Accessibility links

logo-print

სიცოცხლის სიგნალის აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ


გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმემ დღეს საზოგადოება სიცოცხლის აქციაში გააერთიანა. თბილისის დროით ზუსტად

18 საათზე დედაქალაქისა და საქართველოს დიდი ქალაქების ქუჩებში მოძრავი მანქანებიდან ერთდროულად გაისმა სიცოცხლის სიგნალი. სიგნალი ხელისუფლებას - განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს - ადამიანის მთავარი უფლების, სიცოცხლის უფლების, დაცვისაკენ მოუწოდებს.

[სიგნალის ხმა]

ძნელია იმის განსაზღვრა და გამოთვლა, რამდენი მანქანის საყვირი გაისმა და, შესაბამისად, რამდენი ადამიანის საპროტესტო გზავნილი მიიღო ხელისუფლებამ საზოგადოების სოლიდარობის სიმბოლური აქციით. ერთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას: აქციაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მონაწილე ამ ადამიანებს აქვთ პროტესტის განცდა სახელმწიფოს მართვის მაღალ ეშელონებში მომუშავე ადამიანების მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის მიმართ, მით უფრო, თუ ეს დანაშაული მკვლელობაა.

[ჩართვა]“ იმ კაცის პატივისცემაა, დაღუპულის პატივისცემა. მე იმ კაცს პატივს ვცემ, თორემ სამინისტროს ჩემი მტერი შეეჭიდა, კაცო.“

ასე ფიქრობს აქციაში მონაწილეთა ერთი ნაწილი. თუმცა მაშინ, როცა, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიკვდილის ბრიგადების წინააღმდეგ სიცოცხლის ავტოსიგნალი გაისმა, აქციის მონაწილეთაგან გაცილებით რადიკალური მოსაზრებების მოსმენაც შეიძლებოდა. კერძოდ:

[ჩართვა]“ სერიოზულად გეუბნებით. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთი ხალხი ჰყავს, ეგ რაღა შინაგან საქმეთა სამინისტროა. გარეთ აღარ არიან მაგნაირი გარეწრები.ჩემთვის წარმოუდგენელიც კია, ამას რომ ვლაპარაკობ. და თუ ეს ასეა, საყვირი კი არა, უნდა მივიდნენ და აიღონ იარაღი. საყვირი რას უშველით მაგათ.“

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში გამოძიებას 4 პირი ჰყავს დაკავებული. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდნენ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. ამ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოების ზეწოლის პირობებში, თანამდებობიდან გადადგნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია, ამავე სამსახურის თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე. უფრო ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურიდან გაათავისუფლა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე. ფორმალურად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნას თითქოს არაფერი უშლის ხელს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას აქვს ეჭვი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი საქმის ობიექტურად გამოძიების მომხრე არ არის. სწორედ ამიტომ გაიმართა სიცოცხლის აქცია, რომელიც ხვალისთვის დაგეგმილი ხალხმრავალი აქციების გარკვეულ პრელუდიად იქცა.

[ნინო ციხისთავის ხმა]“გამოცხადდა ასეთი გადაწყვეტილება, რომ მათ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ დროებით, სანამ დასრულდება გამოძიება. კოალიციაში და, ზოგადად, საზოგადოების იმ წევრებთან ერთად, რომლებიც ჩვენთან აქტიურად კავშირში არიან ამ საქმესთან დაკავშირებით, გავაკეთეთ ასეთი შეფასება, რომ ეს არის მცდელობა პასუხისმგებლობის არიდებისა მინისტრის მხრიდან და სამინისტროს მხრიდან, მთლიანად. რომ ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა იმისა, რომ გაიჭიმოს დრო, სხვა საკითხებზე გადავიდეს აქცენტი და კონკრეტული, ღია, გამჭვირვალე პასუხები არ გაეცეს საზოგადოებას, ვინ იყვნენ ამ მკვლელობის მარტო შემსრულებლები კი არა, დამკვეთები.“ (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის სახელით, კავკასიის ქალთა კოალიციის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი განმარტავს, რომ ხვალ 12 საათზე აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შავ ლენტს შემოავლებენ, 16 საათზე კი კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG