Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის ახალი პერსპექტივები


საქართველოში დასასრულს უახლოვდება ნავთობისა და გაზის მილსადენების მშენებლობა. იმის გასარკვევად, თუ რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ამ პროექტების

განვითარების და, საერთოდ, მსოფლიო ენერგეტიკულ ბიზნესში მონაწილეობის თვალსაზრისით, 16 მარტს თბილისში ”ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია” დაიწყო.

როგორი უნდა იყოს საქართველოს როლი შემდგომ ეტაპზე, როცა საქართველოზე გამავალი ნავთობისა და გაზის მილსადენების ექსპლუატაცია დაიწყება. ამ და სხვა საკითხებზე სამსჯელოდ თბილისში, სასტუმრო შერეტონ მეტეხი პალასში, შეიკრიბნენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების - სულ 15 ქვეყნის - წარმომადგენლები.

[ნიკა გილაურის ხმა] ”აქ ხდება ხოლმე, გარკვეულწილად, იმ იდეების გაცვლა, იმ პროექტების გაზიარება ერთმანეთთან, რაც არსებობს ამ რეგიონში ენერგეტიკული განვითარების და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ქვეყნის გეოგრაფიული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რომ მომავალში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება მაქსიმალურად გავზარდოთ.”(სტილი დაცულია)

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებლად მიიჩნევს მაგისტრალური გაზსადენის “გაზპრომისთვის” მიყიდვას. ეს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობები ქართულ მხარეს დააკმაყოფილებსო, განუცხადა სააგენტო “რეიტერს” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა. ნიკა გილაურის ასეთ პოზიციას 16 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მე არ ვიცი გილაური რას ამბობს, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც საპარლამენტო უმრავლესობა და არც საქართველოს პრეზიდენტი არ დაუშვებს მილსადენის გაყიდვას. ნებისმიერი მინისტრი, რომელიც ამ საკითხს სერიოზულად დააყენებს, გადაჰყვება ამ საკითხს.”(სტილი დაცულია)

თუ გაზსადენთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებაში ჯერაც ვერ შეძლეს ერთიან პოზიციაზე შეთანხმება, სამაგიეროდ, უკვე გადაწყვიტეს ნავთობის და გაზის საერთაშორისო კორპორაციების, ასევე სააქციო საზოგადოება “საქნავთობის” გაერთიანება. საქართველოს ხელისუფლების აზრით, ამ სამი უწყების შერწყმით უფრო ეფექტური გახდება საქართველოს შიდა ენერგეტიკული რესურსების ასათვისებლად დაწყებული მუშაობა. სწორედ ესაა საქართველოს მთავარი პრიორიტეტი ნავთობისა და გაზის მილსადენების პროექტების დასრულების შემდეგ.”საქნავთობის” ხელმძღვანელის ივანე ნაკაიძის კომენტარი:

[ივანე ნაკაიძის ხმა] ”წინა პლანზე წამოიწია უკვე ადგილობრივი საქართველოს ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვებითი სამუშაოების პერსპექტივებმა. შესაბამისად, ეს არის ის ახალი მხარე, ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში მაინც საქართველომ გააკეთოს განაცხადი, როგორც ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყანამ.”(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობკომპანია “ანადარკომ” და ბრიტანულმა ”ბრიტიშ პეტროლიუმმა” შავი ზღვის შელფის ნავთობის ასათვისებლად კონსორციუმი შექმნეს. საქართველოს ტერიტორიაზე კი ბუნებრივი აირის ძიებით ენერგეტიკული კომპანია “კანარგო” დაინტერესდა.”

ქართველ ენერგეტიკოსებს იმედი აქვთ, რომ 2010 წლისთვის მსოფლიოს ბაზარზე ქართული ნავთობის ექსპორტს დაიწყებენ, ხოლო ქართული ბუნებრივი აირით ქვეყნის შიდა მოთხოვნილების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკმაყოფილებას შეძლებენ. ეს კი, ექსპერტების შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაზრდის.
XS
SM
MD
LG