Accessibility links

შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები განაგრძობენ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას


თბილისში გრძელდება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვიზიტები. თუ გასულ კვირას იქ შედგა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების

სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, მეთიუ ბრაიზასთან, 15 მარტს საქართველოს ხელისუფლების წევრებმა მიიღეს დენიელ ფრიდი, შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. შეხვედრებზე საუბარი რამდენიმე თემის გარშემო წარიმართა, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხებს დაეთმო. დენიელ ფრიდმა თეთრი სახლის სახელით გამოხატა ქართულ -ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერა. მინდა ამ ფაქტსა და თავად სამშვიდობო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულ უახლოეს ღონისძიებებზე გესაუბროთ.


დენიელ ფრიდი საქართველოს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ეს მაღალჩინოსანი 15 მარტს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა პირებს შეხვდა. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თბილისის შემდეგ შეხვედრები ერევანში უნდა აწარმოოს. თბილისში მასთან გამართულ შეხვედრებზე კი, როგორც უკვე ვთქვით, სხვადასხვა თემა განიხილებოდა, მათ შორის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების, დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმების თემები. ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააცნო:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ” ჩვენ დავსახეთ უახლოესი პერიოდის გეგმები, ამის შესახებ ვუამბეთ ბატონ ფრიდს და ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა ვაკეთოთ ერთობლივად. ”

შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადება ამერიკელმა სტუმარმაც გააკეთა -თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას; აღნიშნა ისიც, რომ სამშვიდობო გზას ალტერნატივა არა აქვს და ნებისმიერი სხვა გზა კატასტროფის მომტანი იქნება.

სამშვიდობო პროცესის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც. სამშვიდობო გეგმით უახლოესი პერიოდისთვის გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ოთხაშაბათს კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე გია ვოლსკი ესაუბრა:

[გია ვოლსკის ხმა] ”ჰააგაში ჩივილის თემა შემოტანილია იმისთვის, რომ ის პოზიტიური პროცესი შეფერხდეს, რომ ხელი შეეშალოს მთელ ამ პროცესებს და მოხდეს სამშვიდობო გეგმის დისკრედიტაცია. ”

საქართველოს მთავრობის წევრებს საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოში ოსების ჩივილის განზრახვა სხვა მხრივ არ აფიქრებთ. გია ვოლსკი ხაზგასმით შენიშნავს, რომ ოსთა მხარისთვის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამების შეთავაზება ( რაც მალე შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე მოხდება ) არაფრით არ უნდა იქნეს გაგებული ჩივილის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებზე რეაქციად და ახლად დაგეგმილ ღონისძიებად. ამ ღონისძიებას ითვალისწინებს სამშვიდობო გეგმა, ისევე როგორც რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებით ითვალისწინებს 1991-92 წლების ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებული ოსებისთვის საკუთრების აღდგენის გეგმას და კონფლიქტის პერიოდში ჩადენილ დანაშაულთა ერთობლივ გამოძიებას:

[გია ვოლსკის ხმა] ” მზად ვართ შევქმნათ ერთობლივი ჯგუფი, გამოვავლინოთ დამნაშავეები და მივცეთ პასუხისგებაში. ასე რომ, თუ იქნება კეთილი ნება ორივე მხრიდან, სამშვიდობო პროცესს გაგრძელება უწერია. ”

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე ვენეციაში მიემგზავრებიან ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სხდომაზე ”ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაზარალებულთა ბინადრობისა და საკუთრების რესტიტუციის შესახებ” კანონპროექტის წარსადგენად.
XS
SM
MD
LG