Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლობოდან მილოშევიჩი ბელგრადში გადაასვენეს


თითქმის ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სლობოდან მილოშევიჩი ბელგრადიდან ჰააგაში წაიყვანეს, სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე

მისი გაეროს სამხედრო ტრიბუნალისთვის გადასაცემად. ყოფილ დიქტატორს სიცოცხლეში ვეღარ ეღირსა სამშობლოში დაბრუნება: დღეს ჰააგიდან ბელგრადში მისი ცხედარი გადაასვენეს. ეს ამოცანა, მილოშევიჩის ოჯახის წევრებიდან, მისმა ვაჟიშვილმა მარკომ იტვირთა.

ეს ტრაგიკული ფინალი არავისთვის იყო სასურველი: არც მილოშევიჩის მსხვერპლისთვის, რომელსაც “ბალკანეთის ყასბად” წოდებული ყოფილი დიქტატორისთვის სასამართლოს მკაცრი განაჩენის იმედი ჰქონდა, და არც მილოშევიჩის მომხრეებისთვის, რომელთაც ჰააგაში მისი გამართლება და სერბიაში ტრიუმფით დაბრუნება სურდათ.

ეს ტრაგიკული ფინალი სასურველად არ მიაჩნია არც შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს, რომელმაც გუშინ ნიუ-იორკში აღნიშნა: [ბილ კლინტონის ხმა] “ვფიქრობ, ეს კარგი არ არის ბალკანეთისთვის, რადგან მილოშევიჩი გარდაიცვალა სასამართლო პროცესის დამთარებამდე და მისი ბრალეულობის დამტკიცებამდე. ეს არ არის კარგი იმიტომაც, რომ მილოშევიჩი გარდაიცვალა მანამდე, ვიდრე მომხდარს თვალს გაუსწორებდა და აღიარებდა”.

ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, რომელიც მილოშევიჩის თანაპარტიელებმა - სერბიის სოციალისტური პარტიის წევრებმა გაავრცელეს, ყოფილ პრეზიდენტს შაბათს, 18 მარტს დაკრძალავენ პოჟარევაცში (ბელგრადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 80 კმ-ში მდებარე ქალაქში, რომელშიც მილოშევიჩი დაიბადა). მანამდე კი მილოშევიჩის ცხედარს ბელგრადში, პარტიის შტაბ-ბინაში დაასვენებენ. ამასთან, სერბიის პრეზიდენტმა, ბორის ტადიჩმა კატეგორიულად გამორიცხა სახელმწიფოს მიერ მილოშევიჩის დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიის მოწყობა: ოჯახს ეძლევა საშუალება, სერბიაში, კერძო ცერემონიის ფარგლებში დაკრძალოს მიცვალებული.

ჯერ არ არის ცნობილი, დაესწრება თუ არა დაკრძალვას მილოშევიჩის ქვრივი - მირა მარკოვიჩი, რომელიც, მართალია, მუდამ ითვლებოდა ქმრის უახლოეს მრჩევლად და მეგობრად, მაგრამ სერბიაში ჩასვლას ვერ ახერხებს დაპატიმრების საფრთხის გამო. 2003 წლიდან ის რუსეთშია ემიგრირებული. უნდა ითქვას, რომ ბელგრადის სასამართლომ გუშინ გააუქმა მილოშევიჩის ქვრივის დაპატიმრების ორდერი - მაგრამ მოითხოვა, რომ მან, დაკრძალვაზე სერბიაში დაბრუნების შემთხვევაში, პასპორტი პოლიციას ჩააბაროს და დაკრძალვის შემდეგ სასამართლოს წინაშეც წარდგეს.

და კიდევ ერთი გაურკვეველი საკითხი, რომელიც მილოშევიჩის გარდაცვალებას უკავშირდება: ეს არის გარდაცვალების მიზეზი. მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულის ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორმა ლეო ბოკერიამ, რომლის კლინიკაში მკურნალობასაც მილოშევიჩი მოითხოვდა, დღეს ჰააგაში განაცხადა, რომ ეთანხმება ჰოლანდიელი ექსპერტების დასკვნას მილოშევიჩის გულის შეტევით გარდაცვალების შესახებ. მაგრამ პროფესორმა ბოკერიამ, საინფორმაციო სააგენტო “რეიტერსთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ მილოშევიჩი - უკვეთ მკურნალობის შემთხვევაში - შესაძლოა ახლაც ცოცხალი ყოფილიყო. [ლეო ბოკერიას ხმა] “ჩვენ არასოდეს მოგვითხოვია მილოშევიჩის მოსკოვში ჩამოყვანა. მარტო იმას ვამბობდით, რომ მილოშევიჩის ექიმები არ აკეთებდნენ იმას, რაც საჭირო იყო. და პაციენტი კარგად რომ გაესინჯათ, ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა. ეს სავსებით ნათელია”.

რაც შეეხება ვარაუდს, რომ სლობოდან მილოშევიჩი სპეციალურად წამალს სვამდა იმისათვის, რომ გაენეიტრალებინა მისთვის საპატიმროში მიცემული წამლების მოქმედება, ვარაუდი, ჯერ-ჯერობით, ვარაუდად რჩება. ტოსიკოლოგიური შემოწმების შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG