Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი და ცხინვალი სტრასბურგსა და ჰააგაში ჩივიან. - რა პერსპექტივა აქვს ცენტრსა და რეგიონში მომზადებულ საჩივრებს?


16 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები იმ სახელმწიფო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე იმსჯელებენ, რომლის წევრებმაც საქართველოს ტერიტორიაზე გასული

საუკუნის მიწურულს მომხდარი კონფლიქტების შედეგად მიყენებული ზარალი უნდა დაითვალონ. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიამ ასევე მოამზადა დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების წარდგენის მიზნით საადვოკატო ფირმების შესარჩევად საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადოს. პარალელურად ჰააგის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. სეპარატისტული რეგიონის ლიდერები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან 34 მილიარდი რუსული რუბლის გადახდას ითხოვენ. რა პერსპექტივა აქვს თბილისსა და ცხინვალში მომზადებულ საჩივრებს?

ჰააგისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გაკვალა. პაატა დავითაიამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა განაცხადით, რომელსაც თან ახლდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ეთნოწმენდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ამსახველი დოკუმენტები.

[პაატა დავითაიას ხმა] „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო წარმოებაში განაცხადი, გასცა დასკვნა, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. ამჟამად 800-მდე საქმეა პროკურატურაში. აფხაზეთის საქმეზე კი არსებობს დასკვნა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღსაძვრელია. ასე რომ, ვარ მოლოდინის რეჟიმში და დარწმუნებული ვარ, რომ საქმე აღიძვრება უახლოეს ხანში.“

„მოლოდინის რეჟიმში“ პაატა დავითაია 2004 წლის 8 ივლისიდან იმყოფება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში გულხელდაკრეფილი არც ქართველი დეპუტატები ყოფილან. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მთავარი ინსპირატორის - რუსეთის - წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ითხოვს. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მეზობელ ქვეყანას საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, ფაქტობრივად, ანექსირებული აქვს. შოთა მალაშხია ზარალის სავარაუდო ოდენობასაც ასახელებს:

[შოთა მალაშხიას ხმა] „საქართველოში ეს ზარალი დათვლილია 93-98 წლებში და არის 10,7 მილიარდი დოლარი. მომდევნო 7 წელსაც თუ დავამატებთ, გამოვა, რომ რეალურად ეს არის 17 მილიარდი დოლარი, რომელშიც არ შედის მორალური ზიანი, არ შედის საბინაო ფონდი და იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც უკანონოდ მოქმედებენ ამ ტერიტორიებზე. ვგულისხმობ იმავე ფიჭურ კომპანიებს, საბანკო სისტემასა და ასე შემდეგ.“

თუმცა, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას სარჩელის მომზადება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაასწროს. ცხინვალში არ მალავენ, რომ ჰააგაში ჩივილს აპირებენ, თუმცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასოციაციის წევრი პაატა დავითაია ამტკიცებს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის მესვეურებს სარჩელის სამართალწარმოებაში მიღების ფუჭი იმედი აქვთ:

[პაატა დავითაიას ხმა] „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მოქმედებს საკუთარ დებულებაზე დაყრდნობით, რომელსაც ჰქვია რომის სტატუტი, საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე და ადგილობრივი კანონმდებლობით, რომელიც არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ასეთი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი არის საქართველო. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სისხლის სამართლის კოდექსი არ არის აღიარებული. რაც შეეხება დანაშაულებს, რომელთაც იძიებს ამ სასამართლოს პროკურატურა, ისინი ჩადენილი უნდა იყოს 2002 წლის შემდეგ.“

სეპარატისტული რეჟიმი კი, როგორც ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარე ირინა გაგლოევა ამბობს, 14-15 წლის წინანდელი მოვლენების გამო ჩივის. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უპერსპექტივოს უწოდებს როგორც ცხინვალის, ასევე თბილისის ძალისხმევას:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „ვის წინააღმდეგ უნდა შეიტანოს ოსურმა მხარემ სარჩელი? საქართველოს წინააღმდეგ? მაშინ თვითონ ვინ არიან? სამხრეთი ოსეთი ხომ არაღიარებული სუბიექტია... ერთადერთი გამოსავალი აქვთ: როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისე შეიტანონ სარჩელი. ანუ უნდა აღიარონ საქართველოს იურისდიქცია. რაც შეეხება საქართველოს... ჩვენ ვის წინააღმდეგ შეგვაქვს სარჩელი, რუსეთის? კი მაგრამ რუსეთი ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია როგორც შუამავალი. მოსამართლეები იკითხავენ, როგორ შეგაქვთ შუამავლის წინააღმდეგ სარჩელიო. სარჩელის შეტანამდე, სულ ცოტა, მტრად მაინც აღიარე ან გამოიყვანე მოლაპარაკების ფორმატიდან. ასე რომ, აშკარად ჩანს, რომ ეს არის ძალიან იაფფასიანი, ზედაპირული შოუ ორივე მხრიდან.“

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ შოუს მონაწილეთა რიცხვის გაზრდას. კონფლიქტოლოგს მხედველობაში აქვს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც, როგორც წესი, უპირობო სოლიდარობას უცხადებს ცხინვალელ კოლეგებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG