Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველ მეთვალყურეებს არ დაუშვებს


ბელორუსიის ხელისუფლებამ საქართველოს დელეგაციას 19 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეთვალყურეობის ნება არ დართო. მინსკის პროკურატურის

მიერ 14 მარტს გავრცელებული ცნობის თანახმად, ქართველები, არჩევნებზე დასწრების შემთხვევაში, ბელორუსიის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. საგანგებო აქცენტი კეთდება მოძრაობა ”კმარაზე”, რომელიც ბელორუსიაში მოქმედი ანალოგიური მოძრაობის, ”ზუბრის”, მეგობრად და მხარდამჭერად ითვლება. აპირებენ თუ არა ”კმარას” წევრები 19 მარტს მინსკში ჩასვლას და რა გზებით ცდილობს საქართველო ბელორუსიაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას?

19 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბელორუსიის ხელისუფლებისთვის ქართველები, რომლებიც ვარდების რევოლუციასთან ასოცირდებიან, სასურველი სტუმრები არ არიან. 14 მარტს გავრცელდა კიდევ ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ბელორუსიის ხელისუფლება საქართველოდან წარგზავნილი მეთვალყურეების მიღებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ეუთოს, დსთ-სა და მეთვალყურეთა სხვა მისიებში საქართველოს მონაწილეობის დაბლოკვასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს დიდი შეშფოთება გამოხატა. უწყებას მიაჩნია, რომ ბელორუსიის მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება არ შეესაბამება გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საყოველთაოდ დეკლარირებულ დემოკრატიულ პრინციპებს და რომ ყოველივე ეს, რაც ახლა ხდება, გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის ფაქტობრივ იგნორირებას წარმოადგენს.

მსგავსი ტიპის განცხადებამ, რომელიც ბელორუსიის ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში გააკეთა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ემოციებს ვერ მალავდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი:

(კოტე გაბაშვილის ხმა) ”ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ პარლამენტი, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობა და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს ვერ მივცემთ გასალანძღად ვერავის, მით უმეტეს, ისეთ სრულებით პოლიტიკურ გაუგებრობას ევროპის რუკაზე, როგორიც ლუკაშენკო და მისი ხელისუფლებაა.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა ერთობლივი საპროტესტო განცხადებაც მოამზადა, სადაც დეპუტატები სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავენ ბელორუსიაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო. კონკრეტდება შეშფოთების 2 მიზეზი: პირველი - ეს ლუკაშენკოს დიქტატორული რეჟიმის ქმედებები და ადამიანის ძირითადი უფლებების მასობრივი დარღვევა გახლავთ; ხოლო მეორე მიზეზს ბელორუსიის ხელისუფლების ანტიქართული, ქსენოფობიური, პროვოკაციული შემოტევების ახალი ტალღა წარმოადგენს. თუმცა, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ამბობს, საქართველოს ანთებული ”წითელი შუქი” ვერ გააჩერებს:

(გივი თარგამაძის ხმა) ”შემიძლია მივცე პირობა ბელორუსიის ხელისუფლებას, რომ, მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა დამკვირვებლის სტატუსით ჩვენი დელეგაცია ამ არჩევნებს, ჩვენი დახმარება ბელორუსი ხალხის მიმართ გაგრძელდება როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეებში და, თუ საჭირო იქნება, ამის შემდგომაც.” (სტილი დაცულია)

გავრცელებული ცნობით, გივი თარგამაძე და საქართველოს პარლამენტის კიდევ რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის - გიგა ბოკერია, 19 მარტს მინსკში ჩასვლას მაინც აპირებს. განსხვავებული გეგმა აქვს მოძრაობა ”კმარასა” და მის ლიდერს თეა თუთბერიძეს:

(თეა თუთბერიძის ხმა) ”ალბათ, რასაც გავაკეთებთ, ეს არის, რომ ”ვუბალელშიკებთ” ჩვენს მეგობრებს. ჩასვლით, ალბათ, ახლა, რომც ჩავდიოდეთ, ამას ასე არ გეტყვით (იცინის), მაგრამ არ ვფიქრობთ... თუმცა ვფიქრობთ იმას, რომ, თუ რაიმე კონსულტაციები იქნება საჭირო, კიდევ დამატებით ამ კონსულტაციებს გავუწევთ.” (სტილი დაცულია)

სწორედ მსგავსი კონსულტაციებისა და ბელორუსი მეგობრების მხარდაჭერის ბრალია, რომ ”კმარა” ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ მოხვდა ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ შედგენილ შავ სიაში. თეა თუთბერიძეს ნამდვილად არ გაჰკვირვებია, რომ ბელორუსიის ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებში ”კმარა” საგანგებოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებოდა:

(თეა თუთბერიძის ხმა) ”ზოგადად ის, რომ სახელი ”კმარა” ძალიან აშინებს ლუკაშენკოს და მის რეჟიმს, ეს ჩვენ აქამდეც ვიცოდით, ვინაიდან ჩვენი წარმომადგენლები მინსკში დაკავებულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ”კმარას” აქტივისტები. შესაბამისად, ეს არის ბუნებრივი, ვინაიდან დიქტატორულ რეჟიმებს, ზოგადად, ეშინია ისეთი დემოკრატიული ნაბიჯების, როგორიც არის, დავუშვათ, ასეთი მოძრაობები ქვეყანაში.” (სტილი დაცულია)

2 ქართველის დაკავების ფაქტი, რომელიც თეა თუთბერიძემ ახსენა, გასული წლის აგვისტოში მოხდა. როგორც ლუკა წულაძე ამბობს, ის და გიორგი კანდელაკი ბელორუსმა სამართალდამცავებმა, მართლაც, უმიზეზოდ დააკავეს:

(ლუკა წულაძის ხმა) ”რეალურად, დაგვაკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიყავით ”კმარას” აქტივისტები და ვიყავით ქართველები. საერთოდ, ქართველებისა და, მით უმეტეს, აი, ასეთი დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლების, ამ შემთხვევაში - ”კმარასი” და იმ ადამიანების, ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ ვარდების რევოლუციაში საქართველოში, პანიკურად ეშინია ლუკაშენკოს რეჟიმს და, საერთოდ, ყველა დიქტატორულ რეჟიმს.” (სტილი დაცულია)

ლუკა წულაძემ და გიორგი კანდელაკმა, რომლებიც მინსკში ”კმარას” ანალოგიური მოძრაობის - ბელორუსიული ”ზუბრის” - დასახმარებლად იყვნენ ჩასულები, წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 კვირა გაატარეს.

მართალია, 19 მარტს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მინსკში ჩასვლას არც ლუკა წულაძე აპირებს, მაგრამ ამბობს, რომ ბელორუს მეგობრებთან მას ისედაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვს და რომ მეგობრების დახმარება არც მანძილზეა მაინცდამაინც ძნელი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG