელის გუშინდელმა იერიშმა უკიდურესად დაძაბა ვითარება რეგიონში,

რომელიც მშვიდობიანი არც აქამდე ყოფილა.

ციხის გარშემო შეტაკებამ საათები გასტანა: ისრაელის ჯარმა ტანკებით, ბულდოზერებით, შვეულფრენებით განახორციელა ოპერაცია ამ ციხეში მყოფი პალსეტინელი ექსტრემისტის, აჰმედ საადატის შესაპყრობად: მას ადანაშაულებს 2001 წელს ისრაელის ტურიზმის მინისტრ, რეჰავამ ზეევის მკვლელობაში.

საადატი მართლაც შეიპყრეს, ხოლო ოპერაციის დროს ორი პალესტინელი დაიღუპა. ყოველივე ამას კი პალესტინელების ტერიტორიებზე მოჰყვა ხმაურიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელთაგან ზოგი - დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული, მათ შორის “ბრიტანეთის საბჭოს” წინააღმდეგ. მიზეზი მარტივია: იერიქონში, პალესტინელების ციხეში, ჩვეულებრივ, ბრიტანელი და ამერიკელი მეთვალყურეები არიან ხოლმე, მაგრამ გუშინ ისინი ციხიდან წავიდნენ, თან სულ რამდენიმე წუთით ადრე ისრაელის ჯარის იერიშის დაწყებამდე. ამან კი პალესტინელებში აღძრა ეჭვი, რომ ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყეს ისრაელის იერიშს პალესტინელების ციხეზე. გაეროში პალესტინელების მუდმივ წარმომადგენელ, რიად მანსურს მოვუსმინოთ:

[მანსურის ხმა] “აგრესია იერიქონში და ციხეში შეჭრა შესაძლებელი არ იქნებოდა, იერიქონს ალ-მუკატას ციხიდან ბრიტანელი და ამერიკელი მეთვალყურეები რომ არ გაეყვანათ. და ეს მოხდა უეცრად, პალესტინელების ხელისუფლებასთან სათანადო კოორდინაციის გარეშე”.

ვაშინგტოში უარყოფენ ბრალდებას, თითქოს ხელი შეუწყეს ისრაელის ოპერაციას - ბრიტანელი და ამერიკელი მეთვალყურეების გაყვანის მიზეზად კი უსაფრთხოების მოსაზრებებს ასახელებენ. ასეა თუ ისე, იერიშისას ისრაელმა ციხე, მისი უდიდესი ნაწილი, მიწასთან გაასწორა და შეიპყრო სულ 6 პალესტინელი, მათ შორის ყველაზე ცნობილი - აჰმედ საადატი - უკვე ვახსენეთ. რატომ მიიჩნია საჭიროდ ისრაელმა პატიმრობაში მყოფი პალესტინელების შეპყრობა, ამას განმარტავს ისრაელის მთავრობის პრეს-მდივანი რაანან გისინი. [გისინის ხმა] “როცა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების მთავრობებმა განაცხადეს, რომ აპირებენ თავიანთი მეთვალყურეების გაყვანას ციხიდან, რადგან პალესტინელები ვერ უზრუნველყოფენ მათს უსაფრთხოებას, და რომ პალესტინელების ახალი მთავრობა აპირებს აჰმედ საადათისა და მისი თანაშემწეების გათავისუფლებას - ამან რასაკვირველია, არჩევანი აღარ დაგვიტოვა. უნდა გვეზრუნა იმაზე, რომ თუ მათს გაშვებას აპირებდნენ, ისინი ისრაელში გადაგვეცა მართლმსაჯულებისათვის”.

იერიქონში არეულობის გამო პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ევროპაში მნიშვნელოვანი ტურნეს შეწყვეტა მოუწია. ის შინ დაბრუნდა, სადაც დღესაც გრძელდება ისრაელის ოპერაციით განრისხებული პალესტინელების საპროტესტო გამოსვლები, დახურული რჩება ბევრი სკოლა და მაღაზია, საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი უშიშროების ძალები და განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ უცხოური უწყებების დასაცავად.

თუმცა, დღეს პოზიტიური ცნობებიც გავრცელდა: ღაზის სექტორიდან როგორც იუწყებიან, გათავისუფლებულია ყველა უცხოელი, რომლებიც გუშინ, არეულობის დროს მძევლად იქნენ აყვანილი.
XS
SM
MD
LG